დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.05.2006
საქმის ნომერი
ას-61-509-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-61-509-06 25 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-იანმა 2003წ. 2 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1993წ. 11 თებერვლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ი-თან, რომელიც გარდაიცვალა 2002წ. 6 აგვისტოს. ქორწინების პერიოდში შეიძინეს თბილისში, ... მდებარე ბინა. მეუღლის სახელზე ირიცხება ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე სამხატვრო სახელოსნოს 1/2½წილი.

ნ. ი-მა ანდერძით მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება დაუტოვა შვილს – ქ. ი-ას.

დ. გ-იანმა სარჩელით მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ბინის ნახევარი, როგორც თანასაკუთრება და დარჩენილი 1/2-დან სავალდებულო 1/4 – სულ ამ ბინის 5/8, ასევე‚ სამხატვრო სახელოსნოდან – 1/4.

ქ. ი-ამ კი შეგებებული სარჩელით მოითხოვა დ. გ-იანის უღირს მემკვიდრედ ცნობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონულ სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹ 6-ში მდებარე სახლისა და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე‚ აწ გარდაცვლილ ნ. ი-ის სახელზე რიცხული სამხატვრო სახელოსნოს 1/4-ის თანამესაკუთრედ, დანარჩენ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა.

ქ. ი-ას წილი ამ ქონებაზე განისაზღვრა 3/4-ით, ხოლო მის შეგებებულ სარჩელს დ. ი-ას უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო ქ. ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება დ. გ-იანის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მას სარჩელზე უარი ეთქვა.

დ. გ-იანის რწმუნებულებმა პ. ლ-ძემ და ნ. გ-ძემ 2005წ. 24 თებერვალს საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი რწმუნებული იყო ავად, გააჩნდა შრომისუუნარობის ფურცელი და მისი გამოუცხადებლობა იყო საპატიო.

მოსარჩელე მხარე, დ.გ-იანის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-იანის რწმუნებულებმა პ. ლ-ძემ და ნ. გ-ძემ. კასატორები მოითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 392-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები; სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის «ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორების აღნიშნა, რომ უწყებაზე მითითებული არ იყო სხდომის ადგილის შესახებ, ხოლო მეორე რწმუნებულის – ნ.გ-ძის სახელზე გაგზავნილ უწყებაში კი _ თუ რა სტატუსით იყო დაბარებული იგი; ისინი გამოცხადდნენ დანიშნულ დროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში, თუმცა სასამართლოს მხრიდან დაშვებული შეცდომის გამო ჩაითვალა, რომ ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან, რასაც ადასტურებს თვით სხდომის ოქმიც, რომელშიც არასწორადაა დაფიქსირებული სხდომის დრო.

აღნიშნული საკასაციო საჩივარი მოპასუხე ქ. ი-ას წარმომადგენელმა მ. მეგრელიძემ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ კასატორები არ უარყოფენ, რომ მათთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მაგრამ დანიშნულ დროს (15.00 სთ.) არ გამოცხადდნენ, სხდომა კი დაიწყო 15 სთ-სა და 10 წთ-ზე, ამასთან, გამოტანილია უკვე მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მათ მიერ სასამართლოს უპასუხისმგებლობასა და საქმის გაჭიანურების მცდელობაზე მიუთითებს. მ. მეგრელიძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

საქმის მასალებით დადგენილად არის ცნობილი, რომ საჩივრის ავტორებს 2005წ. 22 დეკემბრის სხდომის თაობაზე ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მათთვის ცნობილი იყო სხდომის დაწყების დრო, მაგრამ ისინი დანიშნულ დროს არ გამოცხადნენ. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ისინი დანიშნულ დროს გამოცხადებული იყვნენ სასამართლოს შენობაში, მაგრამ სასამართლოს მხრიდან დაშვებული შეცდომის გამო ჩაითვალა, რომ ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან, ვინაიდან, მათ აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურეს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. გ-იანის, პ. ლ-ძისა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა