დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.12.2005
საქმის ნომერი
ას-702-973-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-702-973-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ს-მა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში ჟ. შ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და, სკ-ის 170-172-ე მუხლების თანახმად, ჟ. შ-ის შვილთან ერთად ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. თბილისში, ...... მდებარე 284,92 კვ.მ სახლის 1/2 წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამ ფართიდან 13,80 კვ.მ-ის ¹13 ოთახში უკანონოდ ცხოვრობდა ჟ. შ-ი თავის შვილთან ერთად. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სადავო ოთახს ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით: ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინის ¹13 ოთახში მშობლებთან ერთად დაბადებიდან ცხოვრობდა მისი არარეგისტრირებული მეუღლე ა. ვ-ი, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. თავად მოპასუხე კი სადავო ოთახში დასახლდა გათხოვების შემდეგ, 1982 წლიდან. მოპასუხის განმარტებით, იგი შვილთან ერთად ჩაწერილი იყო სხვა მისამართზე. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ოთახის მესაკუთრე მოსარჩელეა და მას ამ ფართზე პრეტენზია არასდროს ჰქონია, მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ჟ. შ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹13 ოთახიდან, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. შ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაზედაც ჟ. შ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის განჩინებით ჟ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹22-ში მდებარე სახლის 1/2, მათ შორის, ¹13 ოთახი ი. ს-ის საკუთრებაა. ჟ. შ-ი 1982 წლიდან ცხოვრობს სადავო ოთახში, როგორც ა. ვ-ის არარეგისტრირებული მეუღლე. ი. ს-ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მან ვ-ი ჩამოიყვანა თავის სახელოსნოში სამუშაოდ და შეასახლა სადავო ოთახში. აპელანტის აწ გარდაცვლილი არარეგისტრირებული მეუღლე და მისი მამა ჩაწერილი იყვნენ ხსენებულ ბინაში. პალატამ დაადგინა, რომ თავად ჟ. შ-ი და მისი შვილი სადავო ბინაში რეგისტრირებული არ ყოფილან. მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემა არ დადასტურებულა, ხოლო რაც შეეხება აპელანტის მიერ წარმოდგენილ, მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითრებს, პალატის აზრით, აღნიშნული მტკიცებულება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მეორე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობას ვერ დაადასტურებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს არა ზემოხსენებული კანონის შესაბამისად, არამედ _ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ვ-ს სადავო ბინა გადაეცა მოწინააღმდეგე მხარისაგან დროებით, უსასყიდლო სარგებლობით. პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 621-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა ჟ. შ-ის გამოსახლების თაობაზე საფუძვლიანი იყო, ვინაიდან მხარეთა შორის თხოვების ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. შ-მა შემდეგი დასაბუთებით: ქ. თბილისში, ...... მდებარე სადავო ოთახში კასატორი ცხოვრობდა 1982 წლიდან, ა. ვ-თან ქორწინების შემდეგ. მართალია, ჟ. შ-ი და მისი შვილი ხსენებულ ფართში რეგისტრირებული არ ყოფილან, მაგრამ მეუღლე ა. ვ-ი და მისი მშობლები სადავო ბინაში იყვნენ ჩაწერილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კასატორი აგრძელებდა ამ ფართში ცხოვრებას, ჩვეულებრივ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ხოლო წყლისა და ნაგვისათვის განსაზღვრულ თანხას აძლევდა ი. ს-ს. ასეთ პირობებში კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონით, რაც მას არ განუხორციელებია. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ არის მითითებული და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთ პრეტენზიას საკასაციო საჩივარი არ მოიცავს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1/2 და მათ შორის ¹13 ოთახი წარმოადგენს ი. ს-ის საკუთრებას. ჟ. შ-ი 1982 წლიდან ცხოვრობს სადავო ოთახში, როგორც ა. ვ-ის არარეგისტრირებული მეუღლე. სადავო ბინაში ჩაწერილები იყვნენ ჟ. შ-ის არარეგისტრირებული მეუღლე ა. ვ-ი და, ასევე, მისი მამა, რომლებიც ამჟამად გარდაცვლილები არიან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და მართებულად არ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონი, ვინაიდან ამ კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობის დამადასტურებელი გარემოებები საქმის მასალებით არ დგინდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას დავის ზემოხსენებული კანონით დადგენილი ნორმების გამოყენებით გადაწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ კომუნალურ გადასახადებს კასატორი იხდიდა, ხოლო მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე სადავო ბინაში ჩაწერილი იყო მშობლებთან ერთად. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტით, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე კანონით გარანტირებული უფლების მოსაპოვებლად მხოლოდ კომუნალური გადასახადის გადახდა საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ა. ვ-ის სადავო ფართთან დაკავშირებულ უფლებებს, ასეთის დადგენის შემთხვევაშიც ჟ. შ-ის, როგორც არარეგისტრირებული მეუღლის, უფლებამონაცვლეობას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო საკასაციო საჩივარში დასახელებული ა. ვ-ისა და ჟ. შ-ის შვილი მოცემულ დავაში მხარედ ჩართული არ ყოფილა.

ამდენად, ვინაიდან კასატორს სადავო ნივთის სარგებლობის მართლზომიერი ფლობის უფლება არ გააჩნია, ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერია. მითითებული ნორმით დადგენილია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჟ. შ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჟ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.