გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 26.12.2005
საქმის ნომერი
ას-831-1103-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ ას-831-1103-05 26 დეკემბერი, 2006 წ.,ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ამხანაგობის გაუქმება, ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 29 დეკემბერს ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ-ის” წვრებმა, ყოფილი ... ქ.¹140-ის მობინადრეებმა: ლ., ლე., ნ. და რ. ნ-ებმა და ი. კ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნეს, რომ 1991-92 წლებში ამხანაგობასთან გაფორმებული იყო ხელშეკრულებები, რომლითაც ამხანაგობას გადაეცა პირობადადებული უფლება მათი სახლის დანგრევაზე და მარვალსართულიანი სახლის აშენების შემდეგ მათთვის ბინების გაყოფაზე.

მოსარჩელეების განცხადებით, ორჯონიკიძისა და ვაკის აღმასკომის 1990წ. 21 მარტისა და 04 აპრილის გადაწყვეტილებებით ... ქ.¹140-ის მობინადრეებს ნება დაერთოთ ბინის დანგრევისა და მის ადგილზე მრავალსართულიანი სახლის აშენებაზე.

მოსარჩელეთა აზრით, უხეშად იქნა დარღვეული ამხანაგობის მხრიდან ხელშეკრულების პირობები, რადგან ჯერ არ დაწყებულა მშენებლობაზე ძირითადი სამუშაოები. 1995 წლისათვის კი ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, დამატებითი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

მოსარჩელეები არ დაეთანხმდნენ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაციას და მიიჩნიეს, რომ მესაკუთრეებად აღირიცხნენ „ბ--ის” წევრები, სადაც მითითებული იყო არარსებული სახლის ბინების საპროექტო მონაცემები.

მოსარჩელეები ითხოვდნენ, რომ ძალადაკარგულად ყოფილიყო ცნობილი მხარეთა შორის 1991-1992 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე, ბათილად ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერები ამხანაგობა „ბ."-ის მესაკუთრეების შესახებ, გაუქმებულიყო ამხანაგობა „ბ.", როგორც უკანონო იურიდიული პირი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო ადმინისტრაციული საქმე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ საჯარო რეესტრის მიწის 7.05.02 სააღრიცხვო ბარათში შეტანილი ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ლ. და რ. ნ-ების სარჩელის გამო ამხანაგობა „ბ--ის” მიმართ ხელშეკრულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ--სა” და გ. ნ-ს შორის 1991წ. ივნისში, აგრეთვე, ამხანაგობასა და ნ. ნ-ს შორის 1992წ. 5 მაისს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია.

აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა მიწათსარგებლობის უფლება ... ქუჩა ¹140-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

აღიარებულ იქნა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ." იურიდიული პირი არ არის.

ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ--ს” ი.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6807 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 7673 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება ლე., ნ., ლ. და რ. ნ-ებმა, ასევე, ი.კ-მა და ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ--მა” გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

ლე., ნ., ლ. და რ. ნ-ებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და I.I პუნქტისა. მათი აზრით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ხუთიდან სამი მოსარჩელის მიმართ, ორი მოსარჩელის _ ლ. და რ. ნ-ების სარჩელი კი დატოვა უპასუხოდ.

აპელანტთა მითითებით, ისინი სარჩელით ითხოვდნენ, რომ გაუქმებულიყო „ბ.", რადგან იურიდიული პირი არ იყო. მათ არ მოუთხოვიათ ამ ფაქტის აღიარება.

აპელანტთა აზრით, სასამართლომ არ გაარკვია, იყო თუ არა როდესმე ამხანაგობა იურიდიული პირი, რა პერიოდში იყო და რომელი ადმინისტრაციული აქტით გაუქმდა ან მოხდა რეორგანიზაცია. „ბ." ინერციულად აგრძელებდა საქმიანობას, როგორც იურიდიული პირი, აფორმებდა ხელშეკრულებებს და დამოწმებული ბეჭდით გასცემდა მინდობილობებს. აპელანტთა აზრით, მოსარჩელეთა ამხანაგობის წევრად ყოფნა სასამართლომ ისე გაიზიარა, რომ არ შეუსწავლია საკითხი.

ი.კ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ი. კ-ის მითითებით, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მშენებლობისათვის დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის ღირებულების ნაწილში. კონსტრუქტორთა ჯგუფმა ამხანაგობასთან შეთანხმებით 2003წ. აპრილ-ივნისში დაამუშავა 5000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც უნდა ანაზღაურებულიყო კ-ის მიერ. მისი განცხადებით, შეთანხმება არსებობდა მას და კონსტრუქტორ-პროექტანტს შორის, იმის თაობაზე, რომ ისინი ამხანაგობაში გაწევრიანდებოდნენ საპროექტო სამუშაოთა ღირებულების სანაცვლოდ. ღირებულება შეადგენდა 5000 აშშ დოლარს.

