გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 05.12.2005
საქმის ნომერი
ას-820-1095-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-820-1095-05 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საავტორო უფლებების დაცვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 დეკემბერს კავშირ „ს.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კავშირ „ა.-ის“ მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ კავშირი „ს.-ა“ არის სკ-ის 31-45-ე მუხლებისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მუსიკალური ნაწარმოებების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე.

საავტორო უფლებების მფლობელები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ორგანიზაციის წევრები არიან, 1999 წლიდან 2004წ. ივნისამდე იყვნენ კავშირის „ა.-ის“ (შემდგომში ...-ის) წევრები, რომელიც ვალდებული იყო, განეხორციელებინა მათი ქონებრივი უფლებების მართვა და დაცვა. ამ მიზნით მას უნდა შეეგროვებინა მუსიკალური ნაწარმოებების მომხმარებლებისაგან ჰონორარი ამ ნაწარმოებების გამოყენებისათვის და გაენაწილებინა იგი საავტორო უფლებების მფლობელებისათვის, თანახმად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებისა. მიუხედავად ამისა, 1999 წლიდან 2004წ. ივნისამდე (5 წლის განმავლობაში) საავტორო უფლებების მფლობელებისათვის გადახდილ იქნა იმდენად მცირე ჰონორარი, რომ ჩნდება ეჭვი თანხის არამიზნობრივად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოყენებისა. ამასთან, საავტორო უფლებების მფლობელთა უმეტესობას საერთოდ არ მიუღია არავითარი ჰონორარი.

თვით საავტორო უფლებების მფლობელი პირებისაგან მრავალჯერ იყო დაყენებული მოთხოვნა, რათა “...-ს” წარმოედგინა დოკუმენტაცია საავტორო ჰონორარების შეგროვების შესახებ და ინფორმაცია საავტორო უფლებების გამოყენების შესახებ, რაც უგულებელყოფილი იყო “...-ის” მიერ და ამით დარღვეულ იქნა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

გარდა ამისა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა “...-ი”, გადაწყვეტილებებს ჰონორარის ოდენობისა და მოსარგებლეებისათვის ლიცენზიების გაცემის პირობების, შეგროვებული ჰონორარის განაწილებისა და გადახდის წესის, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე უნდა იღებდნენ საავტორო უფლებათა მფლობელები კოლეგიურად, საერთო კრებაზე. ამ საკითხებზე გადაწყვეტილება არც ერთხელ არ ყოფილა შეთანხმებული საავტორო უფლებათა მფლობელებთან, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ “...-ი” მისი შემადგენლობიდან წევრების გამოსვლისა და მოსარჩელე ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგაც აგრძელებს მათი ქონებრივი უფლებების მართვას, კერძოდ, აწარმოებს მოლაპარაკებებს საავტორო უფლებების მოსარგებლეებთან ავტორების ჰონორარების “...-ისათვის” გადახდის შესახებ, რიგი მომხმარებლებიდან იღებს იმ ავტორთა ჰონორარებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით კავშირ „ს.-ის“ წევრები არიან და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს აუკრძალოს მომხმარებლებს მათი ავტორების ნაწარმოებების გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა „ა.-სათვის“ 1999 წლიდან დღემდე შეგროვებული საავტორო ჰონორარების შესახებ დოკუმენტაციისა და, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანგარიშების წარმოდგენა, რომლებშიც ასახული იქნება ცნობები საავტორო უფლებათა მფლობელების უფლებების გამოყენების შესახებ, აგრეთვე, „ა.-სათვის“ 1999 წლიდან 2004წ. ივნისამდე გადასახდელი საავტორო ჰონორარების გადახდის დაკისრება საავტორო უფლებათა მფლობელებისათვის და კავშირ „ა.-ის“ იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვის აკრძალვა, რომლებიც არიან კავშირ „ს.-ის“ წევრები და მის შემადგენლობაში აღარ შედიან.

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო განცხადებას დაურთო კავშირში გაერთიანებული საავტორო უფლებების მფლობელთა სია, რომლებთანაც მას გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, „ა.-ისათვის“ მიემართოს ავტორს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებით მათი უფლებების გამოყენებაზე ანგარიშის წარდგენის შესახებ და ასეთი ანგარიში არ წარედგინოს მათთვის. რაც შეეხება 1999 წლიდან 2004წ. ივნისამდე გადასახდელ საავტორო ჰონორარებს, საზოგადოება აღნიშნულ თანხებს ანაწილებს დადგენილი წესით. ამასთან, სასარჩელო განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რომელ ავტორს და კონკრეტულად რა ოდენობით ეკუთვნის საავტორო ჰონორარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა დაუზუსტებელია.

მოპასუხის განმარტებით, „ს.-ის“ მიერ სარჩელზე დართული მათი წევრების სიაში შეყვანილი არიან ის ავტორებიც, რომლებიც არიან „ა.-ის“ წევრები, მათი საზოგადოების წესდება კი კრძალავს საზოგადოების წევრის სხვა პარალელური კოლექტიური მართვის ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ამასთან, „ა.-ა“ საკუთარი წესდებისა და სკ-ის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წევრის საზოგადოებიდან გასვლის შემდენ ინარჩუნებს უფლებას ექვსი თვის განმავლობაში განახორციელოს ავტორის უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებული ფუნქციები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით „ს.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. „ა.-ს“ დაევალა, წარუდგინოს მოსარჩელეს 1999 წლიდან დღემდე შეგროვებული საავტორო ჰონორარების შესახებ დოკუმენტაცია და ანგარიშები, რომელშიც ასახული იქნება ცნობები საავტორო უფლებების მფლობელების: ბ. კ.-ის, ა. ბ.-ს, მ. კ.-ის, მ. ს.-ის, ნ. გ.-ს, ო. რ.-ის, ნ. გ.-ის, რ. მ.-ის, ლ. ნ.-ის, რ. რ.-ის, თ. რ.-ის, ზ. დ.-ის, მ. ჩ.-ის, ზ. მ.-ის, გ. გ.-ის, ლ. მ.-ის, გ. კ.-ის, ქ. გ.-ის, ჯ. ა.-ის, ა. ბ.-ის (ფ.-ი), ე. თ.-ის, გ. მ.-ის, ნ. ე.-ის, მ. ზ.-ის, ნ. ნ.-ის, გ. ბ.-ს, ნ. თ.-ის, ი. გ.-ის (მემკვიდრე), ა. შ.-ის, ზ. კ.-ის, ე. კ.-ის, ნ. ბ.-ის, მ. ა.-ის, მ. კ.-ს, ლ. ე.-ის, ბ. შ.-ის, ი. ს.-ის, თ. ჩ.-ს, ზ. მ.-ს, ა. ც.-ის, ჯ. ჯ.-ის, ო. ტ.-ის, ა. ტ.-ის (მემკვიდრე), გ. ნ.-ის, ი. ს.-ის, ნ. ჩ.-ის, ნ. გ.-ის, ნ. ც.-ის, თ. ნ.-ის, ლ. ს.-ის, ჯ. ჩ.-ის, გ. ჯ.-ის, ი. მ.-ის, ვ. მ.-ის, ნ. რ.-ის, ლ. ზ.-ის, მ. ქ.-ის, ზ. კ.-ს, ნ. ი.-ის, კ. ც.-ის, ზ. მ.-ის, გ. ლ.-ის, პ. გ.-ის, ნ. დ.-ის, თ. ც.-ის, ნ. ჩ.-ის უფლებების გამოყენების შესახებ. კავშირ „ა.-ს“ აეკრძალა ზემოთ ჩამოთვლილი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვის გაგრძელება.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე კავშირი „ს.-ა“ არის სკ-ის 31-45-ე მუხლებისა და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მუსიკალური ნაწარმოებების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი პირების ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე. მოსარჩელის მიერ დასახელებული საავტორო უფლებების მფლობელები არიან კავშირის წევრები, რომლებსაც მოსარჩელე მხარესთან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის შესახებ 2004-2005 წლებში დადებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულებები. 1999 წლიდან 2004 წლამდე კი ნაწარმოების ავტორები იყვნენ მოპასუხე მხარის „ა.-ის“ (...-ის) წევრები. 1999 წლიდან დღემდე შეგროვებული საავტორო ჰონორარების შესახებ დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული მუსიკალური ნაწარმოებების მფლობელებთან დადებული ხელშეკრულებების 1.1 პუნქტის თანახმად, ავტორი გადასცემს სამართავად კავშირს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“კანონით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებს, როგორც ამ ხელშეკრულების დადებამდე, ისე _ მისი მოქმედების პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებზე და ავალებს მას, მართოს აღნიშნული უფლებები საქართველოს კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ 1999 წლიდან დღემდე შეგროვებულ საავტორო ჰონორარებზე დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას 1999 წლიდან 2004წ. ივნისამდე გადასახდელი საავტორო ჰონორარების საავტორო უფლებათა მფლობელებისათვის გადახდის შესახებ, კოლეგიამ სარჩელი ამ ნაწილში მიიჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან მოსარჩელემ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება „ა.