დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-863-1130-05 9 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. და ლ. ა-ძეების, ბ., ლ., ბო., ბე., ბა., თ. ხ-შვილებისა და ფ. ჭ-ლის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სასამართლო აღმასრულებლის 2004წ. 15 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე შეიძინა საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ... მდებარე ¹7 ბინაზე და 2004წ. 23 სექტემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა აღნიშნული ბინის მესაკუთრედ. იმის გამო, რომ სადავო ბინას ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე ფლობენ მოპასუხეები, იგი ვერ ახორციელებს სკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ მესაკუთრეთა უფლებებს.
მ. ბ-იამ სარჩელით მოითხოვა სადავო ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლება და ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის ჩაბარება.
მოპასუხებმა სარჩელი არ ცნეს და სკ-ის 303-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს სადავო ბინაში დამქირავებლის უფლებით დატოვება, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი მათ არ გააჩნიათ.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეები:Pმ. და ლ. ა-ძეები, ბ., ლ., ბო., ბე., ბა., თ. ხ-შვილები და ფ. ჭ-ლი, მოსარჩელესთან შეთანხმებული საბაზრო პირობების შესაბამისი ოდენობის ქირის გადახდის პირობით, დარჩნენ დამქირავებლებად მოსარჩელის საკუთრება ქ.თბილისში, ... ¹7-ში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საჯარო აუქციონის ჩატარებამდე და მის შემდეგაც, სადავო ბინაში ცხოვრობს მოპასუხე მხარე, სკ-ის 303-ე მუხლის საფუძველზე, მათ უფლება აქვთ დარჩნენ დამქირავებლად. ამასთან, მოპასუხეები მოვალენი არიან მოსარჩელეს უხადონ საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა, ხოლო, თუ ისინი ქირას არ გადაიხდიან, მოსარჩელეს, სკ-ის 562-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ექნება მოითხოვოს მათი ბინიდან გამოსახლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-იამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები მ. და ლ. ა-ძეები, ბ., ლ., ბო., ბე., ბა., თ. ხ-შვილები და ფ. ჭ-ლი გამოსახლდნენ ქ.თბილისში, გლდანის ... 32_ე კორპუსში მდებარე, ბინა ¹7-ში და გამონთავისუფლებული სადავო ბინა ჩაჰბარდა მოსარჩელე მ. ბ-იას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მ. ბ-იას საკუთრებას, რომელიც მას შეძენილი აქვს 2004წ. 15 სექტემბერს და მას შემდეგ მოპასუხეებს არც ბინის დამქირავებლად დარჩენა უთხოვიათ და არც ქირა გადაუხდიათ. საააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეები დატოვა სადავო ბინის დამქირავებლად მოსარჩელესთან შეთანხმებული საბაზრო პირობების შესაბამისი ოდენობის ქირის გადახდით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებს ასეთი რამ არ მოუთხოვიათ. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რითაც დაირღვა სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის მოთხოვნები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. და ლ. ა-ძეებმა, ბ., ლ., ბო., ბე., ბა., თ. ხ-შვილებმა და ფ. ჭ-ლმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები, კერძოდ, მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრე გახდა საჯარო აუქციონზე მოპასუხეების კუთვნილი ბინის რეალიზაციის შედეგად. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია მოვალის უფლებები რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალურინორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ბ-იამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2004წ. 15 სექტემბრის ¹01/22-257 განკარგულების საფუძველზე შეიძინა თბილისში, ... მდებარე ბინა ¹7 და 2004წ. 23 სექტემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სადავო ბინაში ცხოვრობენ მოპასუხეები.
სკ-ის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს, დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა.
განსახილველი ნორმა მოვალეს ანიჭებს უფლებას დარჩეს დამქირავებლად თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში. ამდენად, მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა გამოიყენოს აღნიშნული უფლება და იკისროს ქირის გადახდის ვალდებულება საბაზრო პირობების შესაბამისად. აღნიშნული ნორმა გამოიყენება ასევე იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის შემდეგ და ამ მხრივ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული შენობის ან შენობის ნაწილის რეალიზაციის შედეგად იქ დარჩენილ პირთა სოციალურ გარანტიას.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. კასატორს (მოპასუხე მხარე) შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს და არ მოუთხოვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის მე-2, 188-ე, 189-ე მუხლები) თავისი უფლების დაცვა.
ამრიგად, კასატორს არა მარტო არ ჰქონდა გამოყენებული ამ ნორმით გათვალისწინებული უფლება, არამედ არ მოითხოვა სასამართლო წესით ამ უფლების განხორციელება, ამდენად მას არ გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ბ-ია არის ... მდებარე ¹7 ბინის მესაკუთრე, რომელსაც უფლება აქვს სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. და ლ. ა-ძეების, ბ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის, ბო. ხ-შვილის, ბე. ხ-შვილის, ბა. ხ-შვილის, თ. ხ-შვილის, ფ. ჭ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.