გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-822-1090-05 9 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 11 მაისს ნ. კ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ს-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თავისი მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, სააგარაკო სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, დაკარგული ნივთების ღირებულების ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ოდენობით, მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 აშშ დოლარის ოდენობით და ამ საქმესთან დაკავშირებით ბორჯომსა და ბაკურიანში მიმოსვლის ხარჯების ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ი. ს-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. კ-იას, ნოტარიუს ც. ბ-ძისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბორჯომის რაიონის სახელმწიფო რეგისტრატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით ეკუთვნოდა ი. ს-ძის მამას, ა. ქ-იას, რომლის სახელზეც გაცემულია მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. გამომდინარე აქედან, საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება, რომ მოეხდინა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ნ. კ-იას სახელზე.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ. კ-იას საკუთრებაში არსებული დაბა ბაკურიანში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი გამოთხოვილ იქნა ი. ქ-ია-ს-ძის უკანონო მფლობელობიდან, მასვე დაევალა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა; დანარჩენ ნაწილში ნ.კ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ი. ს-ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით ნ. კ-იასა და ი. ს-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით ნ. კ-იას სახელზე აღირიცხა 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში, ... მე-6 კვ-ში ¹097, რაზედაც რაიმე სახლის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ი. ს-ძის მამის _ ა. ქ-იას სახელზე ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში, ..., ხოლო მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობიდან ირკვევა, რომ მას ეკუთვნის ბაკურიანის ... მე-5 კვარტალში ¹335 892 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული მონაცემების შედარების შედეგად შეუძლებელია იმის დადგენა, რომ სადავო ნაკვეთი მდებარეობს ი. ს-ძის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მეზობლად.
პალატამ აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს აღნიშნული ნაკვეთების ურთიერთადგილმდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, ფლობს თუ არა სადავო ნაკვეთს ი. ს-ძე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-იამ. იგი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 11 მაისის განჩინების გაუქმებას სსკ-ის 393-ე მუხლსა და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტზე მითითებით.
საკასაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს საპროცესო დარღვევებზე, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სხდომის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, შეცდომებითა და უზუსტობებით, ასევე, პასუხი არ არის გაცემული უზუსტობების შესახებ განცხადებაზე, რითაც დარღვეულია სსკ-ის 288-ე და 291-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო პროცესის 389-ე მუხლი, ვინაიდან, სასამართლოს დასკვნა ემყარება ოქმში შეტანილ არასწორ გამონათქვამებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი, როგორც მესაკუთრე, მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია მხოლოდ მაშინ, როცა მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამდენად, უნდა დადგინდეს ფაქტები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კ-ია სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე ი. ს-ძე სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს.
საქმეშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობა.
ამდენად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს იმ მოტივით, რომ დასადგენია, აღნიშნული ნაკვეთების ურთიერთადგილმდებარეობა, რადგან შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, ი. ს-ძე ფლობს თუ არა სადავო ნაკვეთს და რამდენად კანონიერად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმეში მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობებით, ნახაზებითა და სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივ განხილვისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, თავად შეეძლო დაედგინა ამ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, იურიდიულად შეეფასებინა.
ამდენად, სააპელაციო პალატას საქმე არ უნდა გადაეგზავნა რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად და თვითონ გადაეწყვიტა იგი სსკ-ის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 11 მაისის განჩინება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.