გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.01.2006
საქმის ნომერი
ას-769-1048-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-769-1048-05 27 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: სავაჭრო ჯიხურის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. უ-შვილმა 2001 წელს მ. უ-შვილისაგან შეიძინა სავაჭრო ჯიხური 500 აშშ დოლარად. იმავე წელს აღნიშნული ჯიხური მიაქირავა რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის, გ. მ-შვილს. ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, ქირის თანხა განისაზღვრა თვეში 30 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის ქირავნობის ურთიერთობა რამდენიმე წელია არსებობს.

ნ. უ-შვილმა 2004წ. 20 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე გ. მ-შვილის იძულებით გაყვანა უკანონოდ დაკავებული ჯიხურიდან და დარჩენილი ქირის გადახდის დაკისრება.

მოპასუხე გ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან 500 ლარად შეიძინა სავაჭრო ჯიხურის ნახევარი, ამასთან, ყოველთვიურად იხდიდა 30 ლარს და ელექტროენერგიის საფასურს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. უ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. მ-შვილი იძულებით იქნა გამოყვანილი გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მისი კუთვნილი ჯიხურიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯიხურის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. უ-შვილი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, სკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლება აქვს, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ თავისი ქონებით სარგებლობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გააასაჩივრა გ. მ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. უ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სავაჭრო ჯიხური წარმოადგენს მოძრავ ნივთს, მისი მესაკუთრეა 2001 წლიდან ნ. უ-შვილი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ჯიხურის ნახევარზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელემ მოპასუხისათვის მიიღო აღნიშნულის ღირებულება _ 500 ლარი; მოპასუხე ფლობს ამ ჯიხურს. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, იგი ვალდებულია, ამტკიცოს, რომ მ-შვილის მიერ სადავო ჯიხურის ფლობა კანონიერ საფუძველსაა მოკლებული. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. უ-შვილმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათთვის მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსი უცნობია და სააპელაციო სასამართლო მათ ჩვენებებს ვერ დაუდებს სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. უ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გ. მ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მან მიუთითა სამოქალაქო კოდექის 155-ე მუხლზე და განმარტა, რომ იმ პირობით დათანხმდა გ. მ-შვილის მიერ ჯიხურის ფლობას, თუ იგი ქირას გადაუხდიდა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. უ-შვილი ვერ ამტკიცებს გარემოებას, რაზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დადასტურებულია, რომ იგი არის ჯიხურის მესაკუთრე. ის გარემოება, რომ მან რკინის ჯიხური გ. მ-შვილს მიყიდა, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მას გამიზნული ჰქონდა ჯიხურის გაქირავება და აღნიშნული განახორციელა კიდეც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2001 წელს სავაჭრო რკინის ჯიხურის მესაკუთრე გახდა ნ. უ-შვილი, მას ჯიხური წლების განმავლობაში გაქირავებული ჰქონდა სხვადასხვა მოქალაქეზე, მათ შორის მოპასუხეზეც. ნ.უ-შვილმა მოპასუხის გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გ.მ-შვილს ნაქირავები ჰქონდა ეს ჯიხური, ჯიხურით სარგებლობისათვის წინასწარ გამოართვა 500 ლარი და დათქმული ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს გამოეთავისუფლებინა ნაქირავები ნივთი, რაზეც უარი განუცხადა. სკ-ის 564-ე მუხლის თანახმად ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის სადავო ჯიხურის ნახევარზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ მეორეს მხრივ არ მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ჩათვალა დადგენილად ზემოაღნიშნული. სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო 500 ლარი; მაგრამ სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ნ. უ-შვილიც არ უარყოფს გ. მ-შვილისაგან 500 ლარის მიღების ფაქტს, მაგრამ მისი განმარტებით, აღნიშნული თანხა ჯიხურის ქირის წინასწარ გადასახდელი თანხაა და არა ნასყიდობის ფასი. სასამართლომ არ შეაფასა მოწმე მ. მურაკაშვილის ის ჩვენება, რომ იგი შეესწრო, როცა ნ. უ-შვილმა მოპასუხეს ჯიხურის სარგებლობისათვის წინასწარ გამოართვა ქირა ჯერ 250 ლარი, 3-4 თვის შემდეგ კი 250 ლარი. ხოლო მოწმე ლ. ზ-შვილმა კი განმარტა, რომ მოსარჩელემ ქირა წინასწარ გამოართვა მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წამოყენებული. სასამართლომ მხარეთა შორის ურთიერთობას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, არ მიუთითა მატერიალური სამართლის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნია, არ გამოარკვია, სადავო ჯიხურზე როდის დაიდო მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება და რა პირობებით.

სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.