დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-483-802-05 27 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ.ბ-ემ და ლ.ჯ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „რ. ნ. დ.“ მიმართ, სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები 1999 წლიდან მუშაობენ შპს „რ. ნ. დ.“ ქიმიკოს-ტოქსიკოლოგებად. 2004 წლის 26 ივლისს საზოგადოების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზ.ო-მა მიიღო ბრძანება მოსარჩელეების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2004 წლის 13 ივლისის ¹2/31-861 წერილი. მოსარჩელეებმა 2001 წელს მიმართეს სტანდარტიზაციის ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს, რომ ეცნობებინათ იყო თუ არა დანიშნული ქიმიკოს-ტოქსიკოლოგებისათვის გამოცდები და როდის. გამოცდა არ ჩატარებულა, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელეები გაათავისუფლა იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჩაუბარებიათ სასერტიფიკაციო გამოცდა. ამასთან, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეებს არ აცნობა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ 1997 წლიდან არ მიუღიათ ყოველთვიური ხელფასები. აღნიშნული საფუძვლებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა სარჩელი სახელფასო დავალიანების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი. რაც შეეხება მუშაკთა წინასწარ გაფრთხილებას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ასეთის საჭიროებას კანონმდებლობა არ ცნობს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20-21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამუშაოზე და აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური 2004 წლის 27 ივლისიდან ყოველთვიური ხელფასის ოდენობით. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ნ.ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 1166 ლარი და 90 თეთრი, ხოლო ჯ-ის სასარგებლოდ _ 1498 ლარი და 3 თეთრი.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ. ნ. დ.“ დირექტორმა. სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს აღნიშნულ ნაწილში უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 422 მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა გამოიყენება საწარმოს ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო მუშაკების გათავისუფლებისას. მხოლოდ ჩამოთვლილ შემთხვევებში ავალდებულებს კანონი მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე ერთი თვით ადრე მუშაკის გაფრთხილებას. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეები გაათავისუფლეს შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 13.07.04 ¹2/31-861 წერილი.
სააპელაციო პალატამ, სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის წერილით, დადგენილად ცნო, რომ „ქიმიურ-ტოქსიკოლოგუირი დიაგნოსტიკა“ არის ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობა, რომლის უფლების მისაღებად გარდა ლაბორატორიის ხელმძღვანელისა, უნდა იყოს სერტიფიცირებული „ფარმაცევტ-ტოქსიკოლოგი“ ან „ლაბორატორიულ საქმეში“ სერტიფიცირებული სპეციალისტი. მოსარჩელეებმა 2001 წლის 6-7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს სასერტიფიკაციო გამოცდაში სპეციალობით „ლაბორატორიული მედიცინა“ და ვერ გადალახეს სასერტიფიკაციო ზღვარი. სააპელაციო პალატამ გამოიყენა შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილი და ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლებისას მოპასუხის მხრიდან კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ვინაიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სახელმწიფო სერტიფიკატი. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ლ.ჯ-ისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან დადგენილად ცნო, რომ მოპასუხის დავალიანება ლ.ჯ-ის მიმართ შეადგენდა 1498 ლარს. ამასთან, მოპასუხემ ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელი ცნო, რაც, სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების საუძველია.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ბარბაქაძემ და ლ.ჯ-მა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კანონი არ ავალდებულებს ქიმიკოს-ტოსქიკოლოგებს სასერტიფიკაციო გამოცდების გავლას, ეს ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ეწევიან სამედიცინო საქმიანობას _ დიაგნოსტიკას. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ დასკვნას გასცემდა ექიმი _ ნარკოლოგი. მათი საქმიანობა მხოლოდ ანალიზში ქიმიური ნივთიერების გამოკვლევა იყო, ამასთან მათ მიერ გაკეთებულ ანალიზს ხელის მოწერით ადასტურებდა ლაბორატორიის გამგე, ამდენად, ისინი არ მოქმედებდნენ დამოუკიდებლად.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ მათ განუსაზღვრა 10 _ დღიანი ვადა მტკიცებულებების წარდგენისათვის, მაგრამ, როცა წარადგინეს ჯანდაცვის სამინისტროს წერილი, სადაც მითითებულია, თუ ვინ უნდა ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდები, ასევე, ცნობა იმის შესახებ, რომ არასამედიცინო განათლების მქონე ქიმიკოს-ტოქსიკოლოგებისათვის გამოცდები არ ჩატარებულა, სასამართლომ არ მიიღო აღნიშნული მტკიცებულებები.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 422 მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალებათ დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორები მუშაობდნენ შპს „რ. ნ. დ.“ ქიმიკოს-ტოსქიკოლოგებად. „ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დიაგნოსტიკა“ არის ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორებმა 2001 წლის 6 და 7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს სასერტიფიკაციო გამოცდაში სპეციალობით „ლაბორატორიული მედიცინა“, მაგრამ ვერ გადალახეს სასერტიფიკაციო ზღვარი. ამდენად, მათ არ გააჩნიათ სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი, რაც საფუძვლად დაედო მათ გათავისუფლებას.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორები ვერ მიუთითებენ საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.
შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია, ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი, სამუშაოდან მათი გათავისუფლებისას, მოპასუხეს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.
რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 422-ე მუხლი, ვერ იქნება გაზიარებული. შკკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუშაკს მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე. მითითებული ნორმა ვრცელდება საწარმოს ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო მუშაკთა გათავისუფლებისას. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეების გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა ზემოთ მითითებული გარემოებები, არამედ შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.