დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.06.2005
საქმის ნომერი
ას-70-409-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-70-409-05 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. გ.-მ სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. მ.-ის წინააღმდეგ და აღნიშნა,M რომ 1999წ. 25 ივნისს მოპასუხესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული მაღაზია მდებარე ქ.ჭიათურაში, .... თუ მოპასუხე ხელშეკრულებას დაარღვევდა, მაღაზია მოსარჩელის საკუთრება გახდებოდა. ვ.მ.-მ ეს პირობა არ შეასრულა, რის გამოც მიმართა სასამართლოს.

სასარჩელო განცხადებით ე.გ.-მ მოითხოვა მოპასუხისათვის 22052 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტური ლარის გადახდა, ასევე მაღაზიის მის საკუთრებად აღიარება დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი თანხის _ 1000 აშშ დოლარის, ექვსი თვის წლიური პროცენტის _ 300 აშშ დოლარის, ვადის გადაცილებისათვის ყოველთვიურად _ 3%, 1999წ. 31 დეკემბრიდან 2003წ. 1 სექტემბრამდე, 44 თვის, 1716 აშშ დოლარის, სულ 3016 აშშ დოლარის დაკისრება.

2003წ. 22 აგვისტოს რაიონული სასამართლოს განჩინებით აწ გარდაცვლილი ვ.მ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე მ. მ.-ე და იგი ჩაბმულ იქნა საქმეში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით განმარტა, რომ მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 1482 აშშ დოლარი და მის მიერ ვალი სრულადაა დაფარული, ვინაიდან იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება კანონის დარღვევით დაიდო, იმ საფუძვლით, რომ სესხის ხელშეკრულებაში პროცენტი მითითებული არ არის, ის კი პროცენტს იხდიდა. მოპასუხემ მოითხოვა 1999წ. 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.მ.-ს ე.გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 933 ლარის გადახდა.

ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 25 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.გ.-მ და ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება; მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ორივე მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა თანხის დაკისრების ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. გ.-ის სარჩელი. მ. მ.-ს ე. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1900 (ათას ცხრაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1000 აშშ დოლარის, როგორც ძირითადი თანხის გადახდა, რადგან მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 429-ე და სსკ-ის 102-ე მუხლებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნ. ტ.-ის განმარტება, რომ მაღაზიის სარგებლობისათვის ქირის სახით მას ე.გ.-ისათვის 1727 ლარი აქვს გადახდილი იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწმის განმარტების ასეთი წესით გაფორმებას არ იცნობს, მხარეს შუამდგომლობა ნ.ტ.-ის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ არ დაუყენებია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ.-ს ე.გ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ ძირითადი თანხა, 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში _ 6 თვეში გადაუხდელი პროცენტის სახით, 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ვალდებულების შესრულების ვადის 44 თვის გადაცილების გამო, დაგროვილი პროცენტის სახით სულ 2250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს იპოთეკით დატვირთული მაღაზიის სარგებლობით მიღებული 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ანუ საბოლოოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა შეადგენს 1900 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

მ. მ.-მ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების წსაქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

ე. გ.-სა და ვ. მ.-ს შორის 1999წ. 25 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის მათ შორის ადრე არსებული სესხის გარიგების წერილობითი დადასტურება. ეს ფაქტი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ნაწილობრივ აღიარა. სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მიეღო და ემსჯელა გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე სსკ-ის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 83-ე მუხლის შესაბამისად. კასატორის განმარტებით, მისთვის როგორც მოპასუხის უფლებამონაცლისათვის, ვალდებულების შესრულების ვალდებულება იმ ოდენობით არის შესაძლებელი, რაც ვ.მ.-ის მიმართ ჰქონდა ე.გ.-ს, ანუ 2025 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ის 402-ე, 403-ე მუხლები, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სასამართლომ არასწორად დააკისრა ვალის გადახდის ვადის გადაცილებისათვის 44 თვის პროცენტი, ვინაიდან მას ძირითადი თანხა დაფარული ჰქონდა და გაანგარიშება 1000 აშშ დოლარიდან არ უნდა მომხდარიყო.

2000წ. იანვრიდან 2003წ. სექტემბრამდე 44 თვის პროცენტის დაკისრება არასწორია, რადგან ვ.მ.-ი გარდაიცვალა 2002წ. 11 მაისს და, შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ არ უნდა მომხდარიყო შემდგომი თვეების პროცენტების დაკისრება, კერძოდ, ზედმეტად არის დაკისრებული 15 თვის პროცენტი. პროცენტის დაკისრება უნდა მომხდარიყო სარჩელის წარდგენამდე ანუ 2000წ. 19 მაისამდე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ნ.ტ.-ის ახსნა-განმარტება, რომელიც სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად იყო წარდგენილი; მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას მიღებული აქვს თანხა იპოთეკით დატვირთული შენობიდან, პურის საცხობიდან, ნ. ტ.-ისაგან მისი ნებართვით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს მხარეებს შორის 1999წ. 25 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მაშინ როცა იგი შეგებებული სასარჩელო განცხადებით ითხოვდა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1999წ. 25 ივნისს ე. გ.-სა და ვ. მ.-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ამ უკანასკნელმა ისესხა ათასი აშშ დოლარი, 1999წ. 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის პროცენტის შესაბამისი წლიური პროცენტის გადახდით, ამავე თარიღით მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ჭიათურაში, ... მდებარე ვ.მ.-ის საკუთარი მაღაზია.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ მითითებული გარემოებების მიმართ კასატორს ასეთი პრეტენზია არა აქვს. მართალია, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ მხარეებს სესხის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდიათ და აცხადებს, რომ იგი შეგებებული სასარჩელო განცხადებით ითხოვდა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, რაც სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ საკასაციო საჩივარში ამ მხრივ დასაბუთებული პრეტენზია არა აქვს წარმოდგენილი. ამდენად, სასამართლო ვერ იმსჯელებს 2000წ. 25 ივნისს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების კანონიერებაზე.

სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამომდინარე აღნიშნულიდან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მან სესხის ძირითადი თანხა გადაიხადა და სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, სასესხო ვალდებულების შესრულებისათვის ძირითადი თანხა და, შესაბამისად, პროცენტი 1000 აშშ დოლარიდან ეანგარიშა, ვინაიდან არ წარმოუდგენია ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება;

პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ნ.ტ.-ის სანოტარო წესით დამოწმებული განმარტება, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული განმარტება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ასეთ მტკიცებულებად მხოლოდ ისეთი დოკუმენტი მიიჩნევა, რომლითაც კრედიტორი ადასტურებს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ ვინაიდან მოპასუხის გარდაცვალებამდე მოსარჩელე ითხოვდა 2052 აშშ დოლარს, ხოლო მოპასუხის გარდაცვალების შემდეგ 3016 აშშ დოლარის დაკისრებას, მას არ ჰქონდა უფლება, გაზრდილი მოთხოვნა წაეყენებინა უფლებამონაცვლისათვის.

სსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა; მოსარჩელეს შეუძლია, კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, რასაც უფლებამონაცვლის წინამორბედის მიმართ განახორციელებდა, განახორციელოს უფლებამონაცვლის მიმართაც.

ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია, აცნობოს მოპასუხეებს; განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე 2003წ. 15 აგვისტოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და დაიწყო მისი მომზადება მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2003წ. 11 დეკემბერს, ხოლო მთავარი სხდომა იმავე წლის 24 დეკემბერს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ის 92-ე, 83-ე მუხლების მოთხოვნები.

ასევე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა პროცენტი 44 თვეზე გაანგარიშებით და ზედმეტად დააკისრა 15 თვის პროცენტი, რადგან პროცენტი უნდა დაკისრებოდა სარჩელის წარდგენამდე ან მოპასუხის გარდაცვალებამდე. სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრელი პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია, მითითებული ნორმის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა პროცენტი მოპასუხეს 44 თვეზე გაანგარიშებით სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან, 1999წ. 31 დეკემბრიდან, დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდამდე _ 2003წ. 2 სექტემბრამდე. კასატორი ვერ მიუთითებს სამართლებრივ საფუძველზე რის გამოც სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, მოვალის მიერ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას დაეკისრებინა გადაცილებული დროისთვის კანონით განსაზღვრული პროცენტი ან განესაზღვრა იგი სარჩელის წარდგენის ან მოპასუხის გარდაცვალების მომენტამდე.

მოპასუხემ აღიარა, რომ იპოთეკით დატვირთული მაღაზიის გაქირავებით მან ნ.ტ.-ისგან მიიღო 750 ლარი.

იპოთეკის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, რომელიც შემდეგ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, იპოთეკით დატვირთული ობიექტი დროებით გადაეცა იპოთეკარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეს 1999წ. 25 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1000 აშშ დოლარისა და გადაცილებული პერიოდის 44 თვეზე გაანგარიშებით 1900 აშშ დოლარის გადახდა.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.