დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-86-530-06 11 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: შპს კ\ბ „ე-ს“ მიმართ ვალუტის შეცვლის შედეგად ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 1 ნოემბერს გ. კ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს კომერციულ ბანკ „ე-ს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საბჭოთა კავშირის ყოფილ შემნახველ სალაროში 1986-1992 წლებში შეტანილი დანაზოგის – 9114 მანეთისა და 57 კაპიკის ლარებში დაბრუნება იმ პერიოდის კურსით, როდესაც ანაბრების შეტანა მოახდინა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელშიც ამავე სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება, გ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს კ\ბ „ე-ს“ გ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 9114 მანეთისა და 57 კაპიკის 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებით გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში.
2002წ. 27 ივნისს გბ კ-შვილმა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასაართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მანეთებში გამოსახული თანხის ლარებში გადაყვანა და მოპასუხისათვის 2764,27 ლარის დაკისრება, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2002წ. 1 ივლისის მდგომარეობით განხორციელებული დაანგარიშების შესაბამისად. აღნიშნული განცხადება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მითითების საფუძველზე, ტრანსფორმირდა სარჩელად 2003წ. 10 ივლისს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად ედო ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის, ხოლო ფულის კურსის განსაზღვრა წარმოადგენდა ეროვნული ბანკის პრეროგატივას. გ. კ-შვილმა თანხა ბანკში შეიტანა 9000 საბჭოური მანეთის ოდენობით. 1993 წელს საქართველოში შემოვიდა ეროვნული ფულადი ერთეული – კუპონი და ამ დროისათვის საბჭოთა მანეთსა და კუპონს შორის კურსი იყო: 1 მანეთი – 1 კუპონი. ამდენად, სადავო თანხამ შეადგინა 90000 კუპონი. შემდგომ კუპონმა განიცადა ჰიპერინფლაცია, ხოლო 1995 წელს იგი შეიცვალა ლარით, რომლის მისი გადაცვლითი ურთიერთობა კუპონთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით იყო: 1000000 კუპონი – 1 ლარი. ამდენად, ვალუტის გადაცვლის დღეს გ. კ-შვილს ანაბარზე ჰქონდა 9000 კუპონი, ხოლო გადაცვლითი ურთიერთობის შედეგად მისმა ანაბარმა დღეისათვის შეადგინა 0,009 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხა სახელმწიფოს აყვანილი ჰქონდა შიდა ვალში.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს კ\ბ „ე-ს“ გ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2764 ლარისა და 27 თეთრის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს კ\ბ „ე-ს“ გ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 9114 მანეთისა და 57 კაპიკის გადახდა 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა დათ პროცენტული გაანგარიშებით, რომლის აღსრულება დღემდე ვერ ხერხდებოდა შესაბამის ეროვნულ ვალუტაში – ლარებში თანხის განუსაზღვრელობის გამო. „სტატისტიკის შესახებ“ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 თებერვლის ¹92 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა ცნობებს გასულ წლებში არსებული თანხების შესაბამისი ეროვნული ვალუტის დღევანდელი ეკვივალენტის დადგენის შესახებ, საიდანაც გამომდინარე, საქმის მასალებში წარმოდგენილ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2002წ. 2 აპრილის ცნობის თანახმად, 9114 მანეთი და 57 კაპიკი 1986-1992 წლების შესაბამისი კურსითა და პროცენტული გაანგარიშებით შეადგენდა 2764ქ17 ლარს.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს კ\ბ „ე-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულ იქნა მოპასუხის სიტყვიერი განმარტებების და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2002წ. 2 აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით, რითაც სასამართლომ იგნორირება გაუკეთა ბანკის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსბ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემები უსაფუძვლო იყო, კურსი დადგენილი იყო უცნობ მასალებზე დაყრდნობით, რის გამოც ამ მონაცემებისათვის მტკიცებულების ძალის მინიჭების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 1997წ. სკ-ის 384-ე და 389-ე მუხლები, ვინაიდან სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდებოდა მხოლოდ ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილი იყო 1997 წლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29005წ. 21 დეკემბრის განჩინებით შპს კ\ბ „ე-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და უნდა შესრულდეს „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებდა სტატისტიკური საქმიანობის კორდინაციას, აანალიზებდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, აწარმოებდა შესაბამის სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს და პასუხისმგებელი იყო სტატისტიკური საქმიანობის მდგომარეობაზე ქვეყანაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს კ\ბ „ე-ს“ ლიკვიდატორ თ. გ-ძემ. კასატორმა მოითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის აზრით, სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მთელი რიგი მტკიცებულებები არ იქნა გამოკვლეული და არასწორად იქნა შეფასებული.
კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა და გადაწყვეტილება დააყრდნო კანონზე, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: 1997წ. სკ-ის 383-ე, 384-ე და 389-ე მუხლები, ვინაიდან სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთობა კი წარმოშობილია 1997 წლამდე. აღნიშნულით იგნორირება გაუკეთდა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომ კანონს უკუქცევით ძალა არა აქვს და საქმეზე გამოტანილი იქნა არაკანონიერი განჩინება. არასწორად განმარტა მთელი რიგი ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 10 მარტის განჩინებით შპს კ\ბ „ე-ს“ ლიკვიდატორ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადით სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრების წარმოსადგენად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელშიც ამავე სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით შეტანილი იქნა გესწორება გ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს კ\ბ „ე-ს“ გ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 9114 მანეთისა და 57 კაპიკის 1986-1992 წლების შესაბამისი ჰქონდა და პროცენტული გაანგარიშებით გადახდა დღეისათვის დავის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული თანხის გადახდევინება ლარებში. მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენს მხარისათვის 2764,27 ლარის დაკისრება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2002წ. 1 ივლისის მდგომარეობით.
აღნიშნული დავის თაობაზე სასამართლოთა მიერ მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღძვანელა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით და დააკმაყოფილა სარჩელი. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომაც და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიეთითა გამოერკვია თუ ვალუტის შეცვლის დღეს რა კურსი არსებობდა ფულის ერთეულებს შორის.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 24 ივლისის ¹515 დადგენილებით „საქართველოს ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებით გამოცხადების შესახებ“ აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹353 ბრძანებულებით და შპს კ\ბ „ე-ს“ გ. კ-შვილის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 0.009 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილების საკასაციო წესით განხილვისას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. გადაწყვეტილებით დადგინდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას ფულადი ვალდებულების შესრულების სკ-ის 389-ე მუხლისაგან განსხვავებული წესი‚ ანუ საკასაციო სასამართლოს მითითებით გ. კ-შვილისათვის გადასახდელი თანხის საფუძვლად უნდა დადებოდა ვალდებულების წარმოშობის დროს 1986-1996 წლებში არსებული კურსი ანუ კურსი ამ წლებში მანეთის მსყიდველობითი უნარიანობის მიხედვით. აღნიშნული მოსაზრება გაზიარებულია სააპელაციო პალატის მიერაც და ამ სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა მეტად თავისებურია. ეს თავისებურება გამომდინარეობს იქიდან, რომ შპს „ე-ს“ გ. კ-შვილისათვის თანხა დაკისრებული აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე. სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელი დაკმაყოფილდება. მოცემულ შემთხვევაშიც, დაკმაყოფილდა გ. კ-შვილის სარჩელი, ბუნებრივია გ. კ-შვილი ითხოვდა არა 0,008 თეთრის მისთვის გადახდას, არამედ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მითითებული ოდენობით (სწორედ ეს მტკიცებულებაა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ე-ს“ უნდა დაეკისროს სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი თანხა.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელირება გადაწყვეტილებაში მითითებული მტკიცებულებები სწორეა. ზემოთ მითითებული მოსაზრებიდან გამომდინარე და შესაბამისად სწორია შპს „ე-სათვის“ დაკისრებული თანხის ოდენობა. რის გამოც პალატის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ე-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება