გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-832-1102-05 17 აპრილი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ყ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. მ-ელის მიმართ და მოითხოვა 1996წ. 22 აგვისტოს ქ. თბილისის ¹... სანოტარო კანტორაში ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ დამოწმებული ანდერძის ბათილობა, 1997წ. 14 აგვისტოს ნოტარიუს ნ. გ-ძის მიერ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება და პაპის დ. ყ-შვილის დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობა, ასევე‚ მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისში, ... ქუჩა ¹3-ში მდებარე ბინა ¹27 1993წ. 25 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა მისი პაპის დ. ყ-შვილის სახელზე. ბინაში რეგისტრირებული იყო ასევე მისი მამა ვ. ყ-შვილი. მოსარჩელის განმარტებით, დ. ყ-შვილი გარდაიცვალა 1996წ. 1 მარტს, ხოლო ვ. ყ-შვილი 1996წ. 22 დეკემბერს. იმის გამო, რომ ვ. ყ-შვილის გარდაცვალების მომენტისათვის აღნიშნული ბინა ჯერ კიდევ დ.ყ-შვილის სახელზე ირიცხებოდა, ვ. ყ-შვილს მემკვიდრეობა არ ჰქონდა მიღებული. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას, როგორც ბაბუის შვილიშვილს, მიაჩნდა, რომ ჩამოვიდოდა თბილისში და მემკვიდრეობით მიიღებდა სადავო ბინას, თუმცა აღმოჩნდა, რომ სადავო ნივთი, 1997წ. აგვისტოდან ირიცხება მოპასუხე თ. მ-ელის სახელზე, ვ. ყ-შვილის საანდერძო განკარგულების საფუძველზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა გაცემული ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. გ-ძის მიერ 1997წ. 14 აგვისტოს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 1997წ. 7 ოქტომბერის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გაუქმებულ იქნა თბილისის იმჟამინდელი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა ისნის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ყ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა კ. ყ-შვილმა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2004წ. 20 დეკემბერს, მაგრამ აპელანტ კ. ყ-შვილის წარმომადგენელი გ. ჯ-ძე არ გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სასამართლომ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და საქმეზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც კ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელანტი კ. ყ-შვილის წარმომადგენელმა გ.ჯ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 3 მაისს, რომელზეც კვლავ არ გამოცხადდა აპელანტ კ. ყ-შვილის წარმომადგენელი გ. ჯ-ძე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დღის შესახებ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და საქმეზე გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტ კ. ყ-შვილის წარმომადგენელი გ.ჯ-ძე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და საქმეზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რაც გაასაჩივრა გ. ჯ-ძემ. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ სსკ-ის 242-ე მუხლზე მითითებით შუამდგომლობა საფუძვლიანად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ.ჯ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის, 241-ე მუხლისა და 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო აპელანტისთვის საერთოდ არ უცნობებიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც კი სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, უცვლელად დაეტოვებინა უკვე გაუქმებული, 2004წ. 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კასაციის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ვერ მოახერხა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და აღნიშნული ფაქტის დროული შეტყობინება სასამართლოსთვის მოულოდნელად შექმნილი მძიმე ოჯახური პირობების გამო. Aქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტ კ. ყ-შვილის წარმომადგენელ გ. ჯ-ძის ხელმეორედ გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით და არა უცვლელად დაეტოვებინა 2004წ. 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ 2005წ. 22 თებერვლის განჩინებით გაუქმებულ იქნა 2004წ. 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, უფლება არა აქვს კვლავ შეიტანოს საჩივარი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის კვლავ განახლების შესახებ. სასამართლო სხდომაზე, რომელზეც იხილება საჩივარი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, საჩივრის შემტანი პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობის გამო, მიიღო რა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილით ძალაში დატოვა მისივე განჩინებით უკვე გაუქმებული 2004წ. 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ გადაწყვიტა სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნა.
ამდენად, სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, რაც ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ყ-შვილის წარმომადგენლ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება