დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.03.2006
საქმის ნომერი
ას-799-1068-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-799-1068-05 13 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ავტომანქანის გამოთხოვა, თანხის ანაზღაურება, აირსაცავების ქირის ანაზღაურება და მათი გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ზ. ხ-ის» დამფუძნებელმა პ. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ც-ძის მიმართ კუთვნილი თხევადი აირის ¹61 და ¹88 საცავების დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: პ. ო-ი წარმოადგენდა შპს «ხ-ის» დამფუძნებელსა და წილთა 100%-ის მესაკუთრეს, ბ.ლ-ძე კი იყო საზოგადოების დირექტორი. მხარის მითითებით, ხორცკომბინატის ტერიტორიაზე დამონტაჟებული თხევადი აირის სარეალიზაციო პუნქტი ეკუთვნოდა შპს «ხ-ს». მოსარჩელის განმარტებით, ქ.რუსთავში, სს «გ-ში» ბ.ლ-ძემ საკუთარი თანხებით დაამზადებინა თხევადი აირის ორი ჭურჭელი, რომლებიც 2001 წელს სიტყვიერი გარიგებით მიაქირავა მ.ც-ძეს. ამ უკანასკნელმა მოსარჩელესთან შეთანხმებით 1000 აშშ დოლარის საფასურად იმავე საწარმოში აღნიშნული ჭურჭლის სიგრძე გაზარდა. ჭურჭლის გადაკეთებისათვის დახარჯული თანხა მ.ც-ძისათვის ქირაში უნდა ჩათვლილიყო. მ.ც-ძემ თხევადი აირის ჭურჭლის გამოყენებისათვის ქირა არ გადაიხადა და არც თავად საცავები დააბრუნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შპს «პ-ის” დამფუძნებლებთან კ-ძესა და ვ.ე-ძესთან. მ.ც-ძე რუსეთიდან ეზიდებოდა თხევად აირს და სარეალიზაციოდ აბარებდა შპს «პ-ს». აირის ღირებულების გადაუხდელობით მათ დაუგროვდათ 1100 აშშ დოლარის დავალიანება. მ.ც-ძემ ვალის გადახდის მოთხოვნისას გამოარკვია, რომ შპს «პ-ს» კიდევ ერთი დამფუძნებელი, შპს «ზ. ხ-ის» დირექტორი ბ.ლ-ძე ჰყავდა, რომელმაც ვ.ე-ძისაგან სარეალიზაციოდ წაიღო აირი და აღნიშნული თანხაც მას უნდა გადაეხადა. შპს «პ-ის» ბალანსზე იმ დროისათვის ირიცხებოდა თხევადი აირის ¹61 ჭურჭელი, რომელიც ბ.ლ-ძეს ქ.გორში გასაყიდად ჰქონდა წაღებული. მ.ც-ძემ ბ.ლ-ძეს აღნიშნული ვალის სანაცვლოდ შესთავაზა. მ.ც-ძემ გადაწყვიტა, თუ აღნიშნული საცავის სიგრძეს «გ-ი» გაზრდიდა, იგი ვალის, თანხის სანაცვლოდ აეღო. იმავდროულად გამოირკვა, რომ სს «გ-ში» ბ.ლ-ძეს შეკვეთილი ჰქონდა აირის მეორე ჭურჭელი ¹88, მაგრამ თანხას ვერ იხდიდა. ბ.ლ-ძემ შესთავაზა მისი შეძენაც. მ.ც-ძემ ორივე საცავში გადაიხადა 5200 ლარი, ხოლო 1100 აშშ დოლარი აირის ღირებულება ბ.ლ-ძეს გადახდილად ჩაუთვალა. შემდგომში მ.ც-ძემ ბ.ლ-ძეს სარეალიზაციოდ მიუზიდა კვლავ აირი, რისი ღირებულებაც მან კვლავ ვერ გადაიხადა. მთლიანად დავალიანებამ შეადგინა 7500 აშშ დოლარი. მ.ც-ძეს აქვს ორივე მათგანის პასპორტი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა თხევადი აირის ¹61 და ¹88 საცავების მათი მესაკუთრის შპს «ხ-ისათვის» დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ც-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციოპალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით მ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინებით მ. ც-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე პალატას ხელახლა განსახილველად.

ამავდროულად, 2001წ. 26 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ.ც-ძემ თავდაპირველად შპს «პ-ის» მიმართ, ხოლო შემდეგ სათანადო მოპასუხედ მიიჩნია ბ.ლ-ძე და მოითხოვა მოპასუხისათვის 8463 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ავტომანქანა «კრაზის» მის სახელზე გადაფორმება და ავტომანქანის მისაბმელის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: მ.ც-ძეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შპს «პ-ის» დამფუძნებლებთან ბ.ლ-ძესა და ვ.ე-ძესთან თხევადი აირის მიწოდებაზე. ბ.ლ-ძეს მიწოდებული თხევადი აირის საფასური 1372, 2500 და 2487 აშშ დოლარის ოდენობით დღემდე არ გადაუხდია. ასევე ბ.ლ-ძეს ასესხა 1304 აშშ დოლარი და მისი თხოვნით ჯ.კუპატაძეს გადაუხადა 100 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია. სულ მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 8463 აშშ დოლარი. ამასთან, მ.ც-ძის კუთვნილი ავტომანქანა «კრაზი» მოპასუხემ დროებით გადაიფორმა მის სახელზე და უარს ამბობს დაბრუნებაზე, ასევე უარს აცხადებს მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მისაბმელის დაბრუნებაზე.

ბ.ლ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ.ც-ძისათვის 5660 აშშ დოლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ მ.ც-ძეს მისგან ნაქირავები ჰქონდა ორი ცალი აირის საცავი, თითოეული _ 300 აშშ დოლარად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით მ.ც-ძის სარჩელი და ბ.ლ-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ლ-ძეს მ.ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 7459 აშშ დოლარის გადახდა და მ.ც-ძისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომისაბმელის დაბრუნება. იმავე გადაწყვეტილებით მ.ც-ძეს ბ.ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა გაზმზიდი მანქანის უნაგირისა და სამი კომპლექტი ე.წ. «სტუპიცა მისაბმელის» ღირებულების _ 650 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბ.ლ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეები, მ.ც-ძის სარჩელის გამო, ბ.ლ-ძის მიმართ თანხების ანაზღაურების თაობაზე აგრეთვე, პ.ო-ისა და ბ.ლ-ძის სარჩელის გამო, თხევადი აირის საცავების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამავე სასამართლოს 2004წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «ხ-ის» დირექტორ ბ.ლ-ძისა და პ. ო-ის სარჩელი აირსაცავების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პ.ო-მა და ბ. ლ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო ბ.ლ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და ბ.ლ-ძეს მ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 6 087 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წელს სადავო ¹88 და ¹61 აირსაცავი ჭურჭელი დამზადდა ქ.რუსთავში, სს «გ-ში» ბ.ლ-ძის შეკვეთით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული თხევადი აირის საცავები 2001წ. 3 იანვარს ბ. ლ-ძემ საკუთრებაში გადასცა შპს «ხ-ს», რაც დასტურდება ამავე თარიღის ზედდებულებით. უდავოა, რომ მ.ც-ძემ აღნიშნული საცავების ზომის გადიდებაში სს «გ-ში» გადაიხადა 2600 აშშ დოლარი. 2003წ. იანვრიდან აირსაცავები შპს «ხ-ის» საბუღალტრო მასალებში, წლიურ ბალანსში აისახა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სს «გ-ის» მიერ 2002წ. 7 ნოემბერს გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, 1999წ. 28 სექტემბრის განცხადების საფუძველზე ¹29/93 შეკვეთით ბ.ლ-ძეს დაუმზადდა თხევადი აირის ¹61 და ¹88 ჭურჭელი და როგორც მეპატრონეს, გადაეცა მათი პასპორტები. სწორედ აღნიშნული დოკუმენტებიდან ¹88 აირსაცავის პასპორტის დედანი იქნა მ.ც-ძის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარდგენილი სადავო აირსაცავებზე მისი საკუთრების უფლების დასადასტურებლად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ.ც-ძის მიერ ხსენებული პასპორტის წარდგენა ვერ გახდება სადავო ნივთების მის საკუთრებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ამ დოკუმენტში არ არის არც ერთი რეკვიზიტი, მონაცემი, რომელიც მიუთითებდა მესაკუთრის ვინაობაზე და მისი მფლობელის იმავდროულად მესაკუთრის უტყუარი დასტური იქნებოდა. პასპორტის მერვე გვერდზე ჭურჭლის უსაფრთხო და სწორ მოხმარებაზე პასუხისმგებელ პირად დასახელებულიარა მ.ც-ძე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ პასპორტები გაიცემოდა იმ პირის სახელზე, ვისაც ისინი საექსპლუატაციოდ გადაეცემოდა, რათა ნივთის მფლობელს წარმოდგენა ჰქონოდა ჭურჭლის ტექნიკურ მდგომარეობაზე. პალატამ მიუთითა საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ცნობაზე, რომლის თანახმად, პასპორტში აღინიშნება ჭურჭლის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები, რომელიც არ არის აუცილებელი იმავდროულად წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მესაკუთრე იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულების თანახმად, ¹61 აირსაცავი 1996 წლიდან შპს «პ-ის» საკუთრებას წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული შპს «პ-ის» დირექტორის განმარტებით დადგინდა, რომ შპს «პ-ს» აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან სადავო აირსაცავი ეკუთვნის შპს «ხ-ს». ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აირსაცავების ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე შპს «ხ-ია» და სკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, ისინი მ.ც-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მ.ც-ძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თხევადი აირის მიწოდებას აწარმოებდა კერძო სამართლის სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ზესტაფონის რაიონში, მათ შორის, შპს «პ-თან», შპს «ხ-სა» და ბ.ლ-ძესთან, როგორც ფიზიკურ პირთან. მ.ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «პ-ის», შემდეგ კი ბ.ლ-ძის მიმართ. გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რომ ბ.ლ-ძე იყო როგორც შპს «პ-ის» დამფუძნებელი, ასევე შპს «ხ-ის» დირექტორი, ბ.ლ-ძემ თავი სათანადო მოპასუხედ ცნო, თუმცა სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. შეგებებულ სარჩელში ბ.ლ-ძემ განმარტა, რომ მ.ც-ძემ მიაწოდა გარკვეული ოდენობის აირი, დაადასტურა, რომ მანვე სს «გ-ში» გადაიხადა 2600 აშშ დოლარი, ასევე დაადასტურა ვალის გადმოკისრება 1100 აშშ დოლარის ოდენობით ვ.ე-ძისაგან, აღიარა 100 აშშ დოლარის პირადი ვალიც, თუმცა მიუთითა, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი გარიგება საცავების ქირავნობაზე, მ.ც-ძეს გადაუხდელი ჰქონდა 14 თვის ქირა, ამიტომ თანხას, რომელსაც მ.ც-ძე ითხოვდა, უნდა დაკლებოდა საცავების ქირავნობის თანხა 5660 აშშ დოლარი. ეს განმარტება სასამართლოს მიერ შეფასდა ბ.ლ-ძის მიერ სარჩელის ნაწილობრივ აღიარებად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბ.ლ-ძის მოსაზრება მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე და მიუთითა სკ-ის 553-ე მუხლზე. სასამართლომბ.ლ-ძის განმარტების ანალიზით მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქირაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირველ თვეშივე ბ.ლ-ძეს დაერღვა ქირის თანხის მიღების უფლება, რის აღსადგენად მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა, თუმცა ბ.ლ-ძემ მხოლოდ მ.ც-ძის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ შეიტანა შეგებებული სარჩელი. მხარეთა შორის ქირავნობის არარსებობის დამადასტურებლად სასამართლომ, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ის გარემობაც მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილ იქნა ქირავნობის ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც მხარეებმა, შეუთანხმებლობის გამო, ხელი არ მოაწერეს. სკ-ის 254-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. ვინაიდან დაგირავებულ იქნა მოძრავი ნივთები _ აირსაცავები, შეძენისათვის დადგენილი წესით და აირსაცავების პასპორტები გამოიწერა მოგირავნის _ მ.ც-ძის სახელზე, პასპორტის მფლობელს აირსაცავთა ექსპლუატაციის სრული უფლება ჰქონდა მინიჭებული. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბ.ლ-ძეს მ.ც-ძისათვის გადასახდელი აქვს 6 143 აშშ დოლარი, კერძოდ, 2600 აშშ დოლარი, რომელიც მ.ც-ძემ ბ.ლ-ძესთან შეთანხმებით მის ნაცვლად გადაიხადა სს «გ-ში» საცავების მოცულობის გასაზრდელად, 1100 აშშ დოლარი _ ბ.ლ-ძის მიერ აღიარებული ვალი, რომელიც მან ვ.ე-ძისაგან გადაიკისრა, 100 აშშ დოლარი _ პირადი ვალი, 38 და 2287 აშშ დოლარი კი მიწოდებული აირის ღირებულების დარჩენილი ნაწილი, რომელიც მოპასუხეს მ.ც-ძისათვის არ გადაუხდია. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული გარემოებები საქმის განხილვისას თავად ბ.ლ-ძისა და შპს «ხ-ის» წარმომადგენელთა მიერ იქნა დადასტურებული. პალატამ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ბ.ლ-ძეს შპს «ხ-ში» ორჯერ აქვს გაზი მიტანილი, სულ _ 3 657 აშშ დოლარი ღირებულების, აქედან თავისი ხელმოწერით მიიღო 1 370 აშშ დოლარი, ხოლო მისაღები დარჩა 2 287 აშშ დოლარი. ხსენებულ გარემოებებს ადასტურებს მოპასუხეც საქმეში არსებული განმარტებებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზესტაფონის პოლიციაში მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბ.ლ-ძემ მ.ც-ძისათვის გადასახდელ თანხად მიუთითა 6143 აშშ დოლარი. ზემოხსენებული გარემოება თავის ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ი.ხ-ძემაც. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 341-ე, 131-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მ.ც-ძის მოთხოვნა ბ.ლ-ძისათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით 6 143 აშშ დოლარის ნაწილში თავად ბ.ლ-ძის მიერ იქნა აღიარებული და დადასტურებული.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის განჩინებით მ.ც-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ბ.ლ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას მ.ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 6 143 აშშ დოლარის გადახდა და მ.ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე, 102-ე, 105-ე და 244-ე მუხლების მოთხოვნები, არასწორად შეაფასა და სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბ.ლ-ძის მიერ გაქირავებული აირსაცავით მ.ც-ძე და ვ.ე-ძე ერთად აწარმოებდნენ ბუნებრივი აირის გადაზიდვას რუსეთიდან. აღნიშნულისათვის ვ.ე-ძე ერთ გადაზიდვაში უხდიდა 300 აშშ დოლარს. მ.ც-ძესა და ვ.ე-ძეს შორის საქმიანი ურთიერთობა შეწყდა 3,5 ტ ბუნებრივი აირის დანაკლისის გამო, რის შემდეგ დამოუკიდებელი საქმიანობისათვის სადავო საცავი იმავე პირობებით იქირავა მ.ც-ძემ იმ განსხვავებით, რომ იგი თვეში ორჯერ გადაზიდავდა. მ.ც-ძემ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იქირავა ბ.ლ-ძის კუთვნილი მეორე საცავიც. მოგვიანებით მ.ც-ძის მოთხოვნით საცავების მოცულობა გაიზარდა, თუმცა მათ მანამდე არსებული პასპორტები შეუნარჩუნდათ. აღნიშნული იმით დასტურდება, რომ ¹61 და ¹88 საცავების პასპორტები თარიღდება 1999 წლით, მათი მოცულობაში გაზრდა კი მოხდა 2000 წელს. კასატორის განმარტებით, საცავების გაზრდის შემდეგ ქირა არ გაზრდილა, ამდენად, ბ.ლ-ძე აღნიშნულით დაინტერესებული არ იყო, რის გამოც იგი დათანხმდა საცავების გაზრდისათვის დახარჯული ხარჯები დაეფარა მ.ც-ძეს, რაც ქირის ნაწილში ეტაპობრივად გაექვითებოდა. იგი ასევე დაეხმარა ზემოხსენებული თანხის მოძიებაში, რისთვისაც მის კუთვნილ გაზის სარეალიზაციო ბაზაში _ შპს «პ-ში» მოახდინა მ.ც-ძის გადმოზიდული ბუნებრივი აირის რეალიზაცია ისე, რომ რაიმე გასამრჯელო ან დამატებითი ხარჯები მისთვის არ გამოურთმევია. აღნიშნულიდან მოგებამ შეადგინა 5523 აშშ დოლარი, საიდანაც აირსაცავების გაზრდაში დაიხარჯა 2600 აშშ დოლარი. ამასთან, მ.ც-ძის მოთხოვნით, ბ.ლ-ძემ სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით დაადასტურა, რომ მხარეებს ანგარიში გასწორებული ჰქონდათ. კასატორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მხარეთა შორის გირავნობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ და მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოადგენს ქირავნობას. ბ.ლ-ძის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია 1100 აშშ დოლარის დაკისრების საკითხი. მხარის მითითებით, მას ვ.ე-ძის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა. მ.ც-ძესა და ვ.