აპელანტის განცხადებით, პროექტის წარმოდგენა საჭირო აღარ გახდა, ვინადან ამხანაგობის წევრებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ აღნიშნული პროექტის გადაცემის შემთხვევაში აენაზღაურებინათ თანხა, რის გამოც მან მოითხოვა სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.

ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ--მა” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება პირველი, მეორე და მესამე პუნქტების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამიტომ, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა სარჩელის განხილვაზე.

აპელანტმა არ გაიზიარა გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიწათსარგებლობის უფლების აღიარების თაობაზე. მისი აზრით, კ-ის სარჩელს ზიანის ანაზღაურების თაობაზე ძირითად სარჩელთან არავითარი საერთო არ ჰქონდა, იგი არ იყო ამხანაგობის წევრი და არც კავშირი არ ჰქონდა მასთან. ამხანაგობამ მასთან შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა, მან კი შეცდომაში შეიყვანა ამხანაგობის წევრები, ნ-ები და განაწყო ისინი ამხანაგობის საწინააღმდეგოდ.

აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად დააკისრა მას კ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა. საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებს ხელს აწერდა სხვა პირი და არა კ-ი. არ იყო სამუშაოს შესრულების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის წევრი. საქმეში არსებული შემოსავლის ქვითრები 4120 ლარზე კ-ს გადახდილი ჰქონდა სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროს.

სააპელაციო პალატამ 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ლე., ნ., ლ. და რ. ნ-ების სააპელაციო საჩივარი, ასევე, ი.კ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ-ის” სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ლე., ნ., ლ. და რ. ნ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ-ს” ი.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამხანაგობა არ არსებობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობასთან დადებული ხელშეკრულება დღესაც გრძელდებოდა განუსაზღვრელი ვადით. ამხანაგობის ხელშეკრულების საგანია საცხოვრებელი სახლის აშენება და თითოეული მონაწილის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება შეწყდებოდა მხოლოდ მშენებლობის დასრულებით და მის მონაწილეთა შორის განაწილებით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის სასარგებლოდ ამხანაგობას კიდევ უნდა დაკისრებოდა 5000 აშშ დოლარი დამატებით, რადგან მას ამის მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მან სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯა 2200 აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით ნ., ლ. და რ. ნ-ების, ლე. უ-ისა და ი. კ-ის მიერ. კასატორთა განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია 377-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი მასალების უდიდესი ნაწილი უგულებელყოფილია და არ მისცემია არანაირი შეფასება, ხოლო გამოყენებული ფაქტები შეფასებულია ცალმხრივად, რის გამოც დასკვნები სინამდვილესთან შეუსაბამოა. კასატორთა განცხადებით, გადაწყვეტილების გამოტანისას აშკარაა სასამართლოს წინასწარი განზრახვა არსებითი ფაქტებისათვის თავის არიდებისა, რის გამოც 28.02.05-ის სასამართლოს სხდომის ოქმში არ არის შეტანილი ი.კ-ის მიერ მოყვანილი ის უდავო ფაქტებიც კი, რომელზე დაყრდნობითაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

კასატორები ითხოვენ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას მთლიანად, გარდა ი.კ-ისათვის 2200 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, ი.კ-ის სასარგებლოდ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ-ისათვის» 7250 აშშ დოლარისა და 10047 ლარის დაკისრებას. ასევე ამხანაგობა „ბ-ის» გაუქმებას, 1991წ. ივნისისა და 1992წ. 5 მაისის ხელშეკრულებების, ამხანაგობის მიერ ლ.ნ-ზე და რ.ნ-ზე გაცემული გარანტია-ვალდებულების ძალადაკარგულად ცნობას.

კასატორთა განცხადებით, ხელშეკრულებაში მხარედ გამოსვლას წინ უნდა უძღოდეს ამხანაგობის იურიდიულ პირად შექმნისა და რეგისტრაციის ფაქტი სპეციალური ნორმის - თბილაღმასკომის 8.09.88-ის ¹18.48.582-ის გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთი მტკიცებულება ამხანაგობა „ბ-ის» შექმნაზე საქმის მასალებში წარმოდგენილი არაა, მიუხედავად კასატორთა არაერთი მოთხოვნისა, რაც როგორც მოპასუხეს, ისე სასამართლოს აძლევდა არაერთმნიშვნელოვანი და არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას ამხანაგობის ორანიზაციულ-სამართლერივ ფორმასა და სტატუსზე, მის უფლება-მოვალეობებზე.

