გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-57-417-05 21 ივნისი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ბინაში შესახლება და რეალური წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვა., ვი., ვ., ფ. ბ-ებმა და გ. პ-მა ს., ზუ., ზე., ზია. და ზეი. ბ-ების წინააღმდეგ 2002წ. 22 მაისს სარჩელით მიმართეს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ბინაში შესახლება და რეალური წილის გამოყოფა შემდეგი საფუძვლით:
ქ.თბილისში ... მდებარე ¹11 სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა ბ. ბ-ი თავის ოჯახთან ერთად. ვაჟიშვილების მ., მა. და ვა-ის დაოჯახების შემდეგ თითოეულმა თავ-თავიანთ ოჯახებთან ერთად დაიკავეს თითო ოთახი.
ბ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ ძმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ოჯახებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა უფროსი ძმის მ. ბ-ის და მის ცოლის გარდაცვალების შემდეგ.
1988 წელს ვა. ბ-ი თავის ოჯახის წევრებთან ერთად აყვანილი იქნა საცხოვრებელი ფართის გაფართოების მიზნით აღრიცხვაზე და რიგის მოსვლამდე დროებით საცხოვრებლად გამოეყო 16 კვ.მ-ის ბინა ნუცუბიძის პლატოზე, ფართზე უფლების შენარჩუნებით.
სადავო ბინაში დარჩენილმა მა. ბ-მა (რომელიც შემდეგ გარდაიცვალა) 1993 წელს მოახერხა სასამართლოს შეცდომაში შეყვანის ფართზე უფლებადაკარგულად ეცნო ვალ., ვი., ვად., გ. და რ. ბ-ები და თავის სახელზე მოახდინა სადავო ბინის პრივატიზაცია.
საბურთალოს რ-ნის სასამართლოს 1993წ. გადაწყვეტილება 1994წ. 30 მარტის განჩინებით გაუქმდა, ხოლო 1996წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით სადავო ბინაზე გაუქმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, მოხდა საბურთალოს რ-ნის სასამართლოს 1993წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება, აღდგენილი იქნა სადავო ბინაში მოსარჩელეთა ჩაწერა _ რეგისტრაცია და ბინა კვლავ აღირიცხა საბინაო ტრესტის სახელზე.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა მოსარჩელეებს არ უშვებენ სადავო ბინაში.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 1996 წლიდან გაუქმდა ჩაწერის ინსტიტუტი, ამიტომ მოსარჩელეების სადავო ბინაში ჩაწერა არ წარმოშობს ბინაში შესახლების ან ფართის გამოყოფის საფუძველს, მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფომ მოსარჩელეებს გამოუყო სხვა ფართი.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2002წ. 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელეებისათვის სადავო ბინაში მფლობელობასა და სარგებლობაში ხელშეშლა და ისინი შესახლდნენ მითითებულ ბინაში.
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა რეალური წილის გამოყოფის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ქ.თბილისის საბურთალოს რ-ნის 1996წ. 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მაჰმუდ ბ-ის სარჩელი ვიტ., ვად., ვალ., გ. და რ. ბ-ების სადავო ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა ვალ., ვი., ვად. და გ. ბ-ების შეგებებული სარჩელი. გაუქმდა სადავო ბინის 1993წ. 12 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულება და ამავე გადაწყვეტილებით სადავო ბინაში აღდგენილი იქნა ვალ., ვი., ვად., გ. და რ. ბ-ების ჩაწერა და მოსარჩელეებმა მიიღეს სადავო ბინაზე სარგებლობის და მფლობელობის უფლება.
ზემოთმითითებული სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა. მოსარჩელეებს აღუდგათ რეგისტრაცია და როგორც მართლზომიერი და კეთილსინდისიერი მფლობელები შესახლდნენ სადავო ბინაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები სასამართლოს 1996წ. 31 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენდნენ სადავო ბინის კეთილსინდისიერ და მართლზომიერ მფლობელებს, ამიტომ მათ სრული უფლება გააჩნდათ, მოეთხოვათ მოპასუხეებისაგან მფლობელობის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მფლობელობა სადავო ბინაზე შეწყვეტილი არ იყო, ვინაიდან საკუთარი ნებით მათ არ დაუთმიათ ბინა, იგი, იძულებით მიატოვებინეს, ამასთან, სარჩელი ხანდაზმული არ იყო, ვინაიდან მართალია, სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდში, მაგრამ მხარეთა შორის მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა გრძელდებოდა ახალი სკ-ის ამოქმედების შემდეგაც, რომელიც უძრავი ნივთების მიმართ ახალ წესებს ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 მაისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, მოპასუხეების მტკიცებით ფ. ბ-ამ სადავო ბინა დატოვა 1990 წელს და ამ ბინაში მივიდა მხოლოდ 2001წ. სექტემბერში.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ იყო დასაბუთებული, თუ როდის და რა საფუძვლით შეწყვიტა ფ. ბ-ამ სადავო ბინის მფლობელობა.
სასამართლომ ძირითად მტკიცებულებად გამოიყენა სადავო ბინაში მოსარჩელეების ჩაწერის აღდგენის თაობაზე საბურთალოს რ-ნის სასამართლოს მიერ 1996წ. 31 მაისის გადაწყვეტილება. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 1996 წლიდან ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმდა, ხოლო მოქალაქეთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უკავშირდებოდა მფლობელობის უფლების წარმოშობა შეწყვეტას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელი არ დაკმაფოილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს 1988 წელს გამოეყოთ ერთოთახიანი ბინა. ამ დროიდან 2002წ. 22 მაისამდე მათ სადავო ბინაზე რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ.
ვინაიდან სადავო ბინაზე მფლობელობა შეწყდა 1988 წელს, მოსარჩელეებმა სარჩელი შეიტანეს მხოლოდ 2003 წელს, ხოლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, მე-80 მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს, მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
2005წ. 6 იანვარს მოსარჩელეებმა: ვა., ვ., ფ. ბ-ებმა და გ. ბ-ა-პ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართელოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორთა მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, ამასთან მიიღო და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს სადავო ბინაზე მოსარჩელეთა მფლობელობა შეწყდა 1988 წელს, მაშინ, როცა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი ვი., ვად., ვალ., გ. და რ. ბ-ების სადავო ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში მიჩნეული იქნა საპატიოდ დადგინდა, რომ მათ არ დაუთმიათ და არ დაუკარგავთ სადავო ბინის ფართზე უფლება და აღდგენილი იქნა ამ ბინაში მათი ჩაწერა. მითითებული გადაწყვეტილება აღსრულდა და ისინი შესახლდნენ სადავო ბინაში.
მართალია ფ. ბ-ა კონფლიქტური სიტუაციის გამო იძულებული გახდა 1994 წლიდან სხვა ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად, მაგრამ მან ამის შემდეგაც არაერთხელ სცადა სადავო ბინაში შეღწევა, მაგრამ უშედეგოდ. მართალია, მოდავე მხარეებს შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდში, მაგრამ ურთიერთობა მხარეებს შორის გაგრძელდა 1997წ. 25 ნოემბრის, ე.ი. ახალი სკ-ის ამოქმედების შემდეგ, რომლითაც განსხვავებული ხანდაზმულობის ვადებია დადგენილი. მოთხოვნის წარმოშობიდან _ 1996წ. 31 მაისიდან 2002წ. 2 მაისამდე _ სარჩელის წარდგენამდე კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ, კერძოდ გ. ბ-ა-პ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ თბილისში, ..., ფართით 48 კვ.მ. თავდაპირველად ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდა 18 პირი, ძმები ვა. და მა. ბ-ები თავისი ოჯახებით; საბურთალოს რ-ნის აღმასკომის 1988წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით ვა. და ვალ. ბ-ებს თავის სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად გამოეყოთ თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა,. რომელიც 2000 წელს პრივატიზებულ იქნა ვა. ბ-ის მეუღლის ვალ. ბ-ას სახელზე; სადავო ბინაზე მოსარჩელეებმა მფლობელობა შეწყვიტეს 1988 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში სადავო ბინის მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით 2003 წელს შეიტანეს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულად მიიჩნია.
საკასაციო პალატა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში თვლის, რომ არ არის გასაზიარებელი კასატორების: ვა., ვ. და ფ. ბ-ების მოტივაცია, რომ, ვინაიდან საბურთალოს რ-ნის სასამართლოს 1996წ. 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მათ აღუდგათ რეგისტრაცია და როგორც მართლზომიერი და კეთილსინდისიერი მფლობელები შესახლებულ იქნენ სადავო ბინაში, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 128-ე, 161-ე და 142-ე მუხლები.
საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ... ვალ., ვი., ვად., გ. და რ. ბ-ების ჩაწერა. კასატორების ვა., ვ., და ფ. ბ-ების მიმართ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაფერი დაუდგენია, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ამ სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულებული დავის მხარეები.
კასატორები თავად არ თვლიან სადავოდ, რომ ვა. და ვ. ბ-ები 1988 წლიდან, ხოლო ფ. ბ-ა 1994 წლიდან არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, ამდენად, საკასაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა სადაო ფართის სარგებლობის ხელშეკრულების აღკვეთის შესახებ ხანდაზმულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით.
გასაზიარებელია კასატორ გ. პ-ი-ბ-ას პრეტენზია რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა მისი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან 1996წ. 31 მაისის მითითიებული გადაწყვეტილებით მისი ჩაწერა აღდგენილ იქნა სადავო ბინაში და სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა ამ პერიოდიდან უნდა აეთვალა.
1996წ. 27 ივნისს კანონის «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოში გაუქმდა ჩაწერის ინსტიტუტი. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით რეგისტრაციის ფაქტი ადასტურებს მხოლოდ პირის საცხოვრებელ ადგილს და არ არის საცხოვრებელი სადგომის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან განხორციელების პირობა. გამომდინარე აღნიშნულიდან, რეგისტრაცია უშუაოლოდ უკავშირდება პირის მიერ საცხოვრებელი ფართის ფლობის განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საკითხი ამ კუთხით არ განუხილავს. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეები რეგისტრირებული არიან სადავო ბინის მისამართზე, მაგრამ სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გ. ბ-ა-პ-ი, სარგებლობდა თუ არა სადავო ბინით. სასამართლომ აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ უნდა იმსჯელოს გ., ბ-ა-პ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობის თაობაზე. ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად თვით მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვა., ვ. და ფ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გ. ბ-ა-პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. ბ-ა-პ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება