დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.12.2005
საქმის ნომერი
ას-757-1054-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-757-1054-05 27 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: არსებულ ფართზე საზიარო უფლების გაუქმება, რეალური წილის გამოყოფა, უკანონოდ გაჭრილი ღიობის ამოშენება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ზ-ის და ჯ. კ-ს მიმართ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ ფართზე საზიარო უფლების გაუქმებისა და გ. ზ-ის მიერ უკანონოდ ამოღებული ფანჯრის ღიობის ამოშენების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: დ. ზ-ის გარდაცვალების შემდეგ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის მისი კუთვნილი 2/3-დან ო. ზ-ეს მიეკუთვნა 1/5, ხოლო გ. ზ-ეს _ 4/5. სახლის საცხოვრებელი ფართის განაწილება მოხდა შემდეგნაირად: ლ. ბ-ს ეკუთვნოდა 5/15, გ. ზ-ეს _ 8/15, ხოლო ო. ზ-ეს _ 2/15. ხსენებულ პირთა შორის დაიდო საერთო ფართით სარგებლობის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. შემდგომში ხელშეკრულების მხარეებმა თავიანთ კუთვნილ ფართზე აწარმოეს მიშენებები. აღნიშნული ცვლილებების გამო 1982წ. 3 აპრილს დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ო. ზ-ეს მიეკუთვნა 16,04 კვ.მ ¹1 ოთახი, 31,15 კვ.მ ¹3 სათავსი (ღია აივანი), 32,6 კვ.მ ¹4 სარდაფი, 14,28 კვ.მ ¹6 სათავსი (სააბაზანო), ¹7 სათავსი, 10,15 კვ.მ ¹8 სამზარეულო, 4,2 კვ.მ ¹9 საბოილერო, 10,36 კვ.მ ¹10 სათავსი ზედა ეზოში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ო.ზ-ის მიერ ნაწარმოები უკანონო მიშენებებიც. 1994 წელს მოსარჩელემ შეიძინა ო. ზ-ის მემკვიდრის _ ლ. ზ-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის ნაწილი. მას ბოლო პერიოდამდე მოპასუხეების მიმართ პრეტენზია არ გასჩენია. 2003წ. თებერვალში გ. ზ-ემ, ს.ც-ის ნებართვის გარეშე, მის ოთახში შემავალი კარის გვერდზე გამოჭრა ღიობი, ჩააყენა ფანჯარა და გისოსი, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები. მოსარჩელემ მოითხოვა სკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო სახლთმფლობელობიდან მისთვის, 1982წ. 3 აპრილის ხელშეკრულების მიხედვით, რეალური წილის გამოყოფა, საზიარო უფლების შეწყვეტა და ფანჯრის ღიობის ამოშენება.

მოპასუხე გ.ზ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს. ც-ის მოთხოვნა ემყარებოდა ყალბ დოკუმენტებს, კერძოდ, დ. ზ-ის ანდერძის საფუძველზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობებში სადავო სახლთმფლობელობის დიდი ნაწილი მთლიანად გამოტოვებულია. ს.ც-ს ხსენებული სახლის შეძენის მომენტიდან არ შეიძლება არ სცოდნოდა ო. და გ. ზ-ეების მიერ განსაზღვრული ფართის სარგებლობის წესი. რაც შეეხება ღიობს, მოპასუხის განმარტებით, მას ჯერ კიდევ 1982 წელს ჰქონდა ფანჯრის ამოჭრასთან დაკავშირებული აღმასკომის ნებართვა და პროექტი.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს.ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობაში ს. ც-ის წილი საერთო საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან შეფარდებით, განისაზღვრა 43/100-ით. აღნიშნულ ფართზე ს.ც-ის საზიარო უფლება გაუქმდა და ინდივიდუალურ საკუთრებად გამოეყო 134,98 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელია 103,09 კვ.მ, ხოლო დამხმარე _ 24,19 კვ.მ და 7,7 კვ.მ ღია აივანი. საეზოვე მიწის ნაკვეთზე ს. ც-ის საზიარო უფლება გაუქმდა და მას ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყო 220,32 კვ.მ. გ. ზ-ეს დაევალა საკუთარი ხარჯებით ამოეშენებინა მის მიერ უნებართვოდ გაჭრილი ფანჯრის ღიობი და პირვანდელ მდგომარეობაში მოეყვანა ს. ც-ის საკუთრებაში არსებული სახლის ნაწილის მხარეს მდებარე, გ. ზ-ის საცხოვრებელი ოთახის აღმოსავლეთი კედელი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ზ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ს.