გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-665-919-05 7 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 14 აგვისტოს ც. წ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. წ-ის მიმართ ბინიდან წილის გამოყოფის თაობაზე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ც. წ-ის სარჩელი რ. წ-ის მიმართ ბინიდან რეალური წილის გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
2003წ. 12 თებერვალს ო. ჯ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება, რომელიც ამავე სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.
ო.ჯ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ც. და რ. წ-ების თანასაკთრებაში არსებულ ქონებაზე (ბინაზე) აღსრულების მიქცევა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტიებით ც.წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილი იქნა თბილისში, … მდებარე, რ. წ-ის სახელზე რიცხული ბინის ½ მესაკუთრედ. ო.ჯ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ზემოაღნიშნული ბინის რეალიზაცია მისი ვალის დასაფარად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრაც. წ-ემ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ც. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალიგადაწყვეტილება, რომლითაც ო. ჯ-ის მოთხოვნას, რ. წ-ის ვალის გამო, მისი მეუღლის ც. წ-ის საკუთრებაში არსებული ბინის, 1\2-ზე მდებარე თბილისში, ... გადახდევინების მიქცევაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ც. წ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, თბილისში, ... მდებარე რ. წ-ის სახელზე რიცხული ბინის 1/2-ზე, კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციით არ უნდა მომხდარიყო ო.ჯ-ის ვალის დაფარვა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ც. წ-ე 1970 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ. წ-ესთან.
სკ-ის 1170-ე მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ანდა თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნული ვალების გამო, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ვალდებულებით მიღებული ქონება, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ. წ-ის მიერ ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება ო. ჯ-ის მიმართ, გახდა ამ უკანასკნელზე 6500 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი ო. ჯ-ის სასარგებლოდ, თუმცა ასევე დადგენილია, რომ ეს თანხა უშუალოდ რ. წ-ის ოჯახის ინტერესებს არ მოხმარებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც.წ-ე არ არის ვალდებული, აღნიშნული ვალის გადახდევინება მოხდეს ზემომითითებული ნორმის შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2-ის რეალიზაციით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნა და საერთოდ არ გამოიყენა იგი. ო.ჯ-ის განმარტებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ. წ-ის მიერ მიღებული სესხი მისი ოჯახის ინტერესებს არ მოხმარებია, ასევე არ მიუთითა, თუ რომელი საქმის მასალებით დაადგინა აღნიშნული, როდესაც საქმეში არსებული რ.წულუკიძის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მან ო.ჯ-ისაგან აღებული თანხით შეიძინა სამედიცინო პრეპარატები მისი შემდგომი რეალიზაციისა და მოგებისათვის. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ამგვარი მოქმედება მისი ოჯახის კეთიდღეობას ემსახურებოდა.
ო.ჯ-მა მიუთითა, რომ სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ იმსჯელა გარემოებებზე, რის შედეგადაც მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი შემოწმებაც კი შეუძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნულ კანონდარღვევას იწვევს გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ სსკ-ის 244-ე და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველობა, კერძოდ, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი _ დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა კანონზე, (სკ-ის 1170-ე მუხლი), მაგრამ გადაწყვეტილება არ დაასაბუთა ფაქტობრივი თვალსაზრისით, ე.ი. არ დაადგინა საქმისათვის (აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის) მნიშვნელოვანი გარემოებანი. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სესხად აღებული თანხა ოჯახის ინტერესებს მოხმარდა. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომლებითაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, შეაფასოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განსაზღვროს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი. პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სკ-ის 1170-ე მუხლი, ამიტომ ამ მუხლის მაკვალიფიცირებელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას შესაძლებელი იქნება გაირკვეს შეგებებულის სარჩელის დასაბუთებულობის საკითხი. საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული ყველა ის მტკიცებულება (მხაღეთა ახსნა-განმარტებები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები), რომლითაც დადასტურდება ან გამოირიცხება ო.ჯ-ისაგან აღებული სესხის ოჯახის ინტერესებისათვის გახარჯვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტძილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.