დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-845-1119-05 26 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შვილად აყვანის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 9 სექტემბერს ა. ტ-ემ და ნ. კ-მა სარჩელი აღძრეს რაიონულ სასამართლოში მ. ს-ის წინააღმდეგ შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით, იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1997 წლიდან, მაგრამ შვილები არ ჰყავდათ, არიან პენსიონერები. მათ 1997წ. 13 ნოემბერს კომლის წევრად ჩაიწერეს მოპასუხე მ. ს-ე, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობდა მშობლების ოჯახში. მოსარჩელეების განცხადებით, ეს უკანასკნელი შვილად აიყვანეს ფიქტიურად. ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ მშობლების თხოვნით 21წ. მ. სირბილაძის შვილად აყვანა განხორციელდა იმისთვის, რომ მას ესარგებლა შეღავათით და არ ყოფილიყო გაწვეული სამხედრო სავალდებულო სამსახურში. აქედან გამომდინარე, შვილად აყვანა არ ისახავდა მიზნად შესაბამისი ურთიერთობის წარმოშობას. სანაცვლოდ მ. ს-ე და მისი მშობლები მოსარჩელეებს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე, მატერიალურად, ვინაიდან მოსარჩელეები იყვნენ მარტოხელა პენსიონერები, ასევე, გადაუხდიდნენ ყოველგვარ გადასახადებს და შვილად ასაყვანი მზრუნველობას გაუწევდა მათ. მოსარჩელეთა ნათქვამს ადასტურებდა თერჯოლის რაიონის სოფ.სიქთარვაში მცხოვრები ექვსი ფიზიკური პირი.
ა. ტ-ე და ნ. კ-ი სკ-ის 1272-ე მუხლის თანახმად, ითხოვდნენ შვილად აყვანის ბათილად ცნობას. თავის წერილობით შესაგებელში მოპასუხე მ. ს-ემ სარჩელი არ ცნო.
თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სკ-ის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შვილების დროისათვის მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებობდა მშობლებისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით ა. ტ-ისა და ნ. კ-ის მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ შვილად აყვანის ბათილად ცნობას და 1997წ. 13 ნოემბერს კომლში მ. ს-ის ჩაწერის გაუქმებას. აპელანტთა ნათქვამს ადასტურებენ მოწმეებიც.
აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ტ-ისა და ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის რაიონის სასამართლოს 1998წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ისა და ნ. კ-ის მიერ მ. ს-ის შვილად აყვანა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხე მ. ს-ის აღიარებისა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ა. ტ-ისა და ნ. კ-ის მიერ მ. ს-ის შვილად აყვანას არ ჰქონდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობის დაკანონების მიზანი, ვინაიდან მ. ს-ეს მშვილებლებთან – ა. ტ-ესთან და ნ. კ-თან არასოდეს უცხოვრია.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ შემთხვევაში, თუ შვილად აყვანა ფიქტიურია. პალატის განმარტებით კი ფიქტიურობა ნიშნავს იმას, რომ მშვილებლებსა და ნაშვილებს შორის არ არსებობს მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა და შვილად აყვანით მათ სურდათ გარკვეული სარგებლის მიღება და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება.
აღნიშნული სააპელაციო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით მ. ს-ის მიერ შემდეგი საფუძვლით: კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორი თვლის, რომ პალატის განმარტება, რომ მშვილებელსა და შვილად აყვანილს სურთ გარკვეული სარგებლის მიღება (ანგარებითი მიზანი), უსაფუძვლოა და ამ კონკრეტული საქმიდან არ გამომდინარეობს, რადგანაც სკ-ის 1260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ღვიძლი მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ“. ამდენად, კასატორს ანგარებითი მიზანი და გარკვეული სარგებლის მიღება კი არ აინტერესებდა, არამედ კანონით მოიპოვა მან ყველა ის უფლება, რაც მითითებულია სკ-ის 1259-ე მუხლში.
კასატორის განცხადებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა მხოლოდ 1272-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რითაც უგულებელყო ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნა: „შვილად აყვანის ბათილადცნობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს“ და ასევე „შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა თანახმა ნაშვილები, რომელმაც ათიწ. ასაკს მიაღწია“. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მ. ს-ე მიუთითებს მის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ განმარტებაზე, სადაც აცხადებს, რომ შვილად აყვანის ბათილად ცნობა არ შეესაბამება მის ინტერესებს და წინააღმდეგია, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი დაკარგავს კანონით გათვალისწინებულ მემკვიდრეობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ტ-ე და ნ. კ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1992წ. 2 ივლისიდან. შვილები არ ჰყავთ და არიან I-II ჯგუფის ინვალიდი პენსიონერები. შვილად აყვანამდე კომლში ჩაწერილი ჰყავდათ მ. ს-ე, დაბადებული 19....წ. 13 ნოემბერს. ნ. კ-მა და ა. ტ-ემ შვილად აიყვანეს მ. ს-ე, რომელიც შვილად აყვანის დროს იყო 21 წლის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და იმავე კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ შვილების აუცილებელი პირობა მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობის არსებობაა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ კი მოწმეთა ჩვენებებით, მ. ს-ისა და მოსარჩელეთა ასეთი სახის ურთიერთობა დადასტურებული არ არის. მოწმეთა მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა კარგი ურთიერთობა, რომ ისინი ერთად იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც, რომ მ. ს-ე და მისი ოჯახი ეხმარებოდნენ მოსარჩელეს არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ჰქონდა მშობლისა და შვილის ურთიერთობა, მითუმეტეს, რომ თვით მ. ს-ის განმარტებით, შვილად აყვანამდე და მას შემდეგაც იგი იზრდებოდა და ცხოვრობდა თავის ღვიძლ მშობლებთან.
იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ფაქტობრივად არსებობდა მშობლისა და შვილის ურთიერთობა, ადასტურებს მხოლოდ ერთადერთი მოწმე ბ. რ-ე, რომელიც მ. ს-ის შვილების დროს მსახურობდა გამგებლად და აღნიშნულის თაობაზე გაცემული აქვს ცნობა. საყურადღებოა, რომ ამ გარემოებაზე არ უთითებენ ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული სხვა პირები, რომელთაც ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხარეებთან, ვიდრე გამგებელს.
მშობლისა და შვილის ურთიერთობა მეტად სპეციფიკური ურთიერთობაა და ამ შემთხვევაში მშვილებლებსა და შვილად ასაყვანს შორის არსებული კარგი ურთიერთობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ასეთი ურთიერთობის დამადასტურებელ ერთადერთ გარემოებად.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. ს-ის აყვანა ფიქტიურია, რის გამოც იგი სკ-ის 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული.
ამასთან, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შვილად აყვანით არ ირღვევა მშვილებლის უფლებები. სკ-ის 1259-ე მუხლის თანახმად, ნაშვილები და მისი შთამომავლობა – მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, თუ ბათილად არ იქნება ცნობილი შვილად აყვანა, მ. ს-ეს ქონებრივი უფლებები წარმოეშობა მშვილებელთა მიმართ, რაც, ბუნებრივია, ლახავს ამ უკანასკნელთა უფლებებს.
ამდენად, მხოლოდ იმ გარემოების დადგენა, რომ შვილად აყვანა ფიქტიურია, საკმარისია შვილობის გასაბათილებლად, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზი დაედო საფუძვლად შვილად აყვანის ფაქტს. ამდენად, სასამართლოს მიერ გამოთქმული ვარაუდი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.