-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოება არ შეიძლება იყოს საავტორო უფლების სუბიექტი. იგი მხოლოდ მართავს ავტორის ქონებრივ უფლებებს და იცავს მათ ინტერესებს ნაწარმოებით მოსარგებლეებთან მიმართებაში. რაც შეეხება გაერთიანებასა და კონკრეტულ ავტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას საავტორო უფლებათა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის შესახებ, იგი ითვალისწინებს მხოლოდ ქონებრივ უფლებებს და არა ანგარიშის მოთხოვნის უფლებას, რომლის განხორციელებაც შეუძლია მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელს და ისიც მხოლოდ ჰონორარის გადახდის დროს ანუ ის, რაც არ არის ჩამოთვლილი კანონის მე-18 მუხლში, არ არის დაკავშირებული ავტორის ქონებრივ უფლებებთან და არ გამომდინარეობს მათგან. ავტორმა საავტორო უფლება გაერთიანებას გადასცა მხოლოდ სამართავად და არა მფლობელობაში, ანუ საავტორო უფლების მფლობელად კვლავაც ავტორი გვევლინება. შესაბამისად, მხოლოდ მას შეუძლია მოითხოვს კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინფორმაციის მიღება. კასატორის აზრით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 63-ე მუხლიდან და მოსარჩელე მხარის წესდების 1.2 პუნქტიდან გამომდინარე, გაერთიანებას არ გააჩნია ავტორის ქონებრივი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ „საავტორო და მიმიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის, ასევე სსკ-ის 84-ე მუხლის დარღვევით არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა „ს.-ის“ არასათანადო მოსარჩელედ ცნობისა და მისი იმ ავტორებით შეცვლის თაობაზე, რომლებიც განუცხადებდნენ პრეტენზიას “ა.-ს“ მოსარჩელის მიერ მითითებულ დავის საგანზე. შედეგად, პროცესი გაგრძელდა იმ მხარის მონაწილეობით, რომელსაც არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და წარმოედგინა ავტორები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია, რაც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეფასებინა, უფლებამოსილი იყო თუ არა კავშირი „ს.-ა“, აღეძრა სარჩელი სასამართლოში ანუ უნდა გამოკვლეულიყო, დარღვეული იყო თუ არა კავშირის უფლებები მოპასუხის მიერ. სარჩელში აღნიშნული გარემოება, რომ მოპასუხე მითითებულ ავტორებს არ უხდის ჰონორარს ან უხდის არასრული ოდენობით, უნდა შეფასდეს როგორც ამ ავტორთა და არა კავშირის უფლების დარღვევად. იმ შემთხვევაში, თუ კავშირი მონაწილეობს საქმეში როგორც ავტორთა წარმომადგენელი, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს სსკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად გაფორმებული წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტორსა და კავშირს შორის დადებული საქმეში წარმოდგენილი გარიგებები არ შეიძლება ჩაითვალოს მითითებული ნორმის საფუძველზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად.

პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 63-ე მუხლის შინაარსი. ეს ნორმა არ კრძალავს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის კოლექტიურ საფუძველზე შექმნილ სხვა კავშირში გაერთიანებას. მითუმეტეს, რომ სარჩელში მითითებულ ავტორთა და მოპასუხე კავშირს შორის არსებულ ხელშეკრულებათა გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის ცნობილი არ არის.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ იმსჯელა საავტორო ჰონორარების გადახდის თაობაზე და მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მაგრამ, ეს შედეგი მითითებული არ არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამის გამო, გადაწყვეტილების შინაარსი გაუგებარია, რადგან მხოლოდ საავტორო ჰონორარების შესახებ დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენით შესაძლოა დადასტურდეს ჰონორარების გაცემის სისწორე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს, თუ მოსარჩელის რა უფლებები შეილახა მოპასუხის მიერ და ასეთი დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კავშირ „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.