ც-მა საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში სარჩელზე უარი თქვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო სახლთმფლობელობიდან ს. ც-ის წილზე საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში, სსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო ფანჯრის ღიობის ამოშენების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 2/15 საკუთრების უფლებით ირიცხება ს. ც-ის სახელზე. საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ამავე სახლთმფლობელობის 5/15 ეკუთვნის ჯ. კ-ს, ხოლო 8/15 _ გ. ზ-ეს. პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი ერთად წარმოადგენს საზიარო უფლების საგანს, თანამესაკუთრის წილების განსაზღვრით. პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სახლთმფლობელობაზე არ არის გაუქმებული საკუთრების საზიარო უფლება, სახლი ამ თანამესაკუთრეებს შორის გაყოფილია და ყველა სარგებლობს ურთიერთშეთანხმებით მისთვის გამოყოფილი ოთახებით. მხარეთა განმარტებებისა და საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, გ.ზ-ეს უკავია ლიტ „ა-ს» პირველ სართულზე მდებარე ¹5,7,9 და 91 ოთახები, ხოლო ს.ც-ს _ ¹4 და 41 ოთახები. საერთო აივანიც ფაქტობრივად გაყოფილია მათ შორის. სადავო ფანჯრის ღიობი ამოჭრილია გ.ზ-ის მიერ ¹7 ოთახის კედელში და გადის ს.ც-ის სარგებლობაში არსებულ აივანზე. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 955-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 957-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ზ-ის მიერ თავის კედელში ს.ც-ის აივანზე გამავალი ფანჯრის ღიობის გაჭრით მოსარჩელის მიერ თავისი წილით სარგებლობას აშკარად მიადგა ზიანი, ვინაიდან ყოველი მისი გამოსვლა აივანზე გ.ზ-ის ყურადღების საგანი შეიძლება გახდეს. ამდენად, ფანჯრის ღიობის ამოჭრამ გამოიწვია ს.ც-ის სარგებლობის წილზე მისი უფლების მოსარჩელის თანხმობის გარეშე შემცირება, რაც არაკანონიერია. აღნიშნულის შედეგად ასევე შემცირდა მისი წილი ღირებულება, რამეთუ დავას არ იწვევს, რომ შემცირდა მის სარგებლობაში არსებული ბინის გ.ზ-ის ბინისაგან იზოლირების ხარისხი, რაც ამ ბინის ღირებულების შემცირებას იწვევს, ამდენად, ფანჯრის ამოჭრით ს.ც-ს მიადგა ქონებრივი ზიანიც. სააპელაციო სასამართლომ, სათანადო დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, არ გაიზიარა გ.ზ-ის მოსაზრება, რომ თანხმობა ფანჯრის ღიობის გაჭრაზე მას მიღებული ჰქონდა ბინის თავდაპირველი მესაკუთრისაგან _ ო. ზ-საგან, რაც ს.ც-ისათვის ბინის ყიდვის მომენტში ცნობილი იყო. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 922-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გ.ზ-ის მიერ სადავო ღიობის გაჭრა ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 955-ე მუხლის მეორე ნაწილის, ასევე, 957-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფანჯრის ღიობის ამოშენების დაკისრების ნაწილში გ. ზ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 957-ე მუხლის მესამე ნაწილი და ამავე კოდექსის 955-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეებს მათი წილები თანასაკუთრებიდან კანონით დადგენილი წესით რეალურად გამოყოფილი არ ჰქონიათ, ხოლო გამოუყოფელ წილზე სარგებლობის უფლების შემცირება შეუძლებელია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების მითითების გარეშე მიიჩნია, რომ ფანჯრის ღიობის გამოჭრით შემცირდა ს.ც-ის კუთვნილი წილის ღირებულება და ამით მას მიადგა ქონებრივი ზიანი, რადგან ს.ც-ს ინდივიდუალური წილი თანასაკუთრებიდან გამოყოფილი არ ჰქონია, შესაბამისად, ვერც მისი ღირებულება ვერ შემცირდებოდა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1980წ. 28 მარტის ბრძანებას, რომლითაც მას სადავო ფანჯრის ღიობის ამოჭრის ნება დაერთო. ასევე არასწორად არ გაიზიარა ლ. ზ-ის ახსნა-განმარტება, რომლითაც დადასტურდა ის გარემოება, რომ სახლის ნაწილის ყიდვისას ს.ც-ი გაფრთხილებული და თანახმა იყო გ,ზ-ის განზრახვაზე, გაეჭრა სადავო ფანჯარა. კასატორის მოსაზრებით, ფანჯრის ღიობის ამოშენებით მისი ოთახი შესამჩნევად ბნელდება, ხოლო არსებული მდგომარეობით კანონის მოთხოვნები არ ირღვევა და არც სხვა პირთა ინტერესები არ ილახება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი: ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 2/15 არის ს. ც-ის საკუთრება, 5/15 ეკუთვნის ჯ. კ-ს, ხოლო 8/15 _ გ. ზ-ეს. სახლი და მიწის ნაკვეთი ერთად წარმოადგენს საზიარო უფლების საგანს. ამასთან, სახლი და საერთო აივანიც თანამესაკუთრეებს შორის ფაქტობრივად გაყოფილია და ყველა სარგებლობს ურთიერთშეთანხმებით მისთვის გამოყოფილი ოთახებით, კერძოდ, გ.ზ-ეს უკავია ლიტ „ა-ს» პირველ სართულზე ¹5,7,9 და 91 ოთახები, ხოლო ს. ც-ს _ ¹4 და 41 ოთახები; სადაო ფანჯრის ღიობი ამოჭრილია გ.ზ-ის მიერ ¹7 ოთახის კედელში და გადის ს.ც-ის სარგებლობაში არსებულ აივანზე.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარი ასეთ პრეტენზიას არ შეიცავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არუმენტს გასაჩივრებული განჩინების არაკანონიერების თაობაზე, იმ მოტივით, რომ ვინაიდან მხარეებს წილები კანონით დადგენილი წესით რეალურად გამოყოფილი არა აქვთ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 955-ე მუხლის მეორე ნაწილი და 957-ე მუხლის მესამე ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი ერთად წარმოადგენს მოდავე მხარეთა საზიარო უფლების საგანს და მათ განსაზღვრული აქვთ წილი საერთო საკუთრებაში. სამოქალაქო კოდექსი ადგენს რა საერთო საკუთრების ორ სახეს _ თანაზიარ და წილად საკუთრებას, თანამესაკუთრეს წილადი საკუთრების დროს ეკუთვნის უფლება განსაზღვრულ წილზე. ამდენად, თითოეული თანამესაკუთრის უფლება საერთო ნივთის რაიმე კონკრეტული ნაწილით შეზღუდული კი არ არის, არამედ ვრცელდება მთელ ნივთზე. საერთო წილად საკუთრებაზე სწორედ საზიარო უფლებების მარეგულირებელი ნორმები უნდა გავრცელდეს, ვინაიდან, როდესაც უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები (სკ-ის 953-ე მუხლი). საერთო საკუთრებიდან წილის რეალური გამოყოფით საზიარო უფლება უქმდება, თანასაკუთრებაც ისპობა და, შესაბამისად, საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებას და მართებულად მიუთითა სკ-ის 955-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის ძალითაც თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას და 957-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლითაც ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.

დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ცალკეული მოწილის უფლება საზიარო საგნით სარგებლობის დადგენილი წესის შეცვლისას შეზღუდულია სხვა მოწილეთა სავალდებულო თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე, ფანჯრის ღიობის გაჭრით შეცვალა რა თანასაკუთრებით სარგებლობის წესი, დაარღვია თანამესაკუთრის _ ს. ც-ის კანონით გარანტირებული უფლებები, რისი დაცვაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სავსებით სწორად იქნა უზრუნველყოფილი.

დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სადავო ფანჯრის ღიობის ამოჭრა კანონიერია, ვინაიდან არსებობს ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1980წ. 28 მარტის ბრძანება და ასევე მოსარჩელე ს.ც-ი სახლის ნაწილის ყიდვისას გაფრთხილდა და იგი თანახმა იყო ფანჯრის ღიობის ამოჭრაზე. საქმეში წარმოდგენილი ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1980წ. 28 მარტის ბრძანებით განხილულ და შეთანხმებულ იქნა ო. ზ-ის პირადი სარგებლობის საცხოვრებელი სახლის კუთვნილ ნაწილზე დამხმარე სათავსოების მოწყობის პროექტი. რაც შეეხება ს.ც-ის დავის საგანზე სახლის ყიდვამდე გაფრთხილებას და თანხმობას, ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა გამოტანილი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.