დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.12.2006
საქმის ნომერი
ას-483-869-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-483-869-06 18 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ძის, ბ. და მ.შ-ძეების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 2000წ. დეკემბერში ქ.ბათუმში, ... მდებარე კუთვნილი ბინა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიაქირავა მ.ვ-ძეს. 2002წ. ბოლომდე მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდიდა ბინის ქირას, ხოლო 2003 წლიდან გადახდა შეწყვიტა და, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ბინას არ ათავისუფლებს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 21 ოქტომბერს, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე მოპასუხეთა მხრიდან გამოცხადდა მხოლოდ მ.ვ-ძის წარმომადგენელი ჟ. ლ-ძე, რომელმაც იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ბ. ვ-ძე გახდა ცუდად და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, რის გამოც მოპასუხეები პროცესზე ვერ გამოცხადდებოდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენელ ჟ.ლ-ძეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რის შემდეგ ამ უკანასკნელმა სხდომის დარბაზი დატოვა.

მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ვ-ძე, ბ. და მ.შ-ძეები სადავო ბინიდან გამოსახლდნენ.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 2005წ. 7 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყიფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული განჩინება მ. ვ-ძემ და მ.შ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2005წ. 7 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის დარღვევით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს მოპასუხეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ბაქირ ვ-ძის ავადმყოფობის გამო. სასამართლომ გაიზიარა აპელანტთა მითითება, რომ 2005წ. 21 ოქტომბერს მოპასუხეები ემზადებოდნენ რა სასამართლო პროცესზე გამოსაცხადებლად, ბ. ვ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ აუცილებელი გახდა სასწრაფო დახმარების მეშვეობით მისი საავადმყოფოს სტაციონარში გადაყვანა, რის შესახებ მათ მოსამართლეს ტელეფონით აცნობეს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბ.ვ-ძის ავადმყოფობა დასტურდება პალატისათვის წარდგენილი აჭარის ა/რ კლინიკური საავადმყოფოს 2005წ. 1 ნოემბრის ¹31 ცნობით, რომლის თანახმად ბ. ვ-ძე 2005წ. 21-25 ოქტომბერს მკურნალობას გადიოდა ზემოხსენებულ საავადმყოფოში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა მისი დამაბრკოლებელი გარემოება, რაც საქალაქო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ბათუმის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე ამავე სასამართლოს 2005წ. 7 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აპელანტთა მიერ წარდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კლინიკური საავადმყოფოს 2005წ. 1 ნოემბრის ¹31 ცნობა, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით არ ირკვეოდა‚ კონკრეტულად რა დროს არ შეეძლო ბ.ვ-ძეს სასამართლოში გამოცხადება ან თავისი გამოუცხდებლობის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა მხოლოდ პროცესუალური ნორმებით და არ გამოიყენა სკ-ის 170-172-ე მუხლები, რომლებიც სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ა-ის სარჩელის განხილვა მ. ვ-ძის, ბ. და მ.შ-ძეების მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა 2005წ. 21 ოქტომბერს, რის შესახებ მხარეებს სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ.

სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე მოპასუხეთა მხრიდან გამოცხადდა მხოლოდ მ.ვ-ძის წარმომადგენელი ჟ. ლ-ძე, რომელმაც ბ. ვ-ძის ავადმყოფობის მოტივით იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონდარღვევით, კერძოდ:

სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო. თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ვარაუდი, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და ამიტომ დაკარგა სარჩელისაგან თავდაცვის ინტერესი. ამგვარი რწმენის შექმნისას სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სრულიად ლოგიკური და კანონიერია, მაგრამ იმ მოპასუხის მიმართ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია. მოცემულ შემთხვევაში მხარემ თავისი წარმომადგენლის მეშვეობით შეატყობინა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რითაც დაადასტურა საქმისადმი თავისი ინტერესი. ამასთან, მხარემ შემდგომში გაასაჩივრა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა აპელანტთა მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები, რომელთა შესაბამისად 2005წ. 21 ოქტომბერს ბ. ვ-ძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარში, სადაც მკურნალობას გადიოდა 25 ოქტომბრამდე. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარე სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე საპატიო მიზეზით _ ბ. ვ-ძის ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროულად, იმავე დღეს აცნობა, კერძოდ, 2005წ. 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა ჟ. ლ-ძემ კოლეგიას შეატყობინა ბ.ვ-ძის ავადმყოფობის შესახებ და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ. ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა საქალაქო სასამართლოსათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ცნობილი იყო, რის გამოც ბათუმის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2005წ. 7 დეკემბრის განჩინება სავსებით მართებულად გაუქმდა.

უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, სკ-ის 170-172-ე მუხლების ნაცვლად, დააფუძნა მხოლოდ პროცესუალურ ნორმებზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და არა მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნათა იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმება, ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის იმ ნორმებით, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს განსაზღვრავენ.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ.ა-ის საკასაციო საჩივრით სსკ-ის 407-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, კასატორმა მ. ა-მა საკასაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნაცვლად წარმოადგინა 330 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 30 ლარის ოდენობით მხარეს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.