შეწყდა

სამოქალაქო 28.03.2005
საქმის ნომერი
ას-485-1116-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-485-1116-03 28 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ქ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2002წ. 18 აპრილს ს. ქ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ა. ნ.-ისა და ი. ქ.-ის მიმართ სასაზღვრო მიჯნის დაგენის თაობაზე.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ს. ქ.-ს მიეცა უფლება, საჯარო გზასთან დაკავშირების მიზნით, ისარგებლოს ა. ნ.-ის მიწის ნაკვეთით _ დასავლეთის მხარეს არსებული ღობიდან 2,50 მეტრ სიგანესა და ნაკვეთის მთელ სიგრძეზე. აღნიშნული გზით სარგებლობისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, კერძოდ, ტუალეტის გადატანა სხვა ადგილზე, ბოსელის ერთი კედლის მოშლა-გადატანა ერთ მეტრზე, დაევალა ა. ნ.-ეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ნ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის პერიოდში ს. ქ.-ი გარდაიცვალა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა კასატორის უფლება მონაცვლის დადგენამდე.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა განახლდეს და ამასთან, შეწყდეს შემდეგი გარემოების გამო:

დადგენილია, რომ კასატორი ს. ქ.-ი გარდაიცვალა 2004წ. 17 მარტს, სასამართლომ სსკ-ის 279-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, შეაჩერა საქმის წარმოება. აღნიშნული ნორმით სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ხოლო ამავე კოდექსის 281-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე ან ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე.

კასატორის გარდაცვალებიდან გავიდა ცხრა თვე და საკასაციო სასამართლოსათვის, სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, აწ გარდაცვლილი ს.ქ.-ის უფლებამონაცვლით შეცვლის შესახებ არავის მიუმართავს. 2004წ. 17 ნოემბერს კასატორის მისამართზე ს. ქ.-ის უფლებამონაცვლეს და 2004წ. 26 ნოემბერს (აწ გარდაცვლილის კასატორის) რწმუნებულ ლ. ჩ.-ს გაეგზავნათ დეპეშები, რომლებითაც მათ დაევალათ უზენაეს სასამართლოში გამოცხადება. სასამართლოს დეპეშაზე რეაგირების არქონის გამო, 2005წ. 4 მარტს ს. ქ.-ის უფლებამონაცვლეს გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც მას განემარტა შემდეგი: თუ ს. ქ.-ის უფლებამონაცვლე უახლოეს მომავალში საკასაციო სასამართლოს ზემოხსნებულ დავაში კასატორის სახით მონაწილეობის მისაღებად არ მიმართავს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა მოცემული საქმისადმი ინტერესი და მითითებული საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი. აღნიშნული მიმართვა აწ გარდაცვლილი კასატორის მისამართზე ჩაბარდათ 2004წ. 14 მარტს.

სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის. ამავე კოდექსის 378-ე მუხლით კი მხარეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მის წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოსათვის უცნობია კასატორ ს.ქ.-ის უფლებამონაცვლის შესახებ. ამასთან, პალატა თვლის, რომ მისი არსებობის შემთხვევაში სავარაუდო მხარეს არ გააჩნია მოცემულ საქმეში მონაწილეობის ინტერესი და არც მოწინააღმდეგეა დაინტერესებული საქმის განხილვით. ასეთი გარემოება შეიძლება შეფასდეს საკასაციო საჩივარზე უარის თქმად, რაც საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 399-ე, 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ქ.-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.