დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-764-1051-05 ას-764-1051-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 19 ნოემბერს ზ. ი-ამ მოპასუხე ვ. ი-ის მიმართ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ სარჩელი აღძრა სასამართლოში.
ზ. ი-ამ სარჩელში მიუთითა, რომ მოპასუხე ვ. ი-ე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც 1983წ. 20 დეკემბრიდან განქორწინებულია. ჰყავთ ქალიშვილი თ. ი-ა, დაბადებული 19....წ. 9 დეკემბერს, რომელიც დაავადებულია ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით. მოპასუხეს 1980 წელს ... ბინა ¹42-ში გამოეყო ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, მაგრამ იგი ქალიშვილთან ერთად დღემდე განაგრძობს ცხოვრებას თბილისში, ... ბინა ¹50-ში, რომელიც ჯერ კიდევ 1977წ. 17 იანვარს გაცემული ორდერის საფუძველზე ეკუთვნის მოსარჩელეს. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ქ. თბილისის გლდანის რ-ნის სასამართლოს 1992წ. სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ი-ას სარჩელი და მოპასუხე ვ. ი-ე გამოსახლებული იქნა თბილისში, ... სადავო ბინიდან. კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა აღსასრულებლად, მაგრამ, მოპასუხის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა. ამასობაში გადაწყვეტილების აღსრულების ვადაც გავიდა. მოპასუხე ვ. ი-ე კი დღემდე უკანონოდ ცხოვრობს მის კუთვნილ ბინაში, მაშინ, როდესაც მას სხვა ბინა არ გააჩნდა. მოსარჩელემ ვ. ი-ის სადავო ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება ითხოვა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ი-ე მასთან თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... ზ. ი-ას სახელზე რიცხული ბინიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე ვ. ი-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმე ისე განიხილა, რომ უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილ იქნა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტისა და 266-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო: ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის ყოფილი .... სახ. რ-ნის დეპუტატობის საბჭოს აღმასკომის მიერ 1977წ. 17 იანვარს გაცემული ორდერი – ¹011657, რომლის საფუძველზეც ზ. ი-ას უფლება მიეცა, დაეკავებინა თბილისში, ... ბინა ¹50.
ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის ცნობებით დასტურდებოდა, რომ თბილისში, ... ბინა ¹50 საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არაა, რაც გამორიცხავს ამჟამად ვისიმე საკუთრების უფლებას აღნიშნულ უძრავ ნივთზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, ამიტომაც სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 385-ე, 390-ე, 397-ე, 372-ე, 257-ე მუხლებით, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ, გააუქმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს. 2005წ. 24 მაისს ზ. ი-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: საოლქო სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ-ის 373-ე, 70-ე და 78-ე მუხლების მოთხოვნები, სკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, „კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც არამართზომიერად ფლობს, ხოლო კეთილსინდისიერ მფლობელს ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის მსგავსად შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის ფარგლებში და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ი-ას გადაეგზავნა ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი და იგი სხდომაზე მოწვეული იყოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ზ. ი-ა მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და მას არ განუცხადებია რაიმე პრეტენზია. ამასთან, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება, საპროცესო სამართლის ნორმები რომ დარღვეულიყო, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ი-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრები საქმეთა პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.