გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-648-941-05 31 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ., გ., ი. და ზ. რ.-ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს შ. შ.-ის, მ. ბ.-ისა და თბილისის ¹... სანოტარო კანტორის მიმართ და მიუთითეს, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე კომუნალური ბინა, რომელიც ირიცხებოდა გ. რ.-ის სახელზე, 1993წ. 10 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების შესაბამისად, გაფორმდა უფროსი შვილის _ ი. რ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით. 1994წ. მაისში მათთან მივიდნენ შეიარაღებული მხედრიონელები, რომლებმაც მოითხოვეს ლ. რ.-ის მიერ გ. შ.-ისაგან აღებული ვალის _ 8000 აშშ დოლარის დაბრუნება პროცენტებით, სულ 20000 აშშ დოლარის. იმის გამო, რომ ნ. რ.-ემ ვერ შეძლო ზემოაღნიშნული თანხის გადახდა, იგი ძალით წაიყვანეს სანოტარო კანტორაში და ხელი მოაწერინეს სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, შვილის _ ი. რ.-ის მიერ 1994წ. 29 ივნისს ოდესიდან ფაქსით გამოგზავნილი მინდობილობის საფუძველზე. ნ. რ.-ე მიუთითებს, რომ ბინა გაიყიდა ძალადობითა და მუქარით. მისთვის ბინის საფასური არ გადაუხდიათ და ისიც არ იცოდა, თუ ვის სახელზე გაფორმდა ბინა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, 1994წ. 5 ივლისს სადავო ბინაზე ნ. რ.-ესა და შ. შ.-ს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება, როგორც იძულებით დადებულის, ასევე 1994წ. 13 ივლისს შ. შ.-სა და მ. ბ.-ს შორის სადავო ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც კანონსაწინააღმდეგო და თვალთმაქცური გარიგებისა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით ნ., გ., ი. და ზ. რ.-ეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1994წ. 5 ივლისს ნ. რ.-სა და შ. შ.-ს შორის სადავო ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრი ¹...) და 1994წ. 13 ივლისს შ. შ.-სა და მ. ბ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრის ¹...), ქ.თბილისში, ... მდებარე ი. რ.-ის ოთხოთახიანი ბინის ყიდვა-გაყიდვის ნაწილში ნაწილობრივ შეიცვალა. 98 კვ.მ ბინის ½1/2-ის კანონიერ შემძენად და მესაკუთრედ ცნობილ იქნა შ. შ.-ე და მ. ბ.-ი. აღნიშნული ბინის 1/2 დარჩა გ. და ზ. რ.-ეების საკუთრებაში და ასე აღირიცხა იგი საჯარო რეესტრში. ნ. და ი. რ.-ეებს შ. შ.-ის უფლებამონაცლეების ყ. შ.-ის და ქ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად ცნო ის გარემოება, რომ ნ. და ი. რ.-ეებმა ნებაყოფლობით გაასხვისეს სადავო ბინა, მაგრამ ჩათვალა, რომ მათ ბინა გაასხვისეს სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მაშინ, როცა სადავო ბინა იყო გ., ნ., ზ. და ი. რ.-ეების თანასაკუთრება. 1964წ. რედაქციით სკ-ის 113-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრების გასხვისების შემთხვევაში საჭირო იყო თანამესაკუთრეთა თანხმობა, რაც ნ. და ი. რ.-ეებს არ ჰქონიათ, ასევე დადასტურებულად ცნო ისიც, რომ შ.შ.-ე და მ.ბ.-ი კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. რ.-ეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. და გ. რ.-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების მოტივაცია გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თუმცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უცვლელი დარჩა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ., ნ., ზ. და ი. რ.-ეების წარმომადგენლებმა ზ. ს.-მ და დ. მ.-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრვის საფუძვლები და არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ გაიზიარა რ.-ეების მოსაზრება, რომ ნ. რ.-სა და შ. შ.-ს შორის 1994წ. 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის ძალადობის, მუქარის საფუძველზე დადებული გარიგება და ბათილია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ. რ.-ზე ძალადობის ფაქტის შესახებ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. საკასაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო პალატას, რადგან სკ-ის (1964წ. რედაქციით) 56-ე მუხლში საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ ძალადობისა და მუქარის ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. პალატა, ასევე, არასწორად თვლის სააპელაციო პალატის მიერ შ. შ.-ის უფლებამონაცვლეების, ყ. შ.-ისა და ქ. ს.-ის სასარგებლოდ ნ. და ი. რ.-ებზე დაკისრებულ 10000 აშშ ეკვივალენტის გადახდას ეროვნულ ვალუტაში. სააპელაციო პალატამ ისე დააკისრა აღნიშნული თანხა რ.-ეებს, რომ მოპასუხეების მხრიდან ამის მოთხოვნა არ ყოფილა. პალატამ ნ., გ., ზ. და ი. რ.-ების საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატამ დანიშნა მთავარი სხდომა, რა დროსაც არ გამოცხადდა მოწინაააღმდეგე მხარე ბ.-ი. სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო ბ.-ისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების შედეგები. 2004წ. 29 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა ბ.-ი, ასევე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე შ.შ.-ე. იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო მათი გამოუცხადებლობის მიზეზები და სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ბათილად ცნო ნ. რ.-სა და შ. შ.-ს შორის 1994წ. 5 ივლისს დადებული ხელშეკრულება, შ. შ.-სა და მ. ბ.-ს შორის 1994წ. 13 ივლისს დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, … მდებარე ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელეების გივი, ნ., ი. და ზ. რ.-ეების სახელზე.
ზემოთ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მ.ბ.-ის წარმომადგენელმა გ.გ.-მ. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბ.-ის წარმომადგენლის გ.გ.-ის საჩივარი გამოუცხადებლობის გამო და უცვლელი დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მ. ბ.-ის წარმომადგენელმა გ.გ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უხეშად დაარღვია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები. ასევე მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა, რომ გ.-ე იყო ამ დღეს დაკავებული საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვა საქმის განხილვით, რაც მათთვის ცნობილი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მითითებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცენობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტის წარმომადგენელ გ.გ.-ს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე მითითებული ნორმის შესაბამისად გაგზავნილი არ ჰქონდა.
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახეზეა 233-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტის წარმომადგენელს უწყება არ ჰქონდა ჩაბარებული კანონით დადგენილი წესით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომსდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციპო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.