დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 02.03.2006
საქმის ნომერი
ას-749-1034-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-749-1034-05 2 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამეზობლო დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ბ. დ-ძის მიმართ სასაზღვრო გზის გამონთავისუფლების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის ცხოვრობს სოფ. ...; მის მეზობლად ცხოვრობს მოპასუხე, რომელმაც დაარღვია მათ შორის არსებული ეზოს საზღვარი და 2 მეტრით შეიჭრა მის საკარმიდამო ნაკვეთში. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ბ.დ-ძემ ჩადგა სამზარეულო, პირუტყვის სადგომი და ნალია. სამზარეულოს სახურავიდან მის ეზოში წვიმის დროს ჩამოედინება წყალი. სამზარეულოს აქვს ბუხარი, რომელიც ქმნის ხანძრის საშიშროებას.

მოსრჩელემ მოითხოვა საზღვრის გასწორება და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობების აღება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ჭ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 15 აპრილის განჩინებით ჯ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბ. დ-ძემ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვართან დამხმარე ნაგებობა ააშენა 1967 წელს. აქამდე ჯ. ჭ-ძეს არ მოუთხოვია ნაგებობის აღება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ნაგებობის აღების შესახებ ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ჭ-ძემ. კასატორმა მიუთითა, რომ იმ დროს როდესაც ბ. დ-ძემ მიწის ნაკვეთი მიიტაცა, ის არ იმყოფებოდა რაიონში. იქ ცხოვრობდა მისი ხანდაზმული დედა და მან ავადმყოფობისა და ასაკის გამო ვერ მოახერხა სასამართლოსათვის მიმართვა. მან 1970 წელს, როცა შეიტყო ნაკვეთის მითვისების შესახებ, მიმართა ბ. დ-ძეს დაებრუნებინებინა მითვისებული მიწის ნაკვეთი.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბ. დ-ძემ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვართან დამხმარე ნაგებობები ააშენა 1967 წელს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მან სადავო ნაგებობები ააშენა არა კასატორის მიწის ნაკვეთზე, არამედ, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვართან.

სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

ვინაიდან მოთხოვნა წარმოიშვა ჯერ კიდევ 1967 წელს, გამოყენებულ უნდა იქნეს ძველი (1964წ.) სამოქალაქო სამართლის კოდექსი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 75-ე მუხლი. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი მას შემდეგ, რაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბ. დ-ძემ ჯ. ჭ-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვართან დამხარე ნაგებობები 1967 წელს ააშენა. ე.ი. კასატორს, თუ ის თვლის, რომ დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება საზღვართან აშენებული ნაგებობებით, სასამართლოსათვის თავის დროზე უნდა მიემართა. სკ-ის მე-80 მუხლის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

კასატორი მიუთითებს, რომ ის 1970 წელს დაბრუნდა რაიონში და მას შემდეგ არაერთხელ მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს ნაგებობის აღების შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას შემდეგ რაც მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს, კერძოდ, 1970 წლიდან სამიწ. განმავლობაში შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ,არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატა იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.