დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-817-1094-05 18 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. წ.-მა სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში გ. წ.-ის მიმართ მიყენებული ზარალის _ 7734 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: კ. წ.-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ხაშურში, ... მდებარე ბებიის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ხოლო გ. წ.-ი მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, რის გამოც სახლს უვლიდა და სარგებლობდა მოსარჩელე. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სახლი ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეობით გადავიდა გ. წ.-ის საკუთრებაში, რომლის სარჩელის გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, კ. წ.-ი გამოსახლებულ იქნა სადავო სახლიდან. მოსარჩელეს ჩაატარა 7734 ლარის ღირებულების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2091 ლარი, რის გამოც კ. წ.-მა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა 2091 ლარის ანაზრაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი სახლის ზემოაღნიშნული სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია მათი მამის _ პ. წ.-ის მიერ, ამასთან, სამუშაოებში მონაწილეობას ღებულობდა როგორც მოსარჩელე, ისე _ მოპასუხე მხარე. გ. წ.-ის მოსაზრებით, მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო სახლზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ უკანონოა, რადგან იგი ლ. წ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. წ.-ს კ. წ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2091 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. წ.-მა.
თბილისის საოლქოს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ხაშურში, ... მდებარე ბინა წარმოადგენდა ძმების: კ. და გ. წ.-ების ბებიის საკუთრებას. 1999წ. 5 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა აღირიცხა გ. წ.-ის სახელზე. ბინის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, კ. წ.-ი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის სასარგებლოდ გ. წ.-ის მიერ 2091 ლარის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა საკუთრების უფლებით მოპასუხის სახელზე აღირიცხა 1999წ. ივლისში. კ. წ.-ის მოითხოვნას წარმოადგენდა 1994-1995-1996 წლებში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რა დროსაც სადავო ბინის მესაკუთრე იყო არა მოპასუხე, არამედ მხარეთა ბებია, რომლის მიმართაც კ. წ.-ს პრეტენზია არ წაუყენებია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გაშვებულ იქნა სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების თაობაზე სარჩელით მიმართვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. წ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი დასაბუთებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 384-ე მუხლის მოთხოვნა და გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რადგან სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი მხარეს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია. აპელანტი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ სკ-ის 969-ე და 974-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ ასევე დაარღვია 393-ე მუხლის „გ“ პუნქტი და არასწორად გამოიყენა კანონი, არ გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი ის გარემოებანი, რომ სადავო ბინაში კ. წ.-ი ცხოვრობდა დაბადებიდან, მან წლების განმავლობაში, მათ შორის 1999 წელს, კაპიტალურად შეაკეთა სახლი. გ. წ.-ს სახლი აჩუქა ბებიამ და არა კ. წ.-მ, რომელსაც მჩუქებლის წინაშე რაიმე ვალდებულება არ გააჩნდა. კასატორის მოსაზრებით, კ. წ.-ისათვის მისი დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ის სადავო სახლიდან გამოასახლეს. მშენებლობა და რემონტი მიმდინარეობდა ოჯახის ყველა წევრის თანხმობით, რადგან აღნიშნულზე დავა მშენებლობის პროცესში არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა, რომ ხაშურში, ... მდებარე ბინა წარმოადგენდა ძმები კ. და გ. წ.-ების ბებიის საკუთრებას. 1999წ. 5 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა აღირიცხა გ. წ.-ის სახელზე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, კ. წ.-ი გ. წ.-ის სარჩელის საფუძველზე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. ასევე დადგენილია, რომ კ. წ.-ს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა ბებიის მიმართ არ წარუდგენია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა დავა, ვინაიდან კ. წ.-ს სახლის კაპიტალური რემონტის ხარჯები ნამდვილად გაწეული აქვს და მისი ანაზღაურება სახლის ამჟამინდელ მესაკუთრე გ. წ.-ს უნდა დაეკისროს.
დადგენილია, რომ გ. წ.-ს სადავო სახლი საკუთრებაში გადაეცა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგებულია სკ-ის 524-530-ე მუხლებით, რომელთა დანაწესები მკაფიოდ გამოხატავენ ამ გარიგების სპეციფიკურ ხასიათს. ჩუქების ხელშეკრულების დეფინიცია მოცემულია სკ-ის 524-ე მუხლში, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამდენად, ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ამასთან, ჩუქების უსასყიდლო ხასიათი არ გამორიცხავს მჩუქებლის ვალდებულებას ნივთის ნაკლთან მიმართებაში. ამ ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, საჩუქარი უნდა აუმჯობესებდეს რა დასაჩუქრებულის ქონებრივ მდგომარეობას, იგი უნდა იყოს ხარისხიანი. ამის საწინააღმდეგო გარიგებამ შესაძლებელია, გამჩუქებლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს, რაც ასახულია სკ-ის 527-ე მუხლში, რომლითაც თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
აღნიშნული ნორმებით დადგენილი დანაწესების ერთობლიობაში განხილვითა და შეფასებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ პასუხისმგებლობა ჩუქების საგნის ნაკლზე და, შესაბამისად, ნივთიდან გამომდინარე მჩუქებლის ვალდებულებები დასაჩუქრებულზე ვერ გადავა. ამდენად, კ. წ.-ის მოთხოვნა გამჩუქებლის სიცოცხლეში ჩუქების საგანზე გაწეულ ხარჯების დასაჩუქრებულისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მეორე საფუძველს, რომ სააპელაციო პალატა სსკ-ის 384-ე მუხლის მოთხოვნა დარღვევით გაცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი არ დაუყენებია არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის დარეგულირებისას იმსჯელა რა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, თუმცა აღნიშნული დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან სსკ-ის 384-ე მუხლის მესამე ნაწილით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.