დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-682-986-05 11 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
სარჩელის საგანი: სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით ვაგონ-ცისტერნების გამოყენებისა და ტვირთის შენახვისათვის დარიცხული თანხების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ...“ გენერალურმა დირექტორმა სარჩელი აღძრა შპს ...“ და შპს ...“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2003 წლიდან შპს ...“ მეშვეობით მოპასუხე კომპანიები ახორციელებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე (აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ფოთამდე) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებს სხვადასხვა მოცულობით. ...“ მხრიდან ვალდებულებები ჯეროვნად სრულდებოდა, ხოლო გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე („...და ...“), რომლებიც იმავდროულად იყვნენ ტვირთმიმღებები, ვერ უზრუნველყოფდნენ დანიშნულების ადგილამდე მიტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დროულ მიღებასა და დაცლას. ამის გამო, ვაგონ-ცისტერნები გარკვეული დროით ჩერდებოდა ფოთსა და სხვადასხვა სადგურში. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს რკინიგზის კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად „რკინიგზის მიერ ტვირთმიმღებისათვის ვაგონის დასაცლელად ან დასატვირთავად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე, ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით ვაგონ-ცისტერნების გამოყენებისა და ტვირთის შენახვისათვის‚ ... “ დარიცხული თანხის - 322 171,87 ლარის დაკისრება, ხოლო „...“ კი 413 403,86 ლარის დაკისრება.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეებზე დარიცხული თანხები გაიზარდა, მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2003 წლიდან 2004წ. 1 სექტემბრის ჩათვლით ვაგონების გამოყენებისა და ტვირთის შენახვისათვის დარიცხული თანხის - 338 159,51 ლარის დაკისრება ...“, ხოლო ...“ კი 988 628,87 ლარის დაკისრება.
საქმის სასამართლო სხდომაზე არსებითად განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ძირითად და დამატებით სასარჩელო მოთხოვნებს, ასევე‚ განმარტა, რომ 2004წ. იანვრიდან 2004წ. 31 აგვისტოს ჩათვლით კომპანია „...“ ახორციელებდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატვირთო გადაზიდვებს სადგურ ფოთის მიმართულებით და ამ პერიოდში აღნიშნულ კომპანიაზე ვაგონ-ცისტერნებისა და ტვირთის შენახვისათვის დარიცხულმა თანხამ შეადგინა 55 517,60 ლარი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებისას ამ თანხის გათვალისწინებაც.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეებს შორის ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. ამასთან, არც ერთი ვაგონი მოპასუხეებისათვის არ გამოუყვიათ და არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ეს კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ვაგონების გადაზიდვიდან წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს და ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მხოლოდ ექსპედიტორი, ხოლო მოპასუხეები ამ დავაში არიან არასათანადო მოპასუხეები. მოპასუხეების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები ვერ პასუხობს კანონმდებლობის იმპერატიულ მოთხოვნებს და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის გაზიარების შემთხვევაში მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულია თანახმად‚ რკინიგზის წესდების 178-ე მუხლისა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს ...“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003-2004 წლებში შპს ...“ ახორციელებდა იმ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას, სადაც ტვირთმიმღებ მხარეს წარმოადგენდნენ მოპასუხეები. შპს ...“ წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე 55517,60 ლარის მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები ვერ ჩაითვლება სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ეს აქტები შედგენილია ...“ მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, საერთო ფორმის აქტები დგება მხოლოდ დანიშნულების სადგურში, საქმეში არსებული ყველა საერთო ფორმის აქტი კი შედგენილია გზად მდებარე სადგურში, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს. ასევე წარმოდგენილ აქტებს არ გააჩნიათ კანონმდებლობის მიერ დადგენილი რიგი სავალდებულო რეკვიზიტები, რაც აუცილებელია კონკრეტული მოცდენის დროითი ხანგრძლივობისა და მოცდენიდან წარმოშობილი ზიანის დადგენისათვის. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა „ტვირთის გადაზიდვის წესების“ 433-ე, 434-ე და 440-ე მუხლები.
სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა საქმეში წარმოდგენილი ვაგონების შეყვანა-გამოყვანის უწყისები და მიიჩნია, რომ, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ გარკვეული სახის კანონით დადგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებით, კერძოდ, საერთო ფორმის აქტებით.
სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობის შესახებ. რკინიგზის წესდების 178-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა რკინიგზის მოთხოვნებზე ტვირთმიმღების მიმართ შეადგენს 6 თვეს იმ მოვლენის დადგომიდან, რაც გახდა სარჩელის წარდგენის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ...“ სარჩელი შპს ...“ მიმართ 298 003,39 ლარის, ხოლო შპს ... ...“ მიმართ 15959,66 ლარის ნაწილში სასამართლომ ჩათვალა ხანდაზმულად.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ...“ გენერალურმა დირექტორმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების 433-ე და 434-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია, რომ საერთო ფორმის აქტები დგება მხოლოდ დანიშნულების სადგურში.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას არ უნდა გამოეყენებინა „რკინიგზის წესდების“ 178-ე მუხლი, რადგან ასეთი წესდება არ არსებობს; სასამართლომ, ალბათ, იგულისხმა საბჭოთა კავშირის რკინიგზის წესდება, რომელიც დიდი ხნის გაუქმებულია; სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“; ვინაიდან ეს კოდექსი სარჩელის წარდგენის ვადას არ განსაზღვრავს, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით. ამავე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთო ფორმის აქტები უნდა შედგეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. აღნიშნული წესების 433-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“E და „გ“ პუნქტის თანახმად, საერთო ფორმის აქტით დასტურდება დანიშნულების სადგურში ვაგონების დაყოვნება ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით დაყოვნება შუალედურ სადგურში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთო ფორმის აქტი დგება ამ წესებით განსაზღვრული ეგზემპლარების ოდენობით და ყოველ ეგზემპლარზე დაისმის შემდგენელი სადგურის სტრიქონული შტემპელი. წესების 440.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო ფორმის აქტში, რომლის საფუძველზეც გადაიხდება რკინიგზის ვაგონებით (კონტეინერებით) სარგებლობის საფასური _ აღინიშნება ვაგონების დაყოვნების მიზეზი, მისი ნორმები, დაყოვნების დაწყების და დამთავრების, აგრეთვე, დაყოვნების ფაქტობრივი დრო. წესების 440.2 მუხლის თანახმად, საერთო ფორმის აქტს ხელს აწერს სულ ცოტა ორი პირი მაინც.
დადგენილია, რომ წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები შედგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის“ წესების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, წარმოდგენილ საერთო ფორმის აქტებს არ გააჩნია დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები, რაც აუცილებელია კონკრეტული მოცდენის დროითი ხანგრძლივობისა და მოცდენიდან წარმოშობილი ზიანის დადგენისათვის. ასევე, წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები შედგენილია გზად მდებარე სადგურში. წესების 434-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გზად მდებარე სადგურში საერთო ფორმის აქტი დგება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, (კომერციული უწესრიგობის მქონე დატვირთული ვაგონის გამოვლენისას, ტვირთის დამაგრების დარღვევის გამოვლენისას და დატვირთული ვაგონების აღმოჩენისას დატაცების ნიშნით). ყველა სხვა შემთხვევაში წესების 434-ე მუხლის თანახმად, საერთო ფორმის აქტი უნდა შედგეს გაგზავნის ან დანიშნულების სადგურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 433-ე და 434-ე მუხლები.
სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვაგონების შეყვანა-გამოყვანის უწყისებით არ შეიძლება დადასტურდეს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ვინაიდან „რკინიგზით გადაზიდვის წესების“ თანახმად, ვაგონების დაყოვნება დანიშნულების სადგურში დასტურდება საერთო ფორმის აქტებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „რკინიგზის წესდების“ 178-ე მუხლი, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა როგორც ხანდაზმულობის, ასევე უსაფუძვლობის მოტივით, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.