გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-728-1012-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 17 ივლისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გ. ქ-ემ, კ. თ-ამ, დ. დ-ემ, ე. ა-ი-ა-ემ, ჯ. რ-მა, ე. მ-ემ, თ. თ-ამ მოპასუხე შპს „დ.“ მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის მიუღებელი სახელფასო დავალიანებისა და ჰონორარის თანხების ანაზღაურების დაკისრება შემდეგი ოდენობით: გ. ქ-ეს _ 1082 ლარი, კ. თ-ას _ 577 ლარი, დ. დ-ეს _ 1200 ლარი, ე. ა-ი-ა-ეს _ 350 ლარი, ჯ. რ-ის _ 1420 ლარი, ე. მ-ეს _ 535 ლარი, თ. თ-ას _ 1200 ლარი. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მუშაობდნენ შპს „დ.“ მიერ დაფუძნებულ გაზეთ „ხ. დ.“ ჟურნალისტებად, გარდა ე. მ-ისა, რომელიც მუშაობდა ოპერატორად და ჯ. რ-ისა, რომელიც მუშაობდა მთავარი რედაქტორის მოადგილედ. ისინი აღნიშნულ გაზეთში აქვეყნებდნენ სტატიებს იღებდნენ ხელფასსა და ჰონორარს. 2002 წლის სექტემბრიდან მოპასუხემ შეუწყვიტა ხელფასების გაცემა. ამ პერიოდიდან მოსარჩელე გ. ქ-ე უხელფასოდ მუშაობდა 2002 წლის ნოემბრამდე და 2003 წლის მაისში, კ. თ-ა _ 2002 წლის 1 დეკემბრამდე, დ. დ-ე _ 2002 წლის ნოემბრის ჩათვლით და 2003 წლის მაისში, ე. ა-ი-ა-ე _ 2002 წლის სექტემბერში, ჯ. რ-ი _ 2002 წლის 31 დეკემბრამდე და 2003 წლის მაის-ივნისში, ე. მ-ე _ 2002 წლის ნოემბრის ჩათვლით, თ. თ-ა _ 2002 წლის ნოემბრის ჩათვლით, 2003 წლის მაისის ნახევარში. ამასთან, ე. ა-ი-ა-ის დავალიანების თანხაში შედიოდა 50 ლარი სტატიის გამოქვეყნებისათვის, დ. დ-ის დავალიანებაში _ ჰონორარი 50 ლარი, თ. თ-ას დავალიანების თანხაში _ შვებულების თანხა და ჰონორარი 100 ლარი, გ. ქ-ის დავალიანების თანხაში _ ჰონორარი 150 ლარი. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მოპასუხე არღვევდა მათ სოციალურ და შრომით უფლებებს და ითხოვდნენ სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მათ შპს „დ.“ წერილობითი შრომის ხელშეკრულებები გაფორმებული არ ჰქონიათ, თუმცა 2002 წლის სექტემბრის ნახევრამდე და 2003 წლის იანვარ-მარტის თვეების ხელფასი აღებული ჰქონდათ უწყისზე ხელმოწერით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები არ ყოფილან გაზეთის თანამშრომლები.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ხ. დ.“ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: კ. თ-ას სასარგებლოდ 577 ლარი, დ. დ-ის სასარგებლოდ _ 1200 ლარის, ე. მ-ის სასარგებლოდ _ 535 ლარის, ე. ა-ი-ა-ის სასარგებლოდ _ 350 ლარის, თ. თ-ას სასარგებლოდ _ 1200 ლარის, გ. ქ-ის სასარგებლოდ _ 1082 ლარის, ჯ. რ-ის სასარგებლოდ _ 1420 ლარი. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხის მიერ გამოცემულ გაზეთ „ხ. დ.“. მართალია, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა, მაგრამ შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გამოცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტობრივად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და გათავისუფლების უფლება ჰქონდა. მოსარჩელეთა მუშაობის ფაქტს შპს „დ.“ მიერ გამოცემულ გაზეთ „ხ. დ.“ ადასტურებდა მოპასუხის მიერ გაცემული კორესპონდენტის საბუთები, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიები და გაზეთის ნომრებზე მთავარი რედაქტორის მოადგილის ვინაობის აღნიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე უარს აცხადებდა გაზეთ „ხ. დ.“ მოსარჩელეთა მუშაობაზე. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეებს ათავისუფლებდა სახელფასო უწყისების სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენის ტვირთისაგან, ვინაიდან მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, აღნიშნული უწყისები მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეები უდავოდ მუშაობდნენ მოპასუხესთან.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ.“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილებით თანხის ანაზღაურება დაეკისრა შპს „ხ. დ.“, მაშინ როდესაც მოპასუხე იყო შპს „დ.“. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გაზეთ „ხ. დ.“ მოსარჩელეების მუშაობის ფაქტი, რადგან მათ ჰქონდათ ჟურნალისტის მოწმობები, ამ გაზეთში გამოქვეყნებული იყო მათი სტატიები და მოწმეებმაც დაადასტურეს მოსარჩელეთა მუშაობის ფაქტი, სინამდვილეში კი მოწმეთა ჩვენებები ვერ ადასტურებდა ამ ფაქტს. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ მათ სასამართლოში წარადგინეს სახელფასო უწყისები, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო, რადგან მათში მოსარჩელეები არ ფიგურირებდნენ, ხოლო უწყისები, რომლებშიც მოსარჩელეებიც იქნებოდნენ, უბრალოდ არ არსებობდა, რადგან მოსარჩელეები არ ყოფილან გაზეთის თანამშრომლები, ისინი მხოლოდ თანამშრომლობდნენ გაზეთთან და ყოველი სტატიისათვის იღებდნენ ჰონორარს. აღნიშნული კი გამორიცხავდა შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის გამოყენებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ.“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იზიარებდა რაიონული სასამართლოს მიერ შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებას, მაგრამ განმარტავდა, რომ შრომის კონტრაქტი იყო შეთანხმება ორგანიზაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე კისრულობდა გარკვეული სამუშაოს შესრულების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარე _ მუშაკისათვის იმ ოდენობით ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც შრომის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად. მართალია, შეიძლებოდა, რომ შრომის კონტრაქტის არსებობის გარეშე მუშაკი ფაქტიურად ყოფილიყო დაშვებული სამუშაოზე, მაგრამ დავის არსებობისას სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ მხარის განმარტებას ხელფასის ანაზღაურებისა და მისი ოდენობის შესახებ. შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება დადგენილი იყო შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით, შრომის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. თუ ადმინისტრაცია ჩათვლიდა საჭიროდ, შეიძლება გამოყენებულიყო სატარიფო სისტემა. რა სახის შეთანხმება არსებობდა მხარეთა შორის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, სასამართლოსათვის უცნობი იყო. მოსარჩელემ ვერ წარადგინა შრომის კონტრაქტი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ უწყისებში მოსარჩელეთა გვარები არ იყო მითითებული. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანება და მისი ოდენობა იყო ის გარემოება, რომელიც, კანონის თანახმად, უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით და ვერ დადასტურდებოდა მხოლოდ მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განაწილდა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის. მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციას გააჩნდა მათ მიმართ რაიმე სახის დავალიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ ისინი წარმოადგენდნენ მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლებს შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების გარეშე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი ხელფასები მოპასუხის დავალიანებას არ წარმოადგენდა, რაც ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი. საქმეში წარდგენილი იყო მათ მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილების ასლები და საფოსტო ქვითრები, რომლებითაც მოპასუხეს სთხოვდნენ მისაღები ხელფასების დაანგარიშებას, რაზეც მოპასუხემ პასუხი არ გასცა. ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს მოსთხოვა მოსარჩელეთა სახელფასო უწყისების წარმოდგენა, რაც მოპასუხემ არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეებს დააკისრა მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რათა განესაზღვრა ხელფასის ოდენობა, ისე, რომ დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მოუთხოვია მოპასუხე მხარისათვის. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლი, რომლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეები გაათავისუფლა სახელფასო უწყისების წარდგენის ვალდებულებისაგან. სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ უწყისებში მოსარჩელეთა გვარები არ იყო მითითებული, მაშინ როდესაც მოპასუხეს საოლქო სასამართლოში უწყისები არ წარუდგენია. უწყისები წარდგენილ იქნა რაიონულ სასამართლოში, მაგრამ არა იმ პერიოდის, რომელსაც მოსარჩელეები ითხოვდნენ, არამედ 2004 წლის და ისიც არა ჟურნალისტთა, არამედ შპს-ის თანამდებობის პირთა. კასატორთა მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელფასო დავალიანება და მისი ოდენობა კანონის თანახმად უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით და იგი ვერ დადასტურდებოდა მხოლოდ მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით. კასატორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ განაწილდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მტკიცების ტვირთი არასწორად, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ყოველმხრივ და სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება საქმის გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, რომ შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, შრომის ხელშეკრულების არსებობის გარეშე მუშაკი ფაქტობრივად დაშვებული ყოფილიყო სამუშაოზე, მაგრამ არ გამოარკვია, მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნულ გარემოებას თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ გაზეთის რიგ ნომრებზე მთავარი რედაქტორის მოადგილედ მითითებულია მოსარჩელე ჯ. რ-ი, რიგ მოსარჩელეებზე მოპასუხის მიერ გაცემულია გაზეთის კორესპონდენტობის დამადასტურებელი მოწმობა, გაზეთში გამოქვეყნებულია მოსარჩელეთა სტატიები. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ადასტურებდა თუ არა აღნიშნული მოპასუხის მიერ სამუშაოზე მოსარჩელეთა ფაქტობრივ დაშვებას მიუხედავად წერილობითი შრომის ხელშეკრულების არსებობისა, შესაბამისად, ხომ არ დასტურდებოდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის, რაც შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად საწარმოს ავალდებულებდა, ხოლო მუშაკს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა სათანადო ანაზღაურება სამუშაოს ოდენობისა და ხარისხის მიხედვით.
ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები წერილობითი შრომის ხელშეკრულების გარეშე დაშვებული სამუშაოზე და, შესაბამისად, რომელი მოსარჩელე _ რა თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, მოსარჩელეები, რომლებიც კორესპონდენტებად მუშაობდნენ, მხოლოდ პერიოდულად თანამშრომლობდნენ გაზეთთან, თუ ითვლებოდნენ მის მუშაკებად. თუკი სამუშაოზე დაშვება დადგინდება, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს შესაბამისი თანამდებობისათვის მოპასუხის მიერ დადგენილი სახელფასო განაკვეთი და გამოარკვიოს, აქვს თუ არა მოპასუხეს მოსარჩელეთათვის ანაზღაურებული აღნიშნული ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს საშვებულებო თანხისა და ჰონორარის ანაზღაურების მოთხოვნების საფუძვლიანობა, დააადგინოს, თუ რომელ სტატიებზე ითხოვენ ჰონორარს მოსარჩელეები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.