გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა*
საქართველოს სახელით
ას-870-1138-05 9 მარტი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 9 აგვისტოს ო. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და გ. ნ-ძეების მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს 1990 წელს პროცენტის გადახდის გარეშე ასესხა 30000 მანეთი, სამი წლის ვადით 1993წ. აპრილამდე. მოპასუხეთა თხოვნით ო.მ-მა გადაუვადათ მათ თანხის გადახდის ვადა 1997 წლამდე. მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს, რაც სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი გახდა.
გ.ნ-ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დაადასტურა, რომ მან ნამდვილად ისესხა მოსარჩელისაგან 30000 მანეთი‚ მაგრამ არა 1990 წელს, არამედ _ 1993წ. აპრილში. ასევე აღნიშნა, რომ იმავე წელს მოწმეთა თანდასწრებით დაუბრუნა მოსარჩელეს 25000 მანეთი. ამჟამად გადასახდელი დარჩა 5000 მანეთი, იგი გადახდის წინააღმდეგი არ არის.
ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 10 მარტს, მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა ო.მ-ის სარჩელი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმავეწ. 18 სექტემბერს მოპასუხეების საჩივრის საფუძველზე გაუქმდა, საქმე კი აცილების წესით განსახილველად გადაეცა ვანის რაიონულ სასამართლოს.
2001წ. 27 ივნისს ვანის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა ო.მ-ის სარჩელი. ამავე სასამართლომ 2001წ. 15 ოქტომბრის განჩინებით განიხილა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი, ცნო იგი უსაფუძვლოდ და გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, მხარეთა შორის დავა განიხილა არსებითად და 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.მ-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ _ გ. და ნ. ნ-ძეებს ო.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 12555 ლარი, არ დაკმაყოფილდა გ.ნ-ძის შეგებებული სარჩელი.
ორივე მხარის საკასაციო საჩივრების საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო პალატამ გააუქმა ნაწილობრივ, კერძოდ, გადაწყვეტილება ვანის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, განჩინების გაუქმებისა და გ.ნ-ძის შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობის ცნობის ნაწილში დატოვა ძალაში, ხოლო ო. მ-ის სარჩელის ნაწილში გააუქმა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ო.მ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და არ დაკმაყოფილდა ამ უკანასკნელის საჩივრის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განჩინებით გაუქმებულ იქნა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გ. და ნ. ნ-ძეებს ო. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 14833 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 1990წ. აპრილში, რომლის თანახმად‚ ო.მ-მა გ.ნ-ძეს ასესხა 30000 მანეთი სამიწ. ვადით. აღნიშნული ვადა გადავადებულ იქნა 1997წ.ათვის, მაგრამ მოპასუხემ მაინც არ დააბრუნა სესხი.
ამ ფაქტობრივ გარემოებებს საფუძვლად დაედო მოპასუხეების განმარტებები და ნ.ნ-ძის მიერ 1997წ. დეკემბრით დათარიღებული განცხადება, რომელშიც აღიარებულია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდა 1997წ. დეკემბერში და ვადის შემდგომი ათვლაც აქედან უნდა დაიწყოს. კრედიტორმა 1999წ. აგვისტოში, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, აღძრა სარჩელი. შესაბამისად, არ არსებობს დავის ხანდაზმულად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან თანხა ისესხა 1993წ. აპრილში და ნაწილი 25000 მანეთი იმავე წელს გადაიხადა, ვინაიდან წერილობითი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ნ.ნ-ძის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ.ნ-ძემ ვალი აიღო და გამოიყენა ოჯახის საჭიროებისათვის.
სასამართლოს მიერ ვალდებულების წარმოშობის დროდ მიჩნეულ იქნა 1997წ. ბოლო, ვინაიდან მოპასუხეს ვალის გადახდა 1997წ.ათვის ჰქონდა გადავადებული.
ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ სტატისტიკის დეპარტამენტის 1997წ. 26 დეკემბრის ცნობის საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა 14893 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ნ. ნ-ძეებმა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეების მიერ 1990 წელს 3000 მანეთის სესხად აღების ფაქტი ანუ, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ დადგენილად ცნო სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე.
მოპასუხის აღიარებად სასამართლო მიიჩნევს 1997წ. 22 დეკემბრით დათარიღებულ, მოპასუხე ნ. ნ-ძის მიერ ხელმოწერილ განცხადებას, პროცესი კი აღიძრა 1999 წელს. ამდენად, მითითებული განცხადება არ შეიძლება წარმოადგენდეს სსკ-ის 131-132-ე მუხლებით გათვალისწინებულ აღიარებას.
ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევის შედეგად საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ, რის გამოც მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ თანხა „ოჯახის საჭიროებისათვის“ ისესხეს, მაგრამ კონკრეტულად რისთვის, გაურკვეველია. აღნიშნულ გარემოების გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სესხის აღების დროსთან დაკავშირებული გარემოებების დადგენასა და მთლიანად დავის სწორად გადაწყვეტისათვის.
კასატორების მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, თითქოს სარჩელი ხანდაზმული არ არის და 1997 წელს სარჩელის ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულება დაიდო 1990 წელს, ხანდაზმულობის ვადა გავიდოდა 1996 წელს.
კასატორები მიუთითებენ, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ 1997წ. 22 დეკემბერს ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა სკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ამ მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის პერიოდში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 389-ე მუხლი, კერძოდ, აღნიშნული მუხლი ადგენს ფულადი ვალდებულების განსაზღვრის წესს ფულის კურსის შეცვლისა და ვალუტის შეცვლის შემთხვევაში.
აღნიშნულ ნორმაზე მითითებით სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეებს 14833 ლარის გადახდა მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით.
ასევე იურიდიულად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვალდებულების წარმოშობის დრო 1997წ. დეკემბერია, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დაიდო 1990წ. აპრილში.
კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ, ვინაიდან სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1990 წელს სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა ეხება სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1990 წელს ო. მ-მა გ. ნ-ძეს ასესხა 30000 მანეთი სამიწ. ვადით ოჯახის საჭიროებისათვის, რაც მას არ დაუბრუნებია.
სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულია ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობა ან არარსებობის დადასტურების მტკიცებულების მიჩნევა, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს. აღიარების გაქარწლების სამართლებრივი საფუძველი გათვალისწინებულია სსკ-ის 133-ე მუხლში. განსახილველი ნორმის თანახმად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარეს უფლება აქვს გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ ამღიარებლის თავისუფალი ნების არარსებობაზე ან შეცდომაზე. საკასაციო საჩივარში არ არის აღნიშნული იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე ის ამახვილებდა ყურადღებას მის მიერ აღიარების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების მართებულებაზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 133-ე მუხლით.
გ. ნ-ძის ახსნა-განმარტების თანახმად, დასტურდება მის მიერ ო. მ-ისაგან 30000 მანეთის სესხის აღების ფაქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი არ უთითებს მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც გვავარაუდებინებს, რომ სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ, ნ-ძის მიერ 25000 მანეთის ო. მ-იძისათვის დაბრუნების ფაქტი არ დასტურდება.
ასევე დადგენილია, რომ გ. ნ-ძე თანახმაა გადაუხადოს ო. მ-იძეს დარჩენილი 5000 მანეთი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორების მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ 1990წ. აპრილში მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ო. მ-მა გ. ნ-ძეს ასესხა 30000 მანეთი სამიწ. ვადით ოჯახის საჭიროებისათვის.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია 1997წ. 22 დეკემბრის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე დაწერილი განცხადება ნ. ნ-ძის მიერ ვალის აღიარებად. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლო არასწორად გამოიყენა სსკ-ის 131-ე მუხლი. განსახილველი ნორმის თანახმად, იგულისხმება არა ვალის აღიარება, არამედ _ ფაქტის დადასტურება. აღნიშნული პროცესუალური ნორმის გამოყენების შესაძლებლობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში ერთ-ერთი მხარის მიერ დადასტურებული იქნა გარემოებების არსებობა ან არარსებობა, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ვალის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება. 1997წ. 22