გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 25.01.2005
საქმის ნომერი
ას-707-962-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ას-707-962-04 25 იანვარი, 2005 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ანაბრის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 16 ნოემბერს გ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს კ/ბ „ე-ს” მიმართ ანაბრის დაბრუნების შესახებ.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9114,57 მანეთის 1992წ. შესაბამისი კურსით გადახდა. ამავე სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი შესწორდა იმდაგვარად, რომ შპს კ/ბ «ე-ს» გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9114 მანეთისა და 57 კაპიკის 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებით გადახდა. ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2002წ. 27 ივნისს გ. კ-მა კვლავ აღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა შპს კ/ბ «ე-სათვის» დაკისრებული 9114,57 მანეთის ლარით, როგორც ერთადერთი საგადასახადო საშუალებით, გამოსახვა და მოპასუხისათვის 2764,27 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიუთითა სკ-ის 389-ე მუხლზე, ნომინალიზმის პრინციპზე და განმარტა, რომ ფულის კურსის ცვლილებათა უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად მხარეებმა შესაძლოა, გაითვალისწინონ სათანადო დათქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნომინალიზმი სამართლის ობიექტური ნებით სავარაუდო პირობა იქნება და, სავარაუდოდ, მხარეები კისრულობენ მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების რისკს. მხარის განმარტებით, ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უდევს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის, ხოლო ფულის კურსის განსაზღვრა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. გ.კ-მა თანხა ბანკში შეიტანა 9000 საბჭოთა მანეთი. 1993 წელს საქართველოში შემოვიდა ეროვნული ფულადი ერთეული კუპონი, რა დროსაც საბჭოთა მანეთსა და კუპონს შეფარდება იყო 1 მანეთი 1 კუპონზე. ამდენად, სადავო თანხამ შეადგინა 9000 კუპონი. კუპონმა განიცადა ჰიპერინფლაცია, ხოლო 1995 წელს იგი შეიცვალა ლარით. მისი გადაცვლითი ურთიერთობა კუპონთან ეროვნული ბანკის მონაცემებით შეადგენდა 1000000 კუპონი 1 ლარზე. ამდენად, გადაცვლის დღეს გ.კ-ს ანაბარზე ჰქონდა 9000 კუპონი, გადაცვლითი ურთიერთობის შედეგად მისი ანაბარი შეადგენს 0,009 ლარს. აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტმა აიყვანა შიდა ვალში.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს კ/ბ „ე-ს” გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2764 ლარისა და 27 თეთრის გადახდა. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 383-ე და 389-ე მუხლებზე, სტატისტიკის შესახებ კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 თებერვლის ¹92 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაზე, საქმის მასალებში წარმოდგენილ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2002წ. 2 აპრილის ცნობაზე და სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს კ/ბ „ე-მ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს კ/ბ „ე-ს” გ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9114 მანეთისა და 57 კაპიკის 1992წ. შესაბამისი კურსით გადახდა. ამავე სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესწორება და შპს კ/ბ „ე-ს” გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9114 მანეთისა და 57 კაპიკის გადახდა 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებით. აღნიშნული გადაწყვეტილება და განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოახდინა უკვე დაკისრებული თანხის _ 9114 მანეთისა და 57 კაპიკის, 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებით ხელახლა დაკისრება. სასამართლო დაეყრდნო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულ 2002წ. 2 აპრილის ცნობას, რომლის თანახმად, 9114 მანეთი და 57 კაპიკი 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებებით, ანუ მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით შეადგენს 2764 ლარსა და 17 თეთრს, რადგან სტატისტიკის შესახებ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 თებერვლის ¹99 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, სტატისტიკის დეპარტამენტი გასცემს ცნობებს გასულ წლებში არსებული თანხების შესაბამისი დღევანდელი ეკვივალენტის დადგენის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ურთიერთობის 1997 წელს წარმოშობის მოტივით სკ-ის 383-ე, 389-ე მუხლებზე არასწორად გამოყენების შესახებ, ასევე, არგუმენტი, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ეროვნული ბანკის გამგეობის 1993წ. 1 აპრილის დადგენილება და სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹363-ე ბრძანებულება, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელის ანაბარი შეადგენს 0,009 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, როგორც მეანაბრესა და ბანკს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, არამედ კანონიერ ძალაში შესული, ამავე სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე, რომელშიც შესწორება იქნა შეტანილი 2002წ. 15 თებერვლის ასევე კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება კასატორმა შპს კ/ბ „ე-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით და სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” პუნქტზე დაყრდნობით იგი იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოქმედი სკ-ის 384-ე და 389-ე მუხლები, ვინაიდან ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვება ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სადავო ურთიერთობა კი წარმოიშვა 1997 წლამდე. მხარის მითითებით, პალატას უნდა გამოეყენებინა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ», «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონები და სხვა ნორმატიული მასალები. პალატამ ბანკის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იგნორირება გაუკეთა, გადაწყვეტილება მიიღო მოპასუხის სიტყვიერი განმარტებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის 2002წ. 2 აპრილის ცნობის საფუძველზე, რომლის მონაცემები დაუსაბუთებელია და ეყრდნობა კასატორისათვის უცნობ მონაცემებს. მხარის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბანკის მიერ მითითებული მთელი რიგი არგუმენტები, კერძოდ, მოპასუხეს ბანკში შეტანილი ჰქონდა ანაბარი 9000 საბჭოთა მანეთის ოდენობით, ეროვნული ბანკის გამგეობის 1993წ. 1 აპრილის დადგენილებით 1993წ. 5 აპრილიდან მიმოქცევაში გამოშვებულ იქნა ეროვნული ვალუტა _ „კუპონი”. აღნიშნული დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, „თანაფარდობა” კუპონსა და მანეთს შორის განისაზღვრა ისე, რომ ერთი მანეთი გაუტოლდა ერთ კუპონს, ე.ი. მოპასუხის თანხამ ეროვნული ვალუტაში შეადგინა 9000 კუპონი. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹363-ე ბრძანებულების მე-4 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის _ „ლარის” გამოშვებას, „კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1000000 კუპონი 1 ლარი”. ე.ი. მოპასუხის ანაბარი 9000 კუპონი გახდა 0,009 ლარი. აღნიშნულის შემდგომ 1997-1998 წლებში სახელმწიფომ მეანაბრეთა დავალიანება აიღო შიდა ვალში. ჯერჯერობით დაკმაყოფილებულ იქნა მეანაბრეთა ნაწილი, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ პირველი ჯგუფის ინვალიდი მეანაბრეები, დანარჩენ მეანაბრეთა დაკმაყოფილდება მოხდება არა ბანკის, არამედ სახელმწიფოს მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას. მასში აუცილებლად უნდა მიეთითოს სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტებსა და იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება ხდება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ დასაბუთებას, რაც გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად მიჩნევისა და მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო ურთიერთობის სკ-ის 383-ე და 389-ე მუხლებით არასწორად დარეგულირების თაობაზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული დავა წესრიგდება კანონიერ ძალაში შესული გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე. სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრისას დაეყრდნო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად, 9114 მანეთი და 57 კაპიკი 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებებით, ანუ მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით შეადგენს 2764 ლარსა და 17 თეთრს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა რა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულ ცნობას, არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მას და არ გამოიკვლია ეს მტკიცებულება, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის თაობაზე. კერძოდ, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, ფულის კურსის შეცვლისას მოხდა თუ არა ცნობაში მითითებულ ფულის ერთეულის ინფლაციას, ასევე, არ დაუდგენია, რა საფუძვლით და რამდენად კანონიერად მოხდა სადავო თანხის ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრა ზემოხსენებულ ცნობაში მითითებული წესით. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა გამოარკვიოს, ვალუტის შეცვლის დღეს რა კურსი არსებობდა ფულის ერთეულებს შორის.

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუ საქმეზე საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს კ/ბ «ე-ს» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.