გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-784-1061-05 18 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ.-ის წარმომადგენელმა რ. ჭეფხოძემ სარჩელი აღძრა დ. ბ.-ის წინააღმდეგ ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხისა და მასთან ერთად მცხოვრებ პირთა გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: ლ. მ.-მ, ზემოაღნიშნული ბინა შეიძინა 2002წ. 31 იანვარს, რომელიც უკანონოდ აქვს დაკავებული მოპასუხეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და დ. ბ.-ი მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნა, ქ.ქუთაისში, მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს განჩინებით 2004წ. 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა დ. ბ.-ის საჩივრის საფუძველზე.
2004წ. 22 სექტემბერს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ბ.-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, იმ მოტივით, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში, რის შესახებაც წინასწარ, განცხადებით აცნობა სასამართლოს და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება.
აპელანტ დ. ბ.-ისა და მის წარმომადგენელ თ. პ.-ის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო პალატის 2004წ. 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწვეტილებით, დ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა აპელანტ დ. ბ.-ის წარმომადგენელმა თ. პ.-მ, საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005წ. 14 აპრილს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დ. ბ.-ის 2004წ. 13 აპრილის დეპეშაში მითითებული მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სსკ-ის 216-ე მუხლის და 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების მიხედვით დ.ბ.-ი 2005წ. 14 მარტიდან ამავე წლის 21 მარტამდე მკურნალობდა ქ.მოსკოვის ¹... სამშობიარო სახლში, მაგრამ ცნობა იმის შესახებ, რომ, ავადმყოფობის გამო, არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. რაც შეეხება დ. ბ.-ის წარმომადგენელ თ. პ.-ის შუამდგომლობას თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზეზით, ასეთი საფუძვლით საქმის განხილვის გადადება, კანონით გათვალისწინებული არ არის.
დ. ბ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, იგი 2005წ. 14 მარტიდან მკურნალობდა მოსკოვის ¹... სამშობიარო სახლში. ამის შესახებ სასამართლო განხილვამდე ანუ 2005წ. 14 აპრილს აცნობა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება. კასატორის რწმუნებულმა თ.პ.-მ სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე აცნობა სასამართლოს და შესაბამისი მტკიცებულება, რომ იგი 2005წ. 14 აპრილს მონაწილეობდა საქმის განხილვაში თბილისის საოლქო სასამართლოში. სსკ-ის 233-ე მუხლის „ბ” პუნქტის თანახმად სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხლვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქმის მასალების მიხედვით, დ. ბ.-მა სხდომის წინა დღეს, 2005წ. 14 აპრილს სასამართლოს აცნობა, რომ, ავადმყოფობის გამო, ვერ ცხადდება პროცესზე, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება გამოჯანმრთელებამდე.
იმავე დღეს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ბ.-ის წარმომადგენლის თ.პ.-ის შუამდგომლობდა სხდომის სხვა დროისათვის გადადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2005წ. 14 აპრილს, მონაწილეობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში შპს „...-ს” საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებს იმ გარემოებას, როცა მხარე, რომელსაც დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე, იჩენს უპატივცემულობას სასამართლოს მიმართ, არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სხდომაზე და არც ატყობინებს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზებზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარემ და მისმა წარმომადგენელმა აცნობეს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ პროცესში მონაწილეობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ის გარემოება, რომ წარმომადგენელი თ. პ.-ი ვერ ცხადდებოდა ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის გამო, სასამართლოს უნდა მიეჩნია ისეთ გარემოებად, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში დროულად გამოცხადებაში.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად უნდა მიეჩნია, სხდომის გადადება დ.ბ.-ის განცხადება-დეპეშის საფუძველზე, რომლითაც ამ უკანასკნელმა აცნობა ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ი არ იმყოფება საქართველოში, 2005წ. მარტში მკურნალობდა მოსკოვის ¹... სამშობიარო სახლში, აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მხარე შეგნებულად თავს არ არიდებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
საკასაციო პალატა უთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის სარეზოლუციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო არასწორად მსჯელობს სააპელაციო საჩივრის თაობაზე, მაშინ როცა სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა ემსჯელა საჩივარზე, რომლითაც მხარე ითხოვდა 2004წ. 30 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან არ არსებობდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 30 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის ხელახლა განუხილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქ.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.