გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-627-903-05 29 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემხალველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გაზეთ „.. ..ის» 1-8 მარტის ¹9 ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ზ. წ-ის პუბლიკაცია სათაურით _ „ადვოკატი მოსამართლეს შანტაჟს უწყობს», ქვესათაურით _ „დიდი სამეული იშლება», «ინტრიგები და ხლართები» და „ადვოკატი ჟურნალისტის გასვრას შეეცადა».
გამოყვეყნებულ პუბლიკაციაში _ „ადვოკატი ჟურნალისტის გასვრას შეეცადა» _ ჟურნალისტი ს. წ-ი აღნიშნავს _ „ადვოკატ ნ-ეს ძალიან სურდა მის მიერ მოთხრობილი ბრალდებები მოსამართლე მ-ისათვის არ წარმედგინა, მან ისიც კარგად იცოდა, რომ მოსამართლე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტმაც არაფერი იცის, არ წავა საოლქო სასამართლოში ხუთივე სისხლის სამართლის საქმეს არ გაეცნობა და, შესაბამისად, დასკვნებსაც ვერ გააკეთებსო. შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა დავიწყე, ნ-ე დამიკავშირდა და ხმამაღალი ტონით მითხრა _ „რაღა მასალები გინდა, მე ხომ მოგაწოდე. შენ აგენტი ხარ, ყველაფერი ჩაუკაკლე მ-ეს. კ-ის შეკვეთილ წერილებს წერ, შენ გასვრილი ხარ». ნ-ე ცდილობდა მოსამართლის გასვრას, კერძოდ, მან მოსამართლე გ-ი მიაგზავნა მ-ესთან და დააბარა: «500 აშშ დოლარი მისცეს თორემ ჟურნალისტს წერილს დავაწერინებო». ნ-ემ მ-ეს გ-ის პირით ისიც შეუთვალა, ფულს თუ გადამიხდის ჟურნალისტს (ს. წ-ს) დავურეკავ, წერილს დავაბრუნებინებ და პრობლემა აღარაფერი იქნებაო. ამ ფაქტს მოსამართლე გ-ი უარყოფს. ვისგან ჰქონდა გარანტია მ ნ-ეს, რომ წერილი მისი ბრძანებით „დაიბლოკებოდა?» ხომ არ ფიქრობდა ადვოკატი, რომ თუ მ-ე „შანტაჟს» დაემორჩინებოდა და ფულს გადაუხდიდა უკვე დაწერილი სტატიის „დასაბლოკად», თანხიდან წილს მომცემდა. შესაძლებელია «ჟმოტობა გამოეჩინა» და „მეგობრულად» ეთხოვა „წერილი არ გაუშვაო».
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაციით შეილახა მისი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, ვინაიდან იგი ადვოკატი იყო და, პროფესიიდან გამომდინარე ურთიერთობა ჰქონდა საზოგადოების ფართო ფენასთან, შეირყა მისი ავტორიტეტი და შესაძლოა ვინმეს დაეჯერებინა მისი ბრალეული ქმედების შესახებ. მისი პიროვნების შეურაცხმყოფელი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მიიღო დიდი სულიერი ტკივილი, რის გამოც სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „.. ..ისა» და მესამე პირის _ ჟურნალისტ წ-ის მიმართ და, სკ-ის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, მოითხოვა, მის მიმართ გავრცელებული შეურაცხმყოფელი ცნობების უარყოფა იმავე გაზეთის მეშვეობით და მიყენებული (არაქონებრივი) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 10000 ლარის დაკისრება.
