დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.04.2005
საქმის ნომერი
ას-40-433-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-40-433-05 22 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. დ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ნ. ნ.-ის მიმართ და განმარტა, რომ ფლობს ქ.თბილისში, ... ¹1 კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კოლექტიური ავტოფარეხებიდან ერთ-ერთს, კერძოდ, ¹... ავტოფარეხს. მოპასუხე ნ. ნ.-მ მის ავტოფარეხს მის უნებართვოდ დააყარა მიწა, ჩარგო ვენახი და სხვა ნარგავები, რასაც ყოველდღიურად რწყავს და ზიანდება მოსარჩელის ავტოფარეხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო ქმედების აღკვეთა და მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

2001წ. 15 ივნისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ნ. ნ.-ი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. ნ.-ს დაევალა ნარგავების მოშლა და მიწის აღება ...¹1 კორპუსთან მდებარე ავტოფარეხიდან, რომელიც ეკუთვნის თ.დ.-ს. მოპასუხე ნ. ნ.-ს დაევალა თ. დ.-ის კუთვნილი ავტოფარეხების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრა 1343 ლარი თ.დ.-ის სასარგებლოდ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ნ.-მა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 2002წ. 28 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე ნ. ნ.-ი, რის შედეგად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. ნ.-ს დაევალა ქ.თბილისში, ქუჩაზე მდებარე თ.დ.-ის კუთვნილი ავტოფარეხის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ავტოფარეხის სახურავის მასზე დაყრილი მიწისაგან და გაშენებული ნარგავებისა და მოწყობილი კონსტრუქციებისაგან გათავისუფლება, მასვე დაევალა დაბზარული გადახურვის ფილების გამოცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნით დაანგარიშებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 1343 ლარის გადახდა თ.დ.-ის სასარგებლოდ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხე ნ.ნ.-ს საჩივარი არ შეუტანია და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

2003წ. 2 ივლისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ნ.-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ... ქ. ¹1 კორპუსში მცხოვრებ თ. დ.-ს არ გააჩნია საკუთრების უფლება არანაირ ავტოფარეხზე. განმცხადებლის მითითებით ... ქუჩა ¹1, 2, 3, 4, 5 კორპუსის მაცხოვრებლებს ავტოფარეხის აშენების უფლება მიენიჭათ ქ.თბილისის ...-ის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის მიერ 1975წ. 15 ოქტომბრის, 1993 და 1977წ. 13 აპრილის ¹650 გადაწყვეტილებით, რომელშიც თ. დ.-ე მოხსენებული არ არის. ეს გარემოება განმცხადებლისათვის რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მან ასევე მიუთითა რომ ... ქ. ¹1, 2, 3, 4, 5 კორპუსების ეზოში არსებული ავტოსადგომები აღრიცხული არ არის.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის განჩინებით ნ.ნ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით თ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ავტოსადგომის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ან ზიანის 1343 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსადგომების მშენებლობა არ განხორციელებულა ავტოსადგომის პროექტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად და ისინი აშენებულ იქნა მიწის ზემოთ და არა მიწის ქვეშ, რასაც ითვალისწინებდა პროექტი. შესაბამისად, მოსარჩელის ავტოსადგომის დაზიანება არ წარმოადგენს სკ-ის 408-ე და 409-ე მუხლებით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. დ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინებით თ.დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის განჩინება და 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ნ. ნ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოების განახლება მოხდა მოქმედი საპროცესო ნორმების დარღვევით. მხარეს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეეძლო გაესაჩივრებინა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. დ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა მიუთითა, რომ თ. დ.-მ გაასაჩივრა მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება, მას არ მოუთხოვია 2004წ. 13 აპრილის განჩინების გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინება არ საჩივრდება ცალკე და იგი უნდა გასაჩივრებულიყო შემაჯამებელ, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. კასატორმა ნ. ნ.-მ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის ძალისხმევით დაფიქსირდა სხდომის ოქმში, რომ თ.დ.-ე ითხოვდა 2004წ. 13 აპრილის განჩინების გაუქმებასაც. ამის გარდა, თ.დ.-ს არ წარუდგენია სასამართლოსათვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას ავტოფარეხზე გააჩნდა საკუთრების უფლება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 377-ე და 369-ე მუხლების პირველი ნაწილი, ასევე არასწორად განმარტა 377-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც სსკ-ის 397-ე მუხლის „ე” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნა და მხოლოდ თ.დ.-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩათვალა, რომ იგი ავტოფარეხის მესაკუთრეს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.ნ.-მ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა თ. დ.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების ავტორს უნდა დაემტკიცებინა, რომ ახლად გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი წანამძღვრების საფუძვლების, რასაც სსკ-ის 233-ე მუხლი ითვალისწინებს, არ არსებობაზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე არ იყო მოწვეული 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძვლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შემომტან პირს აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ გაუკეთებია.

დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ თ.დ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა არა იმიტომ, რომ დაეყრდნო მოსარჩელის მიერ მითითებულ უტყუარ მტკიცებულებებს, არამედ იმის გამო, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ არ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, არ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებული ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, უსაფუძვლოა.

პალატა თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის განჩინება, რომ ამის შესახებ მხარეს მოთხოვნა არ დაუყენებია. საქმის მასალებიდან კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ თ.დ.-მ დააყენა მოთხოვნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ. ხოლო თუ კასატორი მიიჩნევს, რომ სხდომის ოქმი შეიცავს უზუსტობას, მას სხდომის ოქმი უნდა გაესაჩივრებინა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თვით სააპელაციო საჩივარშიც მითითებული იყო იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ გააუქმა მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. შესაბამისად სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების სისწორეზე.

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.