დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-486-812-05 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ხ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბ. გ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 1820 აშშ დოლარის, პოცენტის სახით 928 აშშ დოლარის, ზიანის ასანაზღაურებლად 819 აშშ დოლარის, ადვოკატის მომსახურების _ 200 აშშ დოლარის, სულ 3767 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 21 იანვარს მასსა და მოპასუხე ბ. გ.-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბ. გ.-ს ასესხა 1820 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიულად და მოპასუხის საკუთრებაში მყოფი ბინა დაიტვირთა იპოთეკით, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების შესრულების ვადა დადგა 2002წ. 22 მარტს, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
მოპასუხე ბ. გ.-ის წარმომადგენლებმა ა. კ.-მ და ვ. ს.-მ სარჩელი არ ცნეს, იმ საფუძვლით, რომ მათ თანხა მოსარჩელისგან ისესხეს შუამავლის ნ. ც.-ის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით დადასტურებულია, რომ ამ უკანასკნელს გადასცეს ნ. ხ.-სთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორიათას ასი აშშ დოლარი. ამასთან სხვადასხვა დროს გადასცეს 160 აშშ დოლარი და ორჯერ 100-100 აშშ დოლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება ნ. ხ.-სა და ბ. გ.-ს შორის დაიდო საშუამავლო-სარეკლამო ფირმის ქუთაისის ფილიალის უფროსის _ ნ. ც.-ის მეშვეობით, მაგრამ ხელშეკრულებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. დარღვეულია სკ-ის 752-ე მუხლის მოთხოვნები სესხის შუამავლობის ხელშეკრულების დადების ფორმის შესახებ. ვინაიდან 2002წ. 21 სექტემბერს ქ. თბილისის საშუამავლო-სარეკლამო სააგენტოს ქ. ქუთაისის ფილიალის უფროსმა ნ. ც.-მ ბ. გ.-თან 2002წ. 21 იანვარს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩაიბარა 2100 აშშ დოლარი, ხოლო მოწმე მ. ს.-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ნ. ც.-ის მეშვეობით პროცენტის სახით გადაეცა ორჯერ 100-100 აშშ დოლარი, სკ-ის 373-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნია.
ნ. ხ.-მ და მისმა წარმომადგენელმა ვ. კ.-მ სააპელაციო საჩივრის გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ის და ვ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება. ნ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბ. გ.-ს ნ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 105 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2002წ. იანვრის თვეში ბ. გ.-ის სიტყვიერი თხოვნის საფუძველზე ნ. ც.-მ იკისრა მოსარჩელისთვის სესხის აღება და სათანადო ხელშეკრულების დასადებად შუამავლობის გაწევა, ანუ სასესხო მაკლერის ფუნქციების შესრულება.
2002 18 Nიანვარს ნ. ც.-ის შუამავლობის საფუძველზე ბ. გ.-მ ნ. ხ.-ისაგან სესხის სახით მიიღო 1820 აშშ დოლარი. 2002წ. 21 იანვარს ნ. ც.-ის შუამავლობის საფუძველზე მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება; ნ. ც.-ისგან კრედიტორმა ნ. ხ.-მ პროცენტის სახით მიიღო 160 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ ნ. ც.-ე არ მიიჩნია სასესხო მაკლერად, ასევე დავალების ხელშეკრულების შემსრულებელ უფლებამოსილ პირად.
სკ-ის 373-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ხ.-მ მიიღო სარგებელი, რაც სასამართლოს აზრით ასწორებს არაუფლებამოსილების დეფექტს და გათანაბრებულია კრედიტორის თანხმობასთან; სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა რა ნ. ც.-ისათვის 2100 აშშ დოლარის გადაცემა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებად, მიიჩნია, რომ მას გადასახდელი აქვს 105 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ნ. ხ.-მ და ვ. კ.-მ საკასაციო საჩივრის გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 709-ე, 373-ე მუხლები. სასამართლომ ძირითადი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე დამატებითი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება არასწორად მიიჩნია შესრულებულად. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადაცემის ფაქტი. წინააღმდეგობაა საქმის მასალებში არსებულ მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის განმარტებებში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რითაც დაარღვია სსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2002წ. იანვარში ბ. გ.-ის სიტყვიერი თხოვნის საფუძველზე ნ. ც.-ემ იკისრა მოსარჩელისგან სესხის აღება და სათანადო ხელშეკრულების დასადებად შუამავლობის გაწევა ანუ სასესხო მაკლერის ფუნქციების შესრულება; 2002წ. 18 იანვარს ნ. ც.-ის შუამავლობის საფუძველზე ბ. გ.-მა ნ. ხ.-ისგან სესხის სახით მიიღო 1820 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია მსესხებლის ხელწერილით.
2002წ. 21 იანვარს ნ. ც.-ის შუამავლობის საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.
მხარეები იპოთეკის ხელშეკრულებას და სესხის ხელწერილს სადაოდ არ ხდიან. საკასაციო პალატა ამოწმებს რა გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული გაუქმების საფუძველია.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 373-ე მუხლის მეორე ნაწილი მიიჩნია რა ნ. ხ.-ის მიერ ნ. ც.-ისგან 160 აშშ დოლარის მიღება კრედიტორის მიერ სარგებლის მიღებად. აღნიშნული ნორმის მიხედვით თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა და ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. განსახილველ შემთხვევაში სარგებლის მიღებად ვერ ჩაითვლება კრედიტორის მიერ პროცენტის მიღება, რაც მხარეთა შეთანხმებით არსებული ვალდებულების ნაწილია. სარგებლის მიღებად შეიძლება ისეთი გარემოება შეფასდეს, როცა კრედიტორი კონკრეტული ვალდებულების შესრულებისაგან დამოუკიდებლად იღებს სარგებელს, მაგ. თვით არის არაუფლებამოსილი პირის მევალე.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არ გაარკვია ც.-ის სტატუსი მოცემულ სამართალურთიერთობაში. მისი განმარტებით ნ. ც.-ე გ.-ის დავალებით მოქმედებდა როგორც მისი წარმომადგენელი, ნ. ც.-ე არ არის შუამავალი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით ნ. ც.-ე შუამავალია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების შემდეგ უნდა გაარკვიოს ნ. ც.-ის სტატუსი და ისე განსაზღვროს ვის ეკისრება ვალდებულების შესრულება განსახილველ ურთიერთობაში. თუ სასამართლო ნ. ც.-ს შესრულების მიღების არაუფლებამოსილ პირად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ კრედიტორის თანხმობა მას არ ჰქონია, უნდა იმსჯელოს სარჩელის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ხ.-ის და მისი წარმომადგენლის ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.