კასატორთა განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „თუ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილეები კვლავ აგრძელებენ დათქმულ საქმიანობას, პირობების შეუცვლელად, მაშინ ითვლება, რომ ხელშეკრულება გრძელდება განუსაზღვრელი ვადით” და ამ მოსაზრების გავრცელება 1991-92 წლების ხელშეკრულებებზე მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო ვერ გაერკვა ხელშეკრულების საგანში, ან საერთოდ არ გასცნობია საქმეში არსებულ ფაქტობრივ მასალას, ანდა წინასწარ განზრახულად უგულებელყო და შეფასება არ მისცა მას.

კასატორთა აზრით, ზოგადად ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება შეიძლება შეეხოს ისეთ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც პერიოდულად, ციკლურად მეორდება ისე, რომ მუდმივად სრულდება ერთგვაროვანი სამუშაოები, ამასთან, დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის ერთხელ უკვე განხორციელდა სამუშაოთა მიღება-ჩაბარება და შესაბამისი ანგარიშსწორება. მაგრამ ხელშეკრულების პირობები იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, ბათილია, თუ ისინი აწესებენ სამუშაოს შესრულების დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს (სკ-ის 347-ე მუხლი).

კასატორთა განმარტებით, ის ფაქტი, რომ 13.06.01-ის კრების ოქმში არაფერია ნათქვამი ამხანაგობის ჩამოყალიბება-გაფორმებაზე მოქმედი კანონმდებლობის - სკ-ის 930-931-ე მუხლების შესაბამისად და „ამხანაგობის” საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტად კვლავ დარჩა ერთხელ უკვე შეუსრულებელი „წესდება”, შედგენილი იურიდიული პირისათვის „ამხანაგობის” წევრთა დაზუსტების გარეშე, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეალურად საქმიანობის განახლება და მშენებლობის დაწყება არ ყოფილა ე.წ. „ამხანაგობის” მიზანი. მითუმეტეს, რომ 1993 წლიდან სამუშაოთა წარმოება შეწყდა და შემდგომში ამხანაგობის მიერ აღარ განახლდებოდა. კასატორთა აზრით, ამხანაგობა 2001წ.ათვის არც ფორმალურად და არც კანონიერად არსებობდა და არც ამხანაგობისათვის დამახასიათებელ საქმიანობას აწარმოებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლე., ნ., ლ. და რ. ნ-ებისა და ი. კ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში იურიდიულად საერთოდ დაუსაბუთებელია. მასში არ არის მითითებული კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამხანაგობა არ არსებობს, მაგრამ არ მიუთითა კანონის იმ ნორმებზე, რომლითაც შეიძლება იგი ჩაითვალოს კანონშესაბამისად. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ზემოთმითითებულ პირთა სხვა სასარჩელო მოთხოვნების თაობაზე. სააპელაციო პალატამ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ-ებისა და უ-ისა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიიღო საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ისე, რომ არ უმსჯელია ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ბ-სა” და გ. ნ-ს შორის, აგრეთვე ამხანაგობასა და ნ. ნ-ს შორის დადებულ 1992წ. 5 მაისის ხელშეკრულებების თაობაზე. გადაწვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ მხარეები ითხოვენ ამ გარიგებათა ძალადაკარგულად ცნობას, მაგრამ სასამართლომ არ მისცა ამ ხელშეკრულებებს შეფასება სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ მიუთითა მატერიალური სამართლის ნორმაზე, რომლითაც შესაძლებელია იგი გაგრძელებულად ან ძალადაკარგულად ჩაითვალოს.

სასამართლომ ასევე არ იმსჯელა მოსარჩელეთა მიწათსარგებლობის უფლების თაობაზე ბ-ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ი.კ-ის სააპელაციო საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევისას არ უმსჯელია მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სამართლებრივად არ შეუფასებია საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტი გაწეული ხარჯების თაობაზე, აქტი ... ქ.¹38-ში მშენებარე სახლის ქვაბულის გახსნის შედეგების შესახებ, ი.კ-ის მიერ წარმოდგენილი ზედნადებები, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და მრავალი სხვა მტკიცებულება, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ., ლ. და რ. ნ-ების, ლე. უ-ისა და ი. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას უგულებელყო სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გარდა ი.კ-ისათვის 2200 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილისა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ამასთან, პალატა თვლის, რომ სასამართლო უფლებამოსილი არ არის, გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო სასამართლოს სარჩელში მითითებული მთელი რიგი გარემოებების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

ვერ დაკმაყოფილდება კასატორთა მოთხოვნა აღნიშნული საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე, ვინაიდან დღეისათვის განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ამხანაგობა „ბ--ის” გაუქმება. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამ შესაძლოა არსებითი ზეგავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კასატორების ნ., ლ. და რ. ნ-ების, ლე. უ-ისა და ი. კ-ის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება, გარდა ი.კ-ისათვის 2200 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილისა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ი.კ-ისათვის 2200 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.