ე-ძეს შორის ბუნებრივი აირის 3,5 ტ დანაკლისის გამო დავის გაჭიანურებისას დაგვიანდა ბ.ლ-ძის აირსაცავების ექსპლუატაცია, რის გამოც, კასატორის განმარტებით, მან მ.ც-ძეს შესთავაზა სადავო 1100 აშშ დოლარის აირსაცავების ქირიდან გამოქვითვა. კასატორმა ასევე არასწორად მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება 2287 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ბუნებრივი აირის ღირებულების სხვაობას. ამ გარემოების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ზესტაფონის რაიონის პოლიციაში ბ.ლ-ძისა და ი.ხ-ძის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებში, რომლებშიც დაანგარიშებულია მ.ც-ძის მისაღები თანხის და საცავების ქირის გადასახდელი თანხის ოდენობა, ასევე მათ შორის სხვაობა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მას, ვინაიდან ამ გარემოებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება. პალატამ არ შეაფასა სათანადოდ საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც გარიგების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო ხელი არ მოეწერა. კასატორის აზრით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, თუ რა გარემოებებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა სასამართლოს შინაგანი რწმენა. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო აირსაცავების მესაკუთრე შპს «ხ-ია», თუმცა ვერ დაასაბუთა თუ რა მიზეზით იმყოფება უკანონო მფლობელთან, მ.ც-ძესთან. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება არც გირავნობის ხელშეკრულების პროექტი, არც მოწმეთა ჩვენებები ან სხვა მტკიცებულება, რომელიც გირავნობის არსებობაზე მიუთითებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი: სადავო ¹88 და ¹61 აირსაცავი ჭურჭელი 1999 წელს დამზადდა ქ.რუსთავში, სს «გ-ში» ბ.ლ-ძის შეკვეთით. აღნიშნული თხევადი აირის საცავები 2001წ. 3 იანვარს ბ. ლ-ძემ საკუთრებაში გადასცა რა შპს «ხ-ს», აისახა საზოგადოების წლიურ ბალანსში და მისი საკუთრებაა. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბ.ლ-ძეს მ.ც-ძისათვის გადასახდელი აქვს 6 143 აშშ დოლარი, კერძოდ, 2600 აშშ დოლარი, რომელიც მ.ც-ძემ ბ.ლ-ძესთან შეთანხმებით მის ნაცვლად გადაიხადა სს «გ-ში» საცავების მოცულობის გასაზრდელად, 1100 აშშ დოლარი _ ბ.ლ-ძის მიერ აღიარებული ვალი, რომელიც მან ვ.ე-ძისაგან გადაიკისრა, 100 აშშ დოლარი _ პირადი ვალი, 38 და 2287 აშშ დოლარი კი მიწოდებული აირის ღირებულების დარჩენილი ნაწილი, რომელიც მოპასუხეს მ.ც-ძისათვის არ გადაუხდია. სასამართლომ ამ ვალდებულებებთან მიმართებაში ასევე დაადგინა, რომ ბ. ლ-ძემ შპს «ხ-ის»და შპს «პ-ის» ვალები იკისრა და აღიარა.

ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 7 თებერვლის განჩინებით მ.ც-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, სსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ბ.ლ-ძის საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ბ.ლ-ძეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და დაადგინა, რომ ბ.ლ-ძეს მისი აღიარების საფუძველზე, სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, მ. ც-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6143 აშშ დოლარის გადახდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება და შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქირის თანხა უნდა გაქვითულიყო ბ.ლ-ძის მიერ გადასახდელ თანხაში. კასატორი ამ არგუმენტის დასადასტურებლად უთითებს ქირავნობის ხელშეკრულების პროექტსა და მოწმეთა ჩვენებებზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი მხარეთა ხელმოწერებით დადასტურებული არ არის, ხოლო ამ ურთიერთობაში კასატორის მიერ კონტრაჰენტად დასახელებული მ.ც-ძე ქირავნობის შეთანხმების ფაქტს უარყოფს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ვინაიდან მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ქირავნობის ხელშეკრულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

აღწერილობითი ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისსაქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.