დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.12.2005
საქმის ნომერი
ას-826-1098-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-826-1098-05 30 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. დ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ბ.-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ს დაეკისრა 5272 აშშ დოლარის გადახდა. აღსრულება მიქცეულ იქნა მოვალე ნ. ბ.-ის საცხოვრებელ ბინაზე. 2002წ. 5 ივლისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის განკარგულების საფუძველზე კი ქ. ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში მოსარჩელემ 2002წ. 22 ივლისს აიღო ტექ. პასპორტი და გახდა სადავო ბინის მესაკუთრე. აღნიშნული ქონებით ვერ სარგებლობს ვინაიდან სადავო ბინას არამართლზომიერად ფლობს მოპასუხე.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ორი წელია ცხოვრობს ქირით და სურს ოჯახთან ერთად გადავიდეს აღნიშნულ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვ. დ.-მ მოითხოვა მოპასუხის ქ. ბათუმში, მდებარე ბინიდან გამოსახლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ვ. დ.-მ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა გ. ბ.-ის გამოჯანმრთელებამდე და სადავო ბინის თავდაპირველი მესკუთრის მიერ სასამართლოში აღძრული სარჩელის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინებით განახლდა სამოქალაქო საქმის წარმოება და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

2004წ. 30 მარტს სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს გ.ბ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის წარმოება შეჩერდა სადავო ბინის თავდაპირველი მესაკუთრის მიერ სასამართლოში აღძრული სარჩელის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ.-ის წარმოადგენელმა რ.ფ.-მ და მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, საქმის წარმოების შეჩერება საერთო სასამართლოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეჩერდა საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. ბ.-ის მიერ აღძრულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წ. 30 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტ ვ. დ.-ის წარმომადგენელმა ი.შ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინებით ვ. დ.-ის წარმომადგენელი ი.შ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება; ვ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. ბ.-ე გამოსახლდა ქ.ბათუმში, ...-ი მდებარე ¹1 ბინიდან და იგი გამოთავისუფლებული ჩაბარდა მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ბ.-ისა და ნ. ბ.-ს შორის იჯარის ხელშეკრულების არსებობისას, მართალია, ვ. დ.-ე იკავებს გამქირავებლის ადგილს, მაგრამ, სკ-ის 562-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია პატივსადები მიზეზების არსებობისას, კერძოდ, აპელანტ ვ. დ.-ს აღნიშნული ბინა სჭირდება საცხოვრებლად, რადგან მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და ცხოვრობს ქირით.

ასევე სააპლაციო პალატამ მიუთითა, რომ ვ. დ.-ე არის ბინის მესაკუთრე და მას, სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით.

2005წ. 30 მაისს გ. ბ.-ის წარმომადგენელმა, რ. ფ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ვ. დ.-ს სხვა საცხოვრებელი გააჩნია თუ არა და არასწორად მიუთითა აღნიშნული პატივსადებ მიზეზად, რომლის გამოც უნდა გამოსახლდეს. თუნდაც აპელანტს არ ჰქონოდა საცხოვრებელი ფართი, ამ მოტივით არ შეიძლებოდა დამქირავებლის გამოსახლება. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ, სკ-ის 563-ე მუხლის შესაბამისად, არასაცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია შეგებებულ სარჩელზე, რის გამოც მოითხოვა იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც შეგებებულ სარჩელის მიღებაზე უარი თქვა სააპელაციო სასამართლომ. ასევე კასატორმა მოითხოვა სააპალაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმება, რომლის მიხედვით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ეთქვა უარი.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სპს “ნ.-ს” ვ. დ.-ის სარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. ბ.-ის სახელზე რიცხულ ბინას დაედო ყადაღა. 2002წ. 17 მაისს ჩატარებულ აუქციონზე ბინა არ გაიყიდა, რის გამოც ჩატარდა განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზეც ბინა არ გაიყიდა და, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის შესაბამისად, ბინა გადაეცა კრედიტორ ვ. დ.-ს.

სკ-ის 572-ე მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში ვ. დ.-ე, როგორც დაქირავებული ქონების შემძენი, გახდა გამქირავებელი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაუშვებელია მოპასუხის (კასატორის) გამოსახლება, რადგან მოსარჩელემ არ წარმოადგინა არავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავისი მოთხოვნებსა თუ შესაგებელს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ.-ე ცხოვრობს დაქირავებულ ბინაში. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია გააჩნდა თუ არა ვ. დ.-ს სხვა საცხოვრებელი ადგილი. ამასთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად მოპასუხემ (კასატორმა) სასამართლოში არ წარმოადგინა არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ზემოთ მითითებულ მოსაზრებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. დ.-ს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, რაც, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებზე ვრცელდება ქირავნობის ურთიერთობებისათვის დადგენილი წესები.

სკ-ის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად კი პატივსადებია მიზეზი, თუ გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავისათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვ. დ.-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით და მას სადავო ბინა სჭირდება საცხოვრებლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, მართალია, წერილობით უნდა გაფორმდეს, მაგრამ პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქირავნობის შეწყვეტა შეიძლება ზეპირი ფორმით. პალატას მიაჩნია, რომ ფორმის ნაკლი, რომელიც წარმოიშვა წერილობითი ფორმის დაუცველობის გამო, სწორდება შესრულებით და ზეპირი ფორმის დაცვა ასეთ შემთხვევაში არ აყენებს მხარეს არათანასწორ მდგომარეობაში და ამით არ ილახება დამქირავებლის უფლებები.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო და არ განიხილა გ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, თუმცა შეგებებული სარჩელის მიღებაზე შეიძლებოდა კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს სწორად ეთქვა უარი შეგებებული სარჩელის მიღებაზე მიზანშეუწონილობის გამო. სასამართლომ შეიძლება არ მიიღოს შეგეგებული სარჩელი, თუ თვლის, რომ ის გააჭიანურებს საქმის განხილვას.

სსკ-ის 189-ე მუხლის შესაბამისად, შეგებებული სარჩელი მიმართული უნდა იყოს პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა გამორიცხავდეს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ შეგებებული სარჩელი მიმართული არ არის პირვანდელ მოთხოვნასთან.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ეს უკვე იყო სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად არ შეაჩერა საქმის წარმოება. სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხიულულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

განსახილველი ნორმის თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრიედიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.

ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ აღნიშნული საქმეები გამომდინარეობს ერთსა და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა და დამქირავებლის ბინიდან გამოსახლება, სარჩელი კი შეტანილია ბინის ადრინდელი მესაკუთრის მიერ, რითაც ის მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც სადავო ფართი გახდა ვ. დ.-ის საკუთრება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ.-ის წარმომადგენელ რ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.