გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-646-921-04 22 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 11 დეკემბერს შპს «ს...მა» სარჩელი აღძრა შპს «ი...ის» მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «ს...ის» სარჩელი და მოპასუხე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო-სამედიცინო დაწესებულებათა სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 63.155 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ძირითადი თანხის სახით, ხოლო 438600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ პირგასამტეხლოს სახით.
მოპასუხემ განცხადებით მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა შპს «ი...ს» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება; სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით შპს «ი...ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება, თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
2003წ. 10 აპრილს შპს «ს...მა» სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ 1995წ. 7 ნოემბერს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს «ს...სა» (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს «ს...ი») და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის საკურორტო-სამედიცინო მომარაგების სამსახურის სამმართველოს შორის (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს «ი...ი») დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის ეტაპობრივად მიეწოდებინა 200.000 ქილა «აჯიკა» 1997წ. იანვრამდე. თითო ქილა აჯიკის ფასი განისაზღვრა ერთი ლარითა და 22 თეთრით. მყიდველს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა საქონლის რეალიზაციის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1996წ. 1 ნოემბრისა.
1995წ. 10 ნოემბერს მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს 100.000 ქილა «აჯიკა», რაც დასტურდება სასაქონლო-სატრანსპორტო ¹... ზედდებულით. ამ რაოდენობიდან 14800 ქილა «აჯიკა» მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს. 1996წ. 24 ივლისს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს 1995წ. 7 ნოემბრის ხელშეკრულების 9.1 პუნქტში, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდიდა ჯარიმას 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადატვირთული საქონლის ღირებულებიდან.
1998წ. 26 ივნისს მხარეთა მიერ შედგენილ იქნა შედარების აქტი, რომლითაც დადასტურებულ იქნა მოპასუხის მიერ 85200 ქილა «აჯიკის» მიღების ფაქტი საერთო ღირებულებიდან 103.000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ოთხი თვის განმავლობაში გაესწორებინა ანგარიში შპს «ს...ისათვის» ყოველთვიურად 15-20%-ის ოდენობით.
მოსარჩელის აზრით, სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი, გარდა 1998წ. 26 ივნისის შედარებითი აქტით წარმოშობილი ურთიერთობისა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ უგულებელყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე, 165-ე მუხლების მოთხოვნები, ბრალეულად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც საფუძველს აძლევს მოსარჩელეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვოს მოპასუხისგან დათქმული ფასის გადახდა, ხოლო 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას შპს «ს...მა», იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ დაფარა დავალიანება, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეამცირა 700.000 ლარამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ს...ის» სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს «ი...ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 700.000 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ მიუთითა, რომ 1995წ. 7 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად 100.000 ქილა «აჯიკის» მოპასუხის საკუთრებაში გადასვლის ფაქტი დასტურდება 1995წ. 10 ნოემბრის სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულით და 1995წ. 10 ნოემბრის მინდობილობით, შემდგომში პროდუქციის გარკვეული ნაწილი დაუბრუნდა შპს «ს...ს» და საბოლოოდ გაყიდულ იქნა 85.200 ქილა «აჯიკა», რაც აისახა შედარების აქტში. 1998წ. 26 ივნისის შედარების აქტით მოპასუხე «ი...ის» დირექტორმა და მთავარმა ბუღალტერმა აღიარეს ფირმა «ს...ისაგან» 85.200 ქილა «აჯიკის» მიღება, შედარების აქტში აღნიშნული პროდუქციის ღირებულება მოსარჩელის გაანგარიშებით შეადგენს 103.000 ლარს, ამასთან, აიღეს ვალდებულება ოთხი თვის განმავლობაში გაესწორებინათ ანგარიში თვეში 15-20%-ის ფირმა «ს...ისათვის» გადახდით, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულებულა. მოპასუხემ არ შეასრულა ასევე ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად იგი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაეხადა საქონლის რეალიზაციის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1996წ. 1 ნოემბრისა. გარდა ამისა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა იქნეს გადახდილი პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადატვირთული საქონლის ღირებულებიდან.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს «ი...მა» და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ფაქტობრივად არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლი, კერძოდ, მოახდინა აღნიშნული მუხლის იგნორირება, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მიანიჭა წინასწარ დადგენილი ძალა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი კი საერთოდ არ განიხილა და ისე გამოიტანა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის მე-4 და 83-ე მუხლები და არა მარტო შეზღუდა მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნის გაქარწყლების უფლება, არამედ, ფაქტობრივად, თვითონ იკისრა მოსარჩელის დაცვის ფუნქცია; არ გამოიყენა ამავე კოდექსის 90-ე მუხლი, როდესაც საქმეში მესამე პირად სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ჩართვაზე საერთოდ არ იმსჯელა. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და სრულიად უსაფუძვლოდ იხელმძღვანელა მოქმედი სკ-ის იმ ნორმებით, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, და თანაც, არასწორად განმარტა ისინი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 700000 ლარის გადახდა. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სასამართლომ მსჯელობა არ იქონია იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს შპს „ი...ისათვის» დაკისრებული თანხა. გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, თუ რას შეადგენს ძირითადი თანხა ან პირგასამტეხლო, ასევე, დასაბუთებული არ არის მათი დაკისრების აუცილებლობა. გადაწყვეტილება მხოლოდდამხოლოდ უთითებს შედარების აქტში მითითებული მოსარჩელის მიერ თანხის ოდენობის გაანგარიშებაზე, მხარის ახსნა-განმარტებაზე, რაც მითითებულია სასამართლოს სხდომის ოქმში. სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად. იგი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებათა მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა, შეესაბამებოდა თუ არა მხარის მიერ მითითებული გაანგარიშება საქმეში არსებულ მასალებს და მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე უნდა განესაზღვრა დასაკისრებელი თანხების ოდენობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსით ნებადართულია მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრა (418-ე მუხლი), მაგრამ ამავე კოდექსის 420-ე მუხლში მითითებულია, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობად მიჩნეულია 0,5% ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ემსჯელა, არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო _ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ შპს „ი...ისთვის» 700000 ლარის დაკისრება თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დაუსაბუთებელია, ამიტომ აგსაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით უნდა დაადგინოს გადასახდელი თანხის ოდენობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ი...ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნეს იმავე კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.