საქმის განხილვისას მოპასუხე შპს „.. ..მა» არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გაზეთის ქვესათაურებში გამოქვეყნებული ინფორმაციით არ შელახულა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ ნ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გაზეთში გამოქვეყნებულ წირილში გამოთქმული მოსაზრებები დაკავშირებულია ფაქტთან, რომელიც მიზნად არ ისახავდა მოსარჩელის პატივისა და ღისრების შელახვას.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა, გაუქმდეს სასამართლოს 2004წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მის მიმართ იმავე გაზეთის მეშვეობით გავრცელებული ცნობების და ინფორმაციის უარყოფის, აგრეთვე, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად შპს „.. ..ისათვის» მის სასარგებლოდ მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული პუბლიკაცია თავისი მყვირალა აჟიტირებული სათაურით არის შეურაცხმყოფელი მისი პიროვნებისათვის, ფაქტები და მოვლენები არასწორად არის გაშუქებული. ჟურნალისტ ს. წ-ს სტატიაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობა არ ჰქონდა გადამოწმებული, უფრო მეტიც, მოსამართლე გ-მა უარყო რა ის ფაქტი, რომ მას ამ უკანასკნელისათვის არ მიუმართავს, მისი მეშვეობით მოსამართლე მ-ისათვის გამოერთმია 500 აშშ დოლარი სტატიის „დასაბლოკად». ჟურნალისტმა ს. წ-მა მაინც გამოაქვეყნა აღნიშნული სტატია და მოსამართლე გ-ის მიერ ამ ფაქტის უარყოფა თავადაც დაადასტურა სტატიის სათაურში. აპელანტის მოსაზრებით, შეირყა მისი, როგორც ადვოკატის, ავტორიტეტი ფართო საზოგადოების წინაშე და მას ძლიერი სულიერი ტანჯვა მიაყენა გაზეთში დაბეჭდილმა ცილისმწამებლურმა სტატიამ. პუბლიკაცია პირადად ეხება მას და არ გამომდინარეობს მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან, როგორც ეს სადავო გადაწყვეტილებაშია მითითებული იმის დასადასტურებლად, რომ მან, როგორც საჯარო მოსამსახურემ, კერძოდ, ¹... ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, უნდა ითმინოს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული კრიტიკა.
აპელანტი ასევე, არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას იმის შესახებ, რომ წერილის გამოქვეყნებით არ შელახულა მისი პატივის და ღირსება და, როგორც საჯარო მოსამსახურის საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი.
მოწინააღმდეგე მხარის მიითთებით, გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაცია გადამოწმდა, შემოწმდაებულია მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა, რაც დასტურდება საქმეზე თანდართული ვიდეო ჩანარებით, სადაც მოსამართლე ს-ე განმარტავს, რომ იგი მოსამართლე გ-ის ოთახში იყო, როცა მ. ნ-ემ გ-ს უთხრა _ «მომცეს 500 აშშ დოლარი მოსამართლე მ-ემ და ჟურნალისტს სტატიას დავაბლოკინებო», რაც მოპოვებული იქნა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. მასვე მიაჩნია, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებით ბრალეულად არ შელახულა მ. ნ-ის პატივი და ღირსება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ნოემბრი სგადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
შპს გაზეთ «.. ..ის» რედაქციას დაევალა, უარყოს 2004წ. 1-8 მარტის გაზეთ «.. ..ში» გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურებით: _ «დიდი სამეული იშლება», «ინტრიგები და ხლართები», «ადვოკატი ჟურნალისტის გასვრას შეეცადა», მ. ნ-ის პატივისა და ღირსების შემლახველი გავრცელებული ცნობები, «ნ-ე თავად ცდილობდა ჟურნალისტის გასვრას, კერძოდ, მოსამართლე გ-ი მიაგზავნა მ-ესთან, რომ 500 აშშ დოლარი მომცეს, თორემ ჟურნალისტს წერილს დავაწერინებო. ნ-ემ მ-ეს გ-ის პირით ისიც შეუთვალა, რომ ფულს თუ გადამიხდის, ჟურნალისტს (ს. წ-ს) დავურეკავ, წერილს «დავაბლოკინებ» და პრობლემა აღარაფერი იქნებაო, რასაც გ-ი უარყოფს. ვისგან ჰქონდა გარანტია მ. ნ-ეს, რომ წერილი მისი ბრძანებით «დაიბლოკებოდა»? ხომ არ ფიქრობდა ადვოკატი, რომ თუკი მ-ე «შანტაჟს» დაემორჩილებოდა და ფულს გადაუხდიდა, იმ თანხიდან უკვე დაწერილი სტატიის «დასაბლოკად» წილს მომცემდა? შესაძლებელია «ჟმოტობა» გამოეჩინა, «მეგობრულად» ეთხოვა – წერილი არ გაუშვაო».
აღნიშნული ცნობების უარყოფა უნდა მოხდეს შპს გაზეთ «.. ..ის» იმავე გვერდზე, იმავე შრიფტით, როგორც სადავო პუბლიკაციის გამოქვეყნებას.
შპს «.. ..ს», დაეკისრა მ. ნ-ის სასარგებლოდ მიყენებული არაქონებრივი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სტატია გაზეთ «.. ..ში» გამოქვეყნდა 2004წ. 1-8 მარტს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს «პრესისა და მასობირვი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ» 1991წ. 10 აგვისტოს კანონი, რადგან მხარეთა შორის დავა წარმოიშვა ამ კანონის მოქმედების დროს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა დაუშვებელია. ასევე, «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ» ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლებას. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად, მაგრამ ამავე დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საკანონმდებლო აქტები ადგენს, როგორც მოსაზრების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიებს.
სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.
ეს არის შემთხვევა, როცა კანონმდებელი შესაძლებლად მიჩნევს სახელმწიფო ჩარევას სიტყვის თავისუფლების განხორციელებაში და სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას პირადი პატივისა და ღისრების დასაცავად.
როდესაც ჟურნალისტი პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს აქვეყნებსბ მან ფაქტების შესაბამისად უნდა დაასაბუთოს ის, რაც ჟურნალისტის გამოძიებაშია გამოყენებული და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მონაცემები სინამდვილეს შეესაბამება.
პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, «ჟურნალისტი ვალდებულია, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა».
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს გაზეთ «.. ..ის» რედაქციამ და ჟურნალისტმა არ გადაამოწმეს ფაქტების უტყუარობა და გამოაქვეყნეს სტატია, რომელმაც აშკარად ბრალეულად შელახა ადვოკატ მ. ნ-ის პატივი და ღირსება ფართო საზოგადოების წინაშე, მით უმეტეს, რომ გაზეთის მეშვეობით ინფორმაცია ფართო მასებს მიეწოდება.
თავის მხრივ, მოპასუხე შპს «.. ..მა» სასამართლოს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებში, «ადვოკატი მოსამართლეს შანტაჟს უწყობს», «ადვოკატი ჟურნალისტის გასვრას შეეცადა», ინფომრაცია იყო შემოწმებული და სინამდვილეს შეეფერებოდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გაზეთ «.. ..ში» გამოქვეყნებული სტატია ბრალეულად ლახავს მ. ნ-ის პატივსა და ღირსებას და საზოგადოების თვალში წარმოაჩენს როგორც «ქრთამის გამომძალველსა» და მიმცემს, კერძოდ, გაზეთის სათაურში «ადვოკატი ჟურნალისტის გასვრას შეეცადა» მითითებულია, მან მოსამართლე გ-ი მიაგზავნა მ-ესთან 500 აშშ დოლარი მომცეს, თორემ ჟურნალისტს წერილს დავაწერინებო. ნ-ემ მ-ეს გ-ის პირით ისიც შეუთვალა, რომ ფულს, თუ გადამიხდის ჟურნალისტს (ს. წ-ს) დავურეკავ და წერილს «დავაბლოკინებ» და პრობლემა აღარაფერი იქნებაო».
ის გარემოება, რომ გაზეთში შეუმოწმებელი ინფორმაცია გამოქვეყნდა, იმითაც დასტურდება, რომ მოსამართლე გოჩიტაშვლმა სტატიის გამოქვეყნებამდე ეს ფაქტი უარყო, მაგრამ მაინც გამოაქვეყნეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მტკიცებულებად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, სადაც მოსამართლე ს-ემ განაცხადა, რომ იგი შეესწრო მ. ნ-ეს, გ-ის სამუშაო ოთახში, როცა იგი ეუბნებოდა ამ უკანასკნელს, რომ მ-ეს მისთვის სტატიის დასაბლოკად უნდა გადაეცა 500 აშშ დოლარი, რათა სტატია აღარ დაბეჭდილიყო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული ამ სახის მტკიცებულება და, ამასთანავე, იგი მოპოვებული არ არის კანონით დადგენილი წესით, რის გამოც მას მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თვით მოპასუხეთა განმარტებით, მათ ეს ვიდეოჩანაწერი მოამზადეს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციის უტყუარობა რედაქციას წინასწარ არ შეუმოწმებია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილებულიყო ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა, მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გაზეთის მეშვეობით უარყოფის შესახებ. სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის მე-7 წინადადების თანახმად, პატივისა და ღირსების «ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც».
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმის შესახებ, რომ რადგან მ. ნ-ე არის საჯარო მოსამსახურე, კერძოდ, ¹... ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ მას საადვოკატო საქმიანობა არ შეუწყვეტია, მან, როგორც საჯარო მოსამსახურემ, უნდა ითმინოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა.
საპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მ.ნ-ის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გავრცელებული არ ყოფილა საჯარო სამსახურში მის მოვალეობის შესრულებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ იგი იყო პიროვნული ხასიათის და შეეხებოდა მისი პატივისა და ღირსების შელახვას, ასეთ პირობებში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შპს «.. ..მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით. მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლი განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ მათ მიერ გავრცელებული ცნობების სისწორე წინასწარ გადამოწმებული არ ყოფილა, რითაც დაარღვიეს «პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის შესახებ» კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაილი, არასწორია. მათ დაასახელეს იმ პირთა ვინაობა, ვისთანაც გადაამოწმეს ცნობები, ასევე შუამდგომლობით მოითხოვეს მათი მოწმედ დაკითხვა. სასამართლომ კანონის დარღვევით, საქმეს მტკიცებულების სახით არ დაურთო წირმოდგენილი ვიდეოკასეტა.
კასატორის აზრით, სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ის 83-ე მუხლი და მოსარჩელე მხარეს მისცა საშუალება, მთავარ სხდომაზე შეეცვალა სარჩელის საგანი და მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრების ნაცვლადბ მოითხოვა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მორალური ზიანისათვის 500 ლარის გადახდა, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ნ-ისათვის ზიანისა და ძლიერი სულიერი ტანჯვის მიყენებას. სასამართლომ დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ სტატიაში მოყვანილმა ფაქტებმა და მოსაზრებებმა, ბრალეულად შელახა მოსარჩელის პატივი და ღირსება.
კასატორი, ასევე, განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის მე-18 მუხლი. საქმისავთის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დაუდგენელია, არ არის გამოკვლეული და შესწავლილი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლომ საერთოდ არ იხელმძღვნელა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატა გაეცნო რა სააპელაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის არღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემდეგში გამოიხატება;
სკ-ის მე-18 მუხლის თანახმად, რომელიც გამოიყენა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ, ცნობების გამავრცელებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს შეეფერება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის უტყუარობა რედაქციას წინასწარ არ შეუმოწმებია. საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე გ-მა არ დაადასტურა მითითებული ფაქტი, არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ არც ის გარემოებაა დასაბუთებული, ინფორმაციის სინამდვილე გადაამოწმა თუ არა ცნობების გამავრცელებელმა, ვინაიდან ჟურნალისტი თავისი ინფორმაციის წყაროდ მიუთითებდა არა მხოლოდ მოსამართლე გ-ს;
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე მოწმეებად დაკითხულიყვნენ მ-ე და ს-ე, მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი, რათა გარკვეულიყო დავის გადასაწყეტად მნიშვნელოვანი გარემოება.
აღნიშნული პიროვნებების დაკითხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისითაც, რომ მოპასუხემ წარმოადგინა ნივთიერი მტკიცებულება იმისა, რომ მოწმეებად მოწვეული პირები ადასტურებდნენ გავრცელებული ინფორმაციის სინამდივლეს.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მას ფრაზების: «დიდი სამეული იშლება», «ინტრიგები და ხლართები», «ვისგან ჰქონდა გარანტია მ. ნ-ეს, რომ წერილი მისი ბრძანებით დაიბლოკებოდა», «ხომ არ ფიქრობდა ადვოკატი, რომ თუკი მ-ე შანტაჟს დაემორჩილებოდა და ფულს გადაუხდიდა, იმ თანხიდან უკვე დაწერილი სტატიის დასაბლოკად ფულს მომცემდა», უარყოფა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ფრაზები უკვე ჟურნალისტის შეფასებებია და არ შეიძლება აღნიშნული მსჯელობის სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცება.
აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან აუარყოფად ფაქტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ ფაქტები უნდა გამიჯნოს მოსაზრბებისაგან. ამასთან, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დაადგინოს მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „.. ..ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.