დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.07.2005
საქმის ნომერი
ას-427-766-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-427-766-05 28 ივლისი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 16 აპრილს გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ც-ამ მოპასუხე ო. მ-ის, მესამე პირის _ მ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან ო. მ-ის სახელზე რიცხული, სოფ. ....... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 2/3-ის გამოყოფა შვილების წილის გათვალისწინებით, სოფ. ...... მდებარე, მ. მ-ის სახელზე რიცხული 1,25 ჰა მიწის ნაკვეთიდან 2/3-ის გამოყოფა, მოძრავი ნივთების _ საძინებელი გარნიტურის, სამზარეულოს გარნიტურის, მაცივრის, წიგნების კარადის, ტელევიზორის, ვიტრინის, ფარდაგების, ტანსაცმლის კარადის, სარეცხი მანქანის, მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის შუაზე გაყოფა, ხოლო პიანინოს, როგორც ინდივიდუალური სარგებლობის ნივთის, მისთვის მიკუთვნება. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1978წ. 22 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ოჯახური უსიამოვნების გამო 2001წ. 6 ივნისიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თავდაპირველად ცხოვრობდნენ ქ. ცხინვალში. 1990-1991 წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო, იძულებით გადაადგილდნენ სოფ. ....., სადაც მიწის პრივატიზების შედეგად 1992 წელს მეუღლის მშობლებთან ერთად გამოეყოთ 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი. 1993 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ სოფ. ....., სადაც 1996წ. 28 ნოემბერს შეიძინეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს მოძრავი ნივთებიც. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე წინააღმდეგი იყო ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფისა, მაშინ, როდესაც სკ-ის 1158-ე, 1163-ე-1164-ე მუხლების საფუძველზე ეკუთვნოდა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ნახევარი. ამასთან, ვინაიდან იყო მუსიკის მასწავლებელი, სკ-ის 1162-ე და 1165-ე მუხლების საფუძველზე, მას უნდა მიკუთვნებოდა პიანინო, როგორც ინდივიდუალური სარგებლობის ნივთი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ სოფ. ...... მიწის ნაკვეთი არც მას და არც მოსარჩელეს არ გამოყოფიათ, არც ავტონამქანა გააჩნდა საკუთრებაში, მინდობილობით მართავდა სხვის კუთვნილ ავტომანქანას. სოფ. ...... მართლაც შეიძინა ბინა 2500 ლარად თავისი დანაზოგით, მაგრამ მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა ბინის კომპენსაცია 1300 აშშ დოლარი. რაც შეეხებოდა სხვა ნივთებს, მოპასუხე მიუთითებდა, რომ ქ. ცხინვალში თავისი ბინა ავეჯიანად დაუტოვა მოსარჩელის ეროვნებით ოს ბიძაშვილებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს იყო მოკლებული.

გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, საქმის მასალების თანახმად, სოფ. ..... მდებარე მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა არა ო. მ-ის, არამედ მისი მამის _ მ. მ-ის სახელზე. ამასთან, ერედვის თემის საკრებულოს მიწათმომწყობის განმარტებით, იძულებით გადაადგილებულ პირებზე პრივატიზაციის დროს მიწის ნაკვეთების გაცემა არ ხდებოდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილი იყო, რომ ო. მ-ს საკუთრებაში არ ჰყავდა ავტომანქანა. რაც შეეხებოდა სოფ. ...... მდებარე ბინიდან წილის გამოყოფას, აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლო იყო, ვინაიდან საქმეზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ო. მ-მა ბინის კომპენსაციის სახით 1300 აშშ დოლარი გადასცა მ. ც-ას. ასევე დასტურდებოდა, რომ ო. მ-მა ცხინვალიდან წამოსვლის შემდეგ სახლი და მთელი ავეჯი დაუტოვა მ. ც-ას და მის ნათესავებს, ხოლო მ. ც-ამ ....... მდებარე ბინიდან გაიტანა ავეჯი, საწოლი, ოქროს ნივთები და ბროლის ჭურჭელი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება, სარჩელში მითითებული საფუძვლებით. ამასთან, მან უარი განაცხადა სოფ. ........ მდებარე მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფის მოთხოვნაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. ც-ას სასაპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ც-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ც-ა ცნობილ იქნა სოფ. ......, ო. მ-ის სახელზე რიცხული ბინის 1/2-ის მესაკუთრედ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1978წ. 22 ივლისიდან და არ განქორწინებულან; ქორწინების პერიოდში, 1996წ. 28 ნოემბერს, ო. მ-მა შეიძინა სოფ. ...... მდებარე ორსართულიანი სახლი. სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა შეიძლებოდა როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე _ მისი შეწყვეტის შემდეგ. ქორწინების განმავლობაში ქონების გაყოფის შემთხვევაში ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაიყოფოდა და ქონება, რომელსაც შეიძენდნენ მომავალში, ჩაითვლებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნებოდა დადგენილი. ვინაიდან სადავო ბინა შეძენილი იყო ქორწინების პერიოდში, წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მ. ც-ას ეკუთვნოდა ბინის 1/2. რაც შეეხებოდა ავტომანქანასა და სხვა მოძრავ ნივთებს, აღნიშნული ნივთების გაყოფის მოთხოვნა, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის საკუთრებაში ავტომანქანის ქონისა და ამ მოძრავი ნივთების არსებობის მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო დაუსაბუთებული გადაწყვეტილება, მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილი იყო გორის რაიონულ სასამართლოში, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო გამოკვლეული სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. მან სოფ. ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის კომპენსაციის სახით მოსარჩელეს 1300 დალარი გადაუხადა შვილების, სიძისა და სიძის მშობლების თანდასწრებით და შეთანხმდნენ, რომ ცხინვალში მდებარე ბინაც მოსარჩელეს დარჩებოდა. ამ თანხით მ. ც-ამ შეიძინა ბინა სასტუმრო “ ......... “. სააპელაციო სასამართლოში მ. ც-ამ არ უარყო, რომ ნამდვილად აიღო 1300 აშშ დოლარი, მაგრამ მიუთითა, თითქოსდა ეს იყო ქალიშვილის სწავლის საფასური, რაც გაიზიარა სასამართლომ, რადგან ცნო სახლის 1/2 თანამესაკუთრედ. ის გარემოება, რომ მ. ც-ას გადაუხადა სახლის კომპენსაცია, დასტურდებოდა მოწმის ჩვენებით, მ. ც-ასავე აღიარებით და იმითაც, რომ მ. ც-ამ შეიძინა ბინა სასტუმრო “ ...... “. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მის სახელზე აღრიცხული ბინის 1/2 თანამესაკუთრედ მოსარჩელის აღიარების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1978 წლიდან და არ განქორწინებულან. ასევე დადგენილია, რომ ქორწინების პერიოდში, 1996წ. 28 ნოემბერს, სოფ. ...... შეძენილ იქნა ორსართულიანი სახლი, რომელიც აღირიცხა ო. მ-ის სახელზე. კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებს. იგი საკასაციო საჩივარს აფუძნებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევაზე, რაც, კასატორის მოსაზრებით, იმაში გამოიხატა, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ მისცა შეფასება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ გარემოებას, რომ კასატორს მოსარჩელისათვის სახლის კომპენსაციის სახით გადახდილი აქვს 1300 აშშ დოლარი და მას და მოსარჩელეს შორის არსებობს შეთანხმება ქ. ცხინვალში მდებარე ბინის მოსარჩელისათვის დათმობის თაობაზე, რასაც ადასტურებენ მოწმეები, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე.

სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს, მის მიერ მითითებული გარემოებების დადგენა, კერძოდ, მოწმის მიერ კომპენსაციის გადაცემის ფაქტისა და სახლის დათმობაზე შეთანხმების არსებობის დადასტურება გამოიწვევდა თუ არა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კასატორი უძრავ ნივთზე მ. ც-ას მიერ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების დათმობისა და მის მიერ ამ ნივთზე საკუთრების შეძენის დამადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებაზე, რაც არ განეკუთვნება იმ ძალის მტკიცებულებას, რომელსაც შეუძლია უძრავ ნივთზე ო. მ-ის მიერ მეუღლის კუთვნილი წილის შეძენის ნამდვილობის დადასტურება. სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, განცხადება უნდა ჩაბარდეს რეესტრის სამსახურს, მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვება სავალდებულო ძალას. ამდენად, კანონი უძრავი ნივთის განკარგვის გარიგების ნამდვილობისთვის იმპერატიულად მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთსა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. მხოლოდ ამის შედეგად კარგავს ერთი პირი უძრავ ნივთზე საკუთრებას და შეიძენს მეორე.

სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე განხორციელებული გარიგება უნდა დადასტურდეს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის წარმოდგენით და აღნიშნულის დადასტურება შეუძლებელია მოწმის ჩვენებით ან ზეპირი შეთანხმების არსებობის დადგენით. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების საკითხის გამოკვლევა ვერ მოახდენდა გავლენას საქმის შედეგზე და ვერ დაადასტურებდა მ. ც-ას მიერ საერთო ქონებაში კუთვნილი წილის დათმობას, ხოლო ო. მ-ის მიერ მეუღლის კუთვნილი წილის შეძენას, რის გამოც კასატორის მოსაზრება საპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 105-ე მუხლის დარღვევის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კი, რასაც სადავოდ არ ხდის კასატორი, საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა შეესაბამება სკ-ის 1158-ე და 1164-ე მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან სახლი, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთი, განეკუთვნება მეუღლეთა საერთო ქონებას და მისი გაყოფა დაიშვება როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე _ მისი შეწყვეტის შემდეგ, რაც სწორად დაასაბუთა სააპელაციო სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.