გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-843-1117-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-843-1117-05 9 მარტი, 2006 წ.’ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ცისკაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 10 დეკემბერს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. გ-შვილმა და ი. ც-შვილმა. აღნიშნულ სარჩელში მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ საბერძნეთში წასვლა. ამ მიზნით 2004წ. 9 სექტემბერს თ. გ-ძემ მოსარჩელეები შეახვედრა ჟ. გ-ძეს, რომელიც მათ გარკვეული თანხის საფასურად შეპირდა საბერძნეთის მოწვევებს. ჟ. გ-ძის ქალიშვილი ცხოვრობდა საბერძნეთში და სწორედ მისი მეშვეობით იქნა გამოგზავნილი მოწვევები საბერძნეთიდან ნ. გ-ულისა და ი. ც-შვილის სახელზე.

2004წ.ა 17 სექტემბერს, მოპასუხემ ჟ. გ-ძემ, თ. გ-ძესთან ერთად, მოსარჩელეებს გადასცა მოწვევები. ი. ც-შვილმა და ნ. გ-შვილმა მოინდომეს აღნიშნული მოწვევების შემოწმება, მაგრამ ჟ. გ-ძემ მათ კატეგორიულად მოსთხოვა თანხის გადახდა.

2004წ. 19 სექტემბერს მოსარჩელეებმა 400 აშშ დოლარი გადასცა თ. გ-ძეს, რასაც ესწრებოდა თ. ხ-ძე. იმავე საცამოს მათ დაუკავშირდაჟ. გ-ძე და კატეგორიულად მოთხოვა კიდევ 200 აშშ დოლარის გამატება, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაემუქრა მოწვევების გაუქმებით.

მოსარჩელეებმა იმ დღესვე მიუტანეს მოპასუხეს დასახელებული თანხა.

საბერძნეთის საელჩოში მოსარჩელეებს აუხსნეს, რომ ეს მოწვევები იყო მხოლოდ ფარატინა ფურცელი, რომლის შეძენა შეიძლება საბერძნეთში ნებისმიერ ჯიხურში 10 ევროდ. იმისათვის, რომ აღნიშნული მოწვევა ჩაითვალოს შესაბამისი წესით გაცემულად, მას უნდა ახლდეს: გამომგზავნის პირადობის მოწმობა (ტაფფოლილის ასლი), ბოლო გადასახადის ქვითრები (ჰაროლიგიკის დილოსი). მხოლოდ ზემოაღნიშნული რეკვიზიტების არსებობისას ჩაითვლებოდა ჟ. გ-ძის მიერ გაყიდული მოწვევები კანონით დადგენილი წესით გაცემულად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხისაგან ითხოვეს 600 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოპასუხემ თანხის დაბრუნებაზე უარი განუცხადა მოსარჩელეებს და შეჰპირდა ხარვეზის შევსებას. აღნიშნულ წინადადებაზე ნ. გ-შვილი და ი. ც-შვილი არ დათანხმდნენ და ითხოვეს თანხის უკან დაბრუნება.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ი. ც-შვილისა და ნ. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 9 მარტის განჩინებით ი. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე.

ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 2005წ. 25 აპრილს. აღნიშნულ სხდომაზე ნ. გ-შვილმა განაცხადა, რომ ხარვეზის შევსებამ, რომელსაც მოპასუხე მხარე ჰპირდებოდა აზრი დაკარგა მათთვის, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, მთლიანად შეიცვალა ის პირობები, რომელიც მათ საბერძნეთში შეღავათიან ფასში გასვლის შესაძლებლობას აძლევდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრისგადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ მიიღო შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია გამყიდველმა ჟ. გ-ძემ გამოთქვა მზადყოფნა გაყიდული ნივთის ნაკლის აღმოსაფხვრელად, თანახმად სკ-ის 490-ე მუხლისა, რითაც მან უდაო კანონმორჩილება გამოხატა, მაგრამ მოსარჩელე მხარემ, იმის გამო, რომ შესრულებამ მისთვის უკვე დაკარგა ინტერესი მოპასუხის ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. მოსარჩელის პოზიცია კი განმტკიცებულია სკ-ის 405-ე მუხლის თანახმად „თუკი ვალდებულება ნაწილობრივ დაირღვა, კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“.

სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 600 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ, ჟ. გ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორის აზრით სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მასსა და მოსარჩელეებს შორის დადებული გარიგების მოტივი. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 488-ე მუხლი, სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სსკ-ის 225-ე მუხლის თანახმად არ შეუფასებია მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები და ამის გარეშე დადგენილად ცნო ისეთი გარემოებები, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებსდა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო სსკ-ის 1394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებები, რომ ნ. გ-შვილმა და ი. ც-შვილმა ჟ. გ-ძეს გადასცეს 600 დოლარი, რათა ამ უკანასკნელს საბერძნეთში მყოფი შვილის დახმარებით გამოეგზავნათ ე.წ. „მოწვევა“ მოსარჩელეთა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. მოცემულ შემთხვევაში პალატას უნდა დაედგინა თუ რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები შეთანხმების მიზნად ისახავდა მხოლოდ ე.წ. „მოწვევის“ თუ მოსარჩელეთა მიერ მითითებული დამატებითი დოკუმენტების გამოგზავნასაც.

ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ე.წ. „მოწვევები იყო ნაკლის მატარებელი სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნასაქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. მოსაზრებები, რომელიცსაფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო კი არ უთითებს თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა ის გარემოება, რომ ე.წ. „მოწვევები“ ნაკლის მქონეა. აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში წარმოდგენილია საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო გაზიარებული უნდა იქნეს.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს ურთიერთობა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატის აზრით, მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელიც განსაზღთრული არ არის სამოქალაქო კოდექსით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტი არ კრძალავს სხვა, ამ კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულებების დადებას და ამ ურთიერთობაზე ვრცელდება სკ-ის შესაბამისი მუხლები. სკ-ის 319-ე მუხლი 1-ლი ნაწილი. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროსა და ადგილას.

პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ვალლდებულებითი სამართლის ნორმათა შესაბამისად უნდა შეფასდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლაიქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოსსამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.