გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-694-960-05 6 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის ე-ის გენერალური დირექტორ გ.გ-ის მიმართ. სარჩელში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1989წ. 12 ივნისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საინჟინრო-კომერციული ცენტრი იღებდა ვალდებულებას დამაგრძელებელ გამანაწილებლების დამზადებაზე, ხოლო მოპასუხე მის რეალიზაციაზე. 1996წ. 30 ოქტომბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქონების სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა გადაეხადა 14 000 აშშ დოლარი, 1997წ. 30 მარტამდე. მოპასუხემ გადაიხადა თანხის ნაწილი, გადასახდელი დარჩა 11 000 აშშ დოლარი. ვ.ჭ-ის განცხადებით, სს „ე-მა“ დავალიანების გადახდა შესთავაზა 2001 წლიდან. ამდენად, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის 11000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო, ასევე მიუთითა ხანდაზმულობაზეც.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.
აპელანტის მოსაზრებით, სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი. ხელშეკრულების თანახმად, სს „ე-ს“ ვალდებულება უნდა შეესრულებინა 1997წ. 30 მარტამდე. ხანდაზმულობის ვადა კი იწყება მაშინ, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. სს „ე-ი“ თავის 1998წ. 30 აპრილისა და 2000წ. 10 თებერვლის წერილით აღიარებდა ვალის არსებობას, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა იწყება 2000წ. ბოლოდან.
სს „ე-ა“ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს, შპს „ს-ი“ არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, არ არსებობს სამართალმემკვიდრეც. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა მოსარჩელეს (აპელანტს) უარი ეთქვას არა მარტო ხანდაზმულობის გამო, არამედ იმითაც, რომ ის არის არასათანადო მოსარჩელე და, ამასთან, დადებული გარიგება ბათილია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სს «თ-ს» შპს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 11000 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1996წ. 30 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თანხა უნდა გადაეხადათ არა უგვიანეს 1997წ. 30 მარტამდე. საქმის მასალებით დგინდება, რომ 1997წ. სექტემბერში სს „ე-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გ-მ მიმართა ვ.ჭ-ეს და ითხოვა თანხის დაფარვის გადახდაწ. ბოლომდე. ასეთი შინაარსის წერილები იქნა გაგზავნილი ს-ის დირექტორის სახელზეც 1998წ. 30 მარტს, 1999წ.ა და 2000წ. 6 დეკემბერს, რომელსაც ხელს აწერს გენერალური დირექტორის სახელით ვ. გურული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან, მართალია, ვალი უნდა გადაეხადათ 1997წ. ბოლომდე, მაგრამ სს „ე-ა“ წერილებით ითხოვა ვალის გადავადება. აქედან გამომდინარე, იგი აღიარებდა დავალიანებას. სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარების მოთხოვნის არსებობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალის აღიარების გადავადების მოთხოვნა მოხდა წერილობით, რომელსაც ხელს აწერდა დირექტორი, წერილი დაბეჭდილი იყო საწარმოს ბლანკზე, გატარებული იყო საწარმოს კანცელარიაში. უფრო მეტიც, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ წერილზე ხელმომწერი პირი მუშაობდა იმ ოთახში, რომლის კარებზეც იყო წარწერა „დირექტორი“, ე.ი. მხარისათვის შექმნილი იყო პირობები, რომ იგი საეჭვოდ ვერ გახდიდა ვალის აღიარების ფაქტს.
სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობის არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მოდავე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსიენდისიერად ეგონა ასეთი უფლებების არსებობა.
სააპელაციო პარატის აზრით, მოწინააღმდეგემ სარწმუნოდ ვერ გახადა სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობა. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს, სარჩელზე ხანდაზმულობის გარდა, უარი უნდა ეთქვა იმ მოტივითაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ არსებითად იგი აღარ მსჯელობს სარჩელზე. ამას გარდა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გააჩნია, რადგან შპს „ი.“ წარმოადგენს ს-ის უფლებამონაცლეს.
სს „თ-ა“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. აპელანტის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა გასულად არ იქნა მიჩნეული იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალის აღიარება. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში სააქციო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრისას მიუთითა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სამეწარმეო რეესტრში წარმომადგენლობაზე არაუფლებამოსილი, არარეგისტრირებული პირის მიერ გაკეთებული აღიარება დასაშვებია და ამის გამო, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული მუხლი, რადგან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები. მოცემულ შემთხვევაში სპეციალური კანონი, კერძოდ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1 და 9.4 მუხლები სამეწარმეო სუბიექტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით განსხვავებულ წესებს ადგენს. კანონი სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ანიჭებს დირექტორებს, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ მონაცემები, რეგისტრაციის სავალდებულო ფაქტებს წარმოადგენს, რომლის რეგისტრაციის გარეშე მას ძალა არ აქვს.
ამასთან დაკავშირებით, არასწორია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ თითქოს სს „ე-ა“ შექმნა ისეთი პირობები, რომელსაც შეეძლო მესამე პირი შეცდომაში შეეყვანა, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 4.4 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის და მიიღოს რეესტრის ამონაწერები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე ნაწილი და არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5.9 და 9.4 მუხლები.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოს სს „ე-ის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არასწორია, რადგან საქმეში წარმოდგენილია სააქციო საზოგადოების შესახებ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, საიდანაც დასტურდება, რომ ვალის აღიარებაზე ხელმომწერი პირი ვ. გურული არ წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და ამ მხრივ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება, ანუ მოცემული მოთხოვნის საფუძვლიანობა და ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და 11000 აშშ დოლარი ისე დააკისრა სს „თ-ს“, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობა არ შეუმოწმებია და არც არანაირი ფაქტობრივი გარემოებები დაუდგენია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია, საერთოდ არსებობდა თუ არა შპს „ს-ი“, რომლის ყოფილი დირექტორიც თავდაპირველ მოსარჩელეს წარმოადგენდა და რომლის სამართალმემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ შპს „ი.“ ჩართო და რომელზედაც გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლოსათვის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996წ. 390 ოქტომბრის ¹10 ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე _ შპს „ს-ი“ არასოდეს არსებულა. აღნიშნული გარემოება სს „ე-ა“ სადავო გახადა, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად დაუსაბუთებელი უარი განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ სასამაროთლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, მაშინ მას უნდა ემსჯელა ამ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა _ თანხის გადახდა. სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა დავა, რომ არ განსაზღვრა დავის სამართლებრივი კვალიფიკაცია. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მას შემდეგ, რაც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს შეამოწმებს, მისცეს მას იურიდიული კვალიფიკაცია, შესაბამისად, ადგენს იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა-არარსებობას, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის (თუმცა არ მიუთითა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე). პალატამ მიუთითა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება. სააპელაციო სასამართლომ არაუფლებამოსილი პირის ვალის არსებობის აღიარება ნამდვილ გარემოებად მიიჩნია, ისე, რომ არ დაადგინა ამ ნორმის (104-ე მუხლის II ნაწილი) ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება – გარიგების მეორე მხარის (ანუ მოსარჩელის) კეთილსინდისიერება. აღნიშნული ნორმით, არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგება ნამდვილი არ არის, თუ გარიგების მეორე მხარე არაკეთილსინდისიერია ამ ფაქტის მიმართ. საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, გამოირკვა, რომ საინჟინრო-კომერციული ცენტრი (ხელშეკრულების მხარე), რომლის დირექტორიც ვ.ჭ-ეა, სს „თ-თან“ არსებული საწარმო იყო (ასევეა აღნიშნული 1996წ. 30.X ხელშეკრულებაზე დასმულ საწარმოს ბეჭედშიც). სააპელაციო პალატამ კი ისე გამოიყენა სკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომ არ გამოარკვია აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა 11000 აშშ დოლარის გადახდა, არ გამოარკვია და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანითანხის სრულად დაკისრების ნაწილში, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
პალატა ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გამოარკვია ვ.ჭ-ეს, როგორც ფიზიკურ პირს, აქვს თუ არა მოთხოვნის უფლება, რადგან იგი 1996წ. 30 ოქტომბერს ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, გააჩნია თუ არა ვ.ჭ-ეს, როგორც ფიზიკურ პირს, მოთხოვნის უფლება; დასაბუთებულია თუ არა 11 000 აშშ დოლარის მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; ამასთან, სასამართლომ კვლავ უნდა იმსჯელოს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე იმ მიმართებით, რომ ვალის არსებობის აღიარებისას გარიგების მეორე მხარეს, მოსარჩელეს, კეთილსინდისიერად ეგონა თუ არა, რომ ვ. გურული სააქციო საზოგადოების დირექტორი იყო; სასამართლომ სსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს 1996წ. 30 ოქტომბერს ხელშეკრულება (დედანი) და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.