გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 09.12.2005
საქმის ნომერი
ას-544-856-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ ას-544-856-05 9 დეკემბერი, 2005წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ბ-მა მოპასუხე შპს „მ-ს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის იჯარით აღებული შენობის რემონტზე გაწეული ხარჯის _ 271 021 მანეთის დაკისრება. მოსარჩელის მითითებით, 1992წ. 11 მარტს მ-ე მეურნეობასთან გააფორმა ხელშეკრულება მეურნეობის ბალანსზე რიცხული საბავშვო ბაღის შენობის იჯარით აღების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად ჩაატარა შენობის რემონტი საკუთარი ხარჯით, რამაც შეადგინა 271 021 მანეთი. აღნიშნულს ადასტურებდა ხელშეკრულება, 1992წ. 18 მაისის დეფექტური აქტი, 1992წ. ივლის-აგვისტოს სამუშაოს შესრულების აქტი. ამის შემდგომ მეურნეობამ და რ-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აღნიშნულ შენობაში შეასახლა აფხაზეთიდან ლტოლვილები, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. ამის გამო 1993წ. 30 დეკემბერს მან განცხადებით მიმართა მეურნეობის ხელმძღვანელობას, მოეხდინათ ანგარიშსწორება, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ და ამავე დროს ხანდაზმულად. მისი განმარტებით, მოსარჩელემ თავისი უფლება დარღვეულად ჩათვალა ჯერ კიდევ 1993წ. დეკემბერში, ხოლო სასამართლოს მიმართა 1998 წელს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული იყო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსით. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრებოდა სამი წლით. ამავე კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის უფლება დაირღვა საბავშვო ბაღის შენობაში ლტოლვილთა შესახლებით და აღნიშნული მისთვის ცნობილი იყო უკვე 1993წ. დეკემბერში, სასამართლოს კი სარჩელით მიმართა 1998წ. 22 ივლისს. აქედან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას ხანდაზმულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე თ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის საბავშვო ბაღის შენობაზე გაწეული რემონტის ხარჯის _ 3500 ლარის დაკისრება. აპელანტის მისაზრებით, ხანდაზმულობის ვადა გასულად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, რემონტზე დახარჯული თანხა უნდა ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების შეწყვეტისას, რომელიც სარჩელის შეტანის გამო არ შეწყვეტილა. სარჩელი კი შეტანილ იქნა 1998წ. 22 ივლისს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «მ-ს» დაეკისრა თ. ბ-ის სასარგებლოდ 3500 ლარის გადახდა. სასაპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 1992წ. 11 მარტს დადებული საიჯარო ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხელშეკრულება უქმდება და ობიექტი რჩება მეიჯარის განკარგულებაში მხარეთა შორის დავის წარმოშობისას. დავა კი წარმოიშვა თ. ბ-ის მიერ 1998წ. 22 ივლისს სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტიდან. აღნიშნული პერიოდიდან საქმე სასამართლოს წარმოებაშია. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება დადგენილი წესით სარჩელის შეტანით. აღნიშნულის გამო მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად ვერ ჩაითვლებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება სადავო არ გამხდარა. სამუშაოთა შესრულების 1992წ. ივლის-აგვისტოს ორმხრივი აქტის მიხედვით, საბავშვო ბაღის რემონტზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 272021 მანეთი, რაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად შეადგენდა 16462 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ თ. ბ-ი ითხოვდა მხოლოდ 3500 ლარს, სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს არა ჰქონდა მხარისათვის იმაზე მეტის მიკუთვნების უფლება, ვიდრე ის მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს «მ-მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასაშვებად არ უნდა ეცნო თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და არ უნდა მიეღო იგი წარმოებაში, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ აპელანტს რამდენჯერმე მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ხოლო აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან გაშვებული იყო სარჩელის ხანდაზმულობის ვადა. 1992წ. 11 მარტს კასატორსა და მოსარჩელს შორის გაფორმდა საბავშვო ბაღის იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა საბავშვო ბაღის რემონტს, რაც ჩატარდა კასატორის დახმარებით. აღნიშნულის შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო კომერციულმა საბავშვო ბაღმა. 1993 წელს, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, მოსარჩელის თხოვნით, საბავშვო ბაღის შენობა დაეთმო აფხაზეთიდან ლტოლვილ მოსარჩელის ნათესავის ოჯახს, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობდა. ამდენად, 1993 წლიდან მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო საიჯარო ხელშეკრულება, თ. ბ-მა კი მხოლოდ 1998წ. ივლისში მიმართა სარჩელით სასამართლოს. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 80-ე, 84-ე მუხლების თანახმად, სარჩელის შეტანის დროისათვის უკვე გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები დაადგინა მხარეთა შორის 1992წ. 11 მარტს დადებული საიჯარო ხელშეკრულებისა და სამუშაოთა შესრულების 1992წ. ივლის-აგვისტოს ორმხრივ აქტის საფუძველზე, მაშინ როდესაც აღნიშნული დოკუმენტები საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია სასამართლოში სარჩელის შეტანის დრო _ 1998წ. 22 ივლისი, მაშინ როდესაც სადავო იყო იჯარით აღებულ ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, ხოლო თუ როდის წარმოეშვა მოიჯარეს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მეიჯარის მიმართ, სასამართლოს არ გამოურკვევია.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს 1992წ. 11 მარტის საიჯარო ხელშეკრულების პირობები, გამოარკვიოს, იყო თუ არა აღნიშნული ხელშეკრულებით მოწესრიგებული იჯარით აღებულ ნივთზე მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი და როდის წარმოეშვა მოსარჩელეს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოპასუხისაგან. აღნიშნული საკითხების გამორკვევის შედეგად სასამართლომ უნდა დაადგინოს, გაშვებულია თუ არა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ 2004წ. 14 ივლისის განჩინებით, ფაქტობრივად, აპელანტს გადაუვადა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ისე მიიღო საჩივარი წარმოებაში, რისი უფლებაც სასამართლოს ჰქონდა სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა შეაჯამოს საქმეზე გაწეული მთელი სასამართლო ხარჯები და გაანაწილოს მხარეთა შორის სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად. ხელახალი განაწილება მოიცავს სასამართლო ხარჯებს მთლიანად, რაც გაწეულია სარჩელის აღძვრიდან საქმის ხელახლა განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.