დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-622-904-05 ას-622-904-05 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 23 თებერვალს შპს “კ. გ. ბ.” დირექტორმა გ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. ქ. ბ. მცხეთის ფილიალისა და თანამოპასუხე ცეკავშირის სამრეწველო-სავაჭრო კომერციული ფირმა “ხ.” ნატახტარის ხილსაცავის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994წ. 25 ოქტომბრის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ცეკავშირის სამრეწველო-სავაჭრო კომერციული ფირმა “ხ.” ნატახტარის ხილსაცავის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს შპს “კ. გ. ბ.” სასარგებლოდ დაეკისრა 19.50418800 კუპონის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ამოიწერა ბრძანება, რომელიც არ აღსრულებულა. გ.ქ-მა მიუთითა, რომ ბრძანების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო გ. ქ. ბ. ბრალით და მოითხოვა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა და მიყენებული ზიანის მოპასუხეზე დაკისრება.
გაერთიანებული ქართული ბანკის მცხეთის ფილიალის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხა დაეკისრა ცეკავშირის სამრეწველო-სავაჭრო კომერციული ფირმა “ხ.” ნატახტარის ხილსაცავს, რის გამოც ბრძანება და გადაწყვეტილება საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად გადაიგზავნა ეროვნულ ბანკში, სადაც ფირმა “ხ.” ჰქონდა გახსნილი ანგარიში. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ 1998 წელს უკვე იცოდა, რომ დაირღვა მისი უფლებები.
ასევე არ ცნო სარჩელი თანამოპასუხე ცეკავშირის სამრეწველო-სავაჭრო კომერციული ფირმა “ხ.” ნატახტარის ხილსაცავმა, რადგან მიიჩნია, რომ იგი არ არის სათანადო მოპასუხე მოცემულ დავაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ შპს „ნ.“ მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ, მოსარჩელემ უარი თქვა დავაში სათანადო მოპასუხის ჩაბმაზე, რის გამოც სასამართლომ, სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი შპს-ის მიმართ არ დააკმაყოფილა, ხოლო თანამოპასუხის გ. ქ. ბ. მცხეთის ფილიალის მიმართ მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 1997 წელს უკვე იცოდა დარღვეული უფლების შესახებ. სარჩელი კი შეიტანა ოთხი წ. შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2004წ. 15 სექტემბერს შპს “კ. გ. ბ.” დირექტორმა გ. ქ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილ იქნა გ. ქ. ბ. თანამშრომელ დ. ბექაურის მიერ ჩადენილი დანაშაული 1998წ. 21 დეკემბრის დოკუმენტის გაყალბების შესახებ, რადგან არ აცნობა გ.ქ-ს საგადასახადო დავალების გაუნაღდებლობის ნამდვილი მიზეზი, კერძოდ, ის, რომ საგადასახადო დავალება გადაგზავნილი იყო ფირმა “ხ.” ანგარიშზე, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. ასევე გაუნაღდებლობის საფუძვლად მან გ.ქ-ს აცნობა, რომ ფირმა “ხ.” ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა, როცა ფირმის ანგარიშზე დიდი თანხა ირიცხებოდა.
გ.ქ-მა აღნიშნა, რომ, მართალია, დ.ბექაურის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მაგრამ დადგენილია დოკუმენტების გაყალბების ფაქტი. განმცხადებლის აზრით, სასამართლოს რომ სცოდნოდა დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, მაშინ გამოიტანდა გ.ქ-ისათვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.
ამდენად, განმაცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2001წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი საფუძვლით: შპს „ნ.“ მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ, რის შესახებაც განმცხადებელს ახალი გარემოება არ წარმოუდგენია განცხადებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მთავარი საფუძველი იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა. სადავო სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა ძველი სკ-ის მოქმედების პერიოდში, რომლის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელისათვის _ ერთი წლით. ამ ვადის გასვლა, 84-ე მუხლის საფუძველზე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგადასახადო დავალების შეუსრულებლბის შესახებ მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკვე იცოდა 1997წ. 10 აგვისტოს, თუმცა უნდა სცოდნოდა გაცილებით ადრე, რადგან, საკრედიტო დაწესებულებიდან თანხების ჩამოწერა უნდა მომხდარიყო საგადასახადო დავალების წარდგენიდანვე. სარჩელი წარდგენილ იქნა 2000წ. 28 თებერვალს. ვინაიდან მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენდნენ 1997წ.ათვის კომერციულ იურიდიულ პირებს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, 75-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრებოდა 1 წლით. ხოლო, კონკრეტულ შემთხვევაში, დავა შეეხებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომლის აღსრულებაზე კონტროლი ევალებოდა მოსამართლეს იმ დროს მომქმედი სსკ-ის 363-ე მუხლით. სააღსრულებო საბუთი უნდა განთავსებულიყო საკრედიტო დაწესებულებებში მოვალის კუთვნილი ანგარიშზე 425-ე მუხლის თანახმად.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განმცხადებელმა სააღსრულებო ბრძანება მიიღო 1995 წელს, ხოლო 1997 წლამდე მას უნდა სცოდნოდა, რომ მისი გადაწყვეტილება არ სრულდებოდა და უნდა გაეპროტესტებინა მისი აღუსრულებლობა 443-ე მუხლის თანახმად. სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გაპროტესტებისათვის დადგენილი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს სსკ-ის 423-ე მუხლის “ა”, “გ”, “ვ” პუნქტებს. „ა“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილების გაუქმება ამ საფუძვლით დასაშვებია, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ამ პუნქტის მითითება, რადგან მცხეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ გ. ქ. ბ. თანამშრომელმა დ. ბ-მა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გ.ქარელს 1998წ. 31 დეკემბრის წერილით. მას ამ განაჩენის თანახმად, დოკუმენტი არ გაუყალბებია. ასეც რომ იყოს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო არა ამ დოკუმენტს, არამედ 1997წ. 10 აგვისტოს წერილს, რომელიც საქმიდან ამოღებულია პროკურატურის მიერ, თუმცა ამოღების დადგენილებაში მითითებულია, რომ იგი არსებობდა საქმის მასალებში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად „გ“ პუნქტზე მითითება, რომლის თანახმადაც საქმის წარმოება განახლდება, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა.
რაც შეეხება ამავე მუხლის „ვ“ პუნქტს, რომლის თანახმადაც, მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებელს დაკონკრეტებული არა აქვს, თუ რა ახალი გარემოება ან მტკიცებულება მოიპოვა, რომლის წარმოდგენაც მან ვერ შეძლო თავისი ბრალის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანისას. სავარაუდოდ, განმცხადებელი ასეთ გარემოებად და მტკიცებულებად მიიჩნევს განაჩენს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 423-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად, განაჩენი მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა, მას შეეძლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობიდან სარჩელის აღძვრამდე და მის მერეც მიემართა პროკურატურისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ამასთან, მას რომც ჰქონოდა ასეთი განაჩენი გადაწყვეტილების გამოტანისას, ის მაინც ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოიყენა 1997წ. და არა 1998წ. დოკუმენტი, რომელიც გახდა წარმოდგენილი განაჩენის მსჯელობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ. გ. ბ.” დირექტორმა გ. ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასათანოდად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. გ.ქ-მა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურდა გ. ქ. ბ. მცხეთის ფილიალის მთავარი ბუღალტერის დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, მის მიერ წარდგენილი ბრძანების შეუსრულებლობა. კასატორი თვლის, რომ ზუსტად ზემომითითებული გარემოების გამო მან ვერ მიიღო მისთვის განკუთვნილი თანხა.
საკასაციო საჩივრის ავატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი მოთხოვნა ხანდაზმულად. გ.ქარელმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 1997 წლამდე შპს “კ. გ. ბ.” უნდა სცოდნოდა, რომ საარბიტრაჟო ბრძანების აღსრულება არ ხდებოდა, რადგან ბანკი თანხის განაღდებაზე უარს ამბობდა და ხელოვნურად აჭიანურებდა დროს.
კასატორი თვლის, რომ განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რის გამოც დაუსაბუთებლად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ქ-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით).
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „კ. გ. ბ.“ სარჩელი გ. ქ. ბ. მცხეთის ფილიალის მიმართ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ “მ.“, რომლის სამართალმემკვიდრეც გ. ქ. ბ., შესასრულებლად მიიღო საგადასახადო დავალება. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების არ აღსრულებულა, რის თაობაზეც მოსარჩელემ 1997 წელს უკვე იცოდა. აღნიშნული გარემოების დადგენა სასამართლომ შეძლო თვით მოსარჩელის მიერ გაერთიანებული ქართული ბანკის მცხეთის ფილიალის მიმართ მიწერილი წერილით, რომლითაც ის ბანკისაგან მოითხოვდა არბიტრაჟის ბრძანების აღსრულებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დროისათვის უკვე შპს-სათვის აშკარა გახდა, რომ მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდნენ. შპს-მ სარჩელი შეიტანა 2000წ. 23 თებერვალს ანუ 4წ. შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა (1 წელი), რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლიანობას.
საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც დადგენილია, რომ გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომელმა დ. ბ-მა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გ.ქ-ს 1998წ. 31 დეკემბრის წერილით.
საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსკ-ის 423-ე მუხლზე და თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა აღნიშნული ნორმა. აღნიშნული მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები (“ა”-”ვ” ქვეპუნქტები). განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “გ” და “ვ” ქვეპუნქტებზე. მითითებული მუხლის “ა” ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილების გაუქმება ამ საფუძვლით დასაშვებია, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ამ პუნქტზე მითითება, რადგან მცხეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ 1998წ. 31 დეკემბრის წერილით გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომელმა დ. ბ-მა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გ.ქ-ს. ამ განაჩენის თანახმად, დ.ბ-ს დოკუმენტი არ გაუყალბებია, მითუმეტეს, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანისას, დაეყრდნო არა ამ დოკუმენტს, არამედ 1997წ. 10 აგვისტოს გ.ქარელის წერილს, რომლითაც იგი ბანკს თხოვდა საარბიტრაჟო ბრძნების დროულად აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად „გ“ პუნქტზე მითითება, რომლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა.
აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: ა) ფაქტები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და ბოლოს მხარემ არ იცოდა ამ ფაქტების თაობაზე. ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განმცხადებელს შეეძლო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობიდან სარჩელის აღძვრამდე (საქმის წარმოების პერიოდშიც) მიემართა პროკურატურისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს (შპს-ს) რომ ჰქონოდა ასეთი განაჩენი გადაწყვეტილების გამოტანისას, ის მაინც ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოყენებულია 1997წ. დოკუმენტი (მოსარჩელის წერილი) და არა 1998წ. ის საბუთი, რომელიც გახდა წარმოდგენილი განაჩენის მსჯელობის საფუძველი.
ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სსკ-ის 423-ე მუხლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „კ. გ. ბ.“ დირექტორ გ.ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საქმის წარმოების განახლება