დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 15.06.2005
საქმის ნომერი
ას-305-650-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-305-650-05 15 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: გარიგების დადებულად ცნობა (სარჩელში); ფართიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ყ.-მა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამათრთლოში მოპასუხეების გ. ს.-ისა და ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, მესამე პირი _ სს “ჰ.-ი".

მოსარჩელემ მოითხოვა მასა და გ. ს.-ს შორის გარიგების დადებულად ცნობა და სადავო ფართის _ მდებარე, დაბა ...-ში, ... ბინა ¹3-ის მესაკუთრედ ცნობა.

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ს. კ.-მ მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მასსა და გ. ს.-ს შორის გარიგების დადებულად ცნობა და სადავო ფართზე _ მდებარე, დაბა ...-ში, …... ბინა ¹2-ზე მესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი წლების მანძილზე მუშაობდნენ სს “ჰ.-ში". ა. ყ.-ს წლების მანძილზე დაკავებული ჰქონდა კოტეჯის ¹3 ბინა, ხოლო კ.-ს _ ¹2 ბინა. 1998 წელს კოტეჯი სს “ჰ.-მ" გადასცა ქონების მართვის სამინისტროს პრივატიზაციის განსახორციელებლად. იმავე წლის ივნისში “ჰ.-ის" დირექტორმა ჩაატარა თათბირი ...-ის კოტეჯის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. საერთო კრებამ გადაწყვიტა, რომ სადავო კოტეჯის ¹1 ბინა მიკუთვნებოდა _ ...-ს, ¹2 ბინა _ ს. კ.-ეს, ¹3 ბინა _ ა. ყ.-ს.

გ. ს.-ი მათ აირჩიეს თავის წარმომადგენლად, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა კონკურსში. ა. ყ.-მა და ს. კ.-ემ გ. ს.-ს გადასცეს პირველადი გამოსასყიდი თანხის ნახევარი 196 ლარი. მათ შორის გარიგება დაიდო ზეპირად, რადგან ერთმანეთს ენდობოდნენ, მაგრამ ს.-მა ქონების გადაფორმებაზე უარი განუცხადა.

გ. ს.-მა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა, რომ ა. ყ.-მა გამოათავისუფლოს დაკავებული ფართი, ¹... კოტეჯის ¹3 ბინა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ყ.-ის, მესამე პირის _ ს. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა გ. ს.-ის შეგებებული სარჩელი, ა. ყ.-ს დაევალა ოჯახის წევრებთან ერთად გამოათავისუფლოს დაბა ...-ში, ¹3 ბინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ყ.-მა და ს. კ.-ემ.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ყ.-ის, მესამე პირის _ ს. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა გ. ს.-ის შეგებებული სარჩელი, ა. ყ.-ს დაევალა ოჯახის წევრებთან ერთად გამოათავისუფლოს დაბა ...-ში, … ¹3 ბინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაბა ...-ში, ... მდებარე ¹1 აგარაკი ირიცხება სს “ჰ.-ის" ბალანსზე. ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი სადავო სახლის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ს.-ი. ზემოაღნიშნულის თაობაზე, 1998წ. 15 ივლისს მიღებულ იქნა ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება ¹1-3/491. მხარეთა შორის 1998წ. 22 ივლისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ.-ი და ს. კ.-ე წლების მანძილზე მუშაობდნენ სს “ჰ.-ში". ა. ყ.-ი ფლობდა აგარაკის ¹3 ბინას, ხოლო ს. კ.-ე _ ¹2-ს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა, მაგრამ არ იყო დაცული კანონით დაწესებული ფორმა, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულო იყო სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა სადავო აგარაკში არსებული ბინებზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან აგარაკზე განხორციელებულია იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზაცია, რის საფუძველზე გ. ს.-ს წარმოეშვა საკუთრების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გ. ს.-ის შეგებებული სარჩელი კანონიერია, რადგან მას გადახდილი აქვს საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილი გამოსასყიდი თანხის მთლიანი ღირებულება, გ. ს.-ი მართლზომიერად ფლობს არსებულ ქონებას და, სკ-ის 575-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისაგან.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ყ.-მა და მოთხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად საოლქო სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მისი და ოჯახის წევრების მიერ დაკავებული კოტეჯის ფართი, საცხოვრებლად არ გამოდგებოდა და ამის გათვალისწინებით მან ჩაატარა სარემონტო სამუშაოები 3000 ლარის ოდენობით.

1998 წელს სს “ჰ.-ის" დირექტორმა ივნისში ჩაატარა თათბირი ...-ის კოტეჯის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. საერთო კრებამ გადაწყვიტა, რომ სადავო კოტეჯის ¹1 ბინა მიეკუთვნა _ ...-ს, ¹2 ბინა _ ს. კ.-ეს, ¹3 ბინა _ ა. ყ.-ს, ხოლო ¹4 ბინა _ გ. ს.-ს.

ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის რჩევით, მათ გადაწყვიტეს ჯერ ერთ პირზე განხორციელებულიყო კოტეჯის პრივატიზაცია და შემდეგ, თვითონ მოახდენდა მის მიერ პრივატიზებული ფართიდან შეთანხმებული ბინების ს. კ.-ის და ა. ყ.-ის სახელზე გადაფორმებას.

საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ს. კ.-ემ და ა. ყ.-მა გ. ს.-ს გადასცეს პირველადი შესატანი თანხის _ 392 ლარის ნახევარი _ 196 ლარი. ამავე ხელშეკრულებისა და მათი შეთანხმების თანახმად, ყოველ კვარტალში მათ უნდა გადაეხადათ გარკვეული თანხა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მათ შორის არ იყო დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობები. კასატორი განმარტავს სკ-ის 709-ე მუხლს და უთითებს, რომ რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო გ. ს.-ი პრივატიზაციაში მონაწილეობდა თავისი სახელითა და ხარჯზე. აქვე კასატორი უთითებს, რომ ხარჯი მათ მიერ იყო გაღებული, ხოლო პრივატიზებილი ქონების შეთანხმებული ფართი გ. ს.-ს უნდა გადმოეფორმებინა მათ სახელზე.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაბა ...-ში, ¹1 აგარაკი ირიცხება სს “ჰ.-ის" ბალანსზე. ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი სადავო სახლის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ს.-ი. ზემოაღნიშნულის თაობაზე, 1998წ. 15 ივლისს მიღებულ იქნა ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება ¹1-3/491. მხარეთა შორის 1998წ. 22 ივლისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება.

სააპელაციო საჩივარში ა. ყ.-ი უთითებდა, რომ გ. ს.-ი მათ აირჩიეს თავის წარმომადგენლად ქონების მართვის სამინისტროში და შემდეგ გამოსყიდული ქონება გ. ს.-ს უნდა გადაეცა მათვის. საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ მათ შორის წარმომადგენლობითი ურთიერთობა არ არსებობდა, სასამართლომ არასწორად დაადგინა აღნიშნული ურთიერთობა, რაც უნდა მოწესრიგებულიყო სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებები სრულად და სწორად დაადგინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, სკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების (მინდობილობის) შესახებ გარიგება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს სანოტარო წესით. აღნიშნული ნორმის თანახმად დავალების (მინდობილობის) შესახებ გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ, თვითონ განსაზღვრონ იგი. ამდენად, იმის გათვალისწინებით თუ რა შინაარსის დავალების განხორციელება ევალება რწმუნებულს, მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ გარიგების ფორმა, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც კანონი იმპერატიულად მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებული დავალების (მინდობილობის) შესახებ გარიგებას, რაც არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დავალების ინსტიტუტით.

კასატორი უარყოფს იმას, რომ გ. ს.-თან დადებული იყო წარმომადგენლობითი ხელშეკრულება და თვლის, რომ მათ შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, გ. ს.-ს საკუთრებაში უნდა გადაეცა მათთვის პრივატიზებული ანუ მომავალი ქონების ნაწილი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ შემთხვევაშიც თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ზეპირი ხელშეკრულება დადებული იყო მხარეთა შორის, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ვერ გავრცელდებოდა სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება. აღნიშნული ნორმის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ასეთი შეთანხმება.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დადებული იყო ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, გ. ს.-ს პრივატიზაციის შედეგად მიღებული ქონების ნაწილი უნდა გადაეცა კასატორისათვის, ...-ისა და ს. კ.-ისათვის. ამასთან ერთად, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სარწმუნოს გახდიდა იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებდნენ სადავო ურთიერთობის არსებობის შესახებ, ამდენად, არ არსებობს გარიგების ნამდვილობის დადასტურების ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძვლები, რომლის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული შეთანხმების არსებობის ფაქტის მტკიცების განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის მოთხოვნას, კერძოდ, მტკიცების საგანს ამ შემთხვევაში შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც კასატორი ამყარებს თავის მოთხოვნას და, ამდენად, აღნიშნული შეთანხმების არსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება კასატორს. სსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილით, რომლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

კასატორი უარყოფს მხარეთა შორის წარმომადგენლობითი ურთიერთობის არსებობას, თუმცა სააპელაციო საჩივარში იგი უთითებდა, რომ გ. ს.-ი მათ აირჩიეს თავის წარმომადგენლად. იმ შემთხვევაში, თუ კასატორი მიიჩნევს, რომ მათ შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებული ურთიერთობა, მას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაედასტურებინა აღნიშნული ურთიერთობის არსებობა, რაც შემდეგ გახდებოდა სამართლებრივი შეფასების საგანი.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცემული ¹1-3/491 ბრძანების თანახმად, სს “ჰ.-ის" ბალანსზე რიცხული აგარაკი ¹1-ის (დაბა ...-ი) იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ს.-ი და მხარეთა შორის 1998წ. 22 ივლისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. პუნქტისა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “მოიჯარეს", ე.ი. გ. ს.-ს უფლება არ ჰქონდა ამ ქონების განკარგვა “მეიჯარის", ანუ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

ამდენად, კასატორსა და გ. ს.-ს შორის ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომლის თანახმად გ. ს.-ს სადავო ქონება უნდა გადაეცა კასატორისათვის, კანონსაწინააღმდეგოა.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1998 წელს ივნისში სს “ჰ.-ის" დირექტორის მიერ ჩატარებული თათბირის თანახმად, საერთო კრებამ გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო კოტეჯის ¹1 ბინა მიეკუთვნა _ ...-ს, ¹2 ბინა _ ს. კ.-ეს, ¹3 ბინა _ ა. ყ.-ს, ხოლო ¹4 ბინა _ გ. ს.-ს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, რადგან სს “ჰ.-ი" არ წარმოადგენდა სადავო კოტეჯის მესაკუთრეს (აღნიშნული კოტეჯის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო) და მას არც ჰქონდა და ვერც გადასცემდა სხვას საკუთრების უფლებას სადავო კოტეჯზე.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სკ-ის 169-ე მუხლის თანახმად, მას გააჩნდა სადავო ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება. აღნიშნული ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და მისი გასხვისების წესი და ფორმები რეგულირდება სპეციალური ნორმებით გათვალისწინებული “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონით და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებით.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნას კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ერთი პირის მიერ საპრივატიზაციო პროცესში მონაწილეობა უფრო მარტივად შეიძლება განხორციელდეს, ვიდრე ოთხი პირის მიერ. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონი უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში ასრებული ქონების შეძენის პროცესს. ამავე კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა.

ამდენად, კანონმდებელი არ ადგენს განსხვავებულ წესს ფიზიკურ პირთა გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისათვის. სკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის საფუძველი. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კასატორმა იცის კანონი, რომლის საფუძველზეც შეეძლო, გ. ს.-თან ერთად მიეღო მონაწილეობა საპრივატიზაციო პროცესში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გ. ს.-ი იქნებოდა ამის წინააღმდეგი, მას შეეძლო მისგან დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა საპრივატიზაციო პროცესში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილი და 575-ე მუხლის მოთხოვნები და დააკმაყოფილა გ. ს.-ის შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ს.-ი მართლზომიერად ფლობს სადავო ფართს. ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. ს.-ი, რის შედეგად ზემოაღნიშნულის თაობაზე, 1998წ. 15 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება ¹1-3/491. მხარეთა შორის 1998წ. 22 ივლისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ გ. ს.-ს გადახდილი აქვს საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილი გამოსასყიდი თანხის მთლიანი ღირებულება.

ამდენად, სკ-ის 575-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დარღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისაგანაც. აღნიშნული უფლება სანივთო-სამართლებრივი უფლებაა და ამით უთანაბრდება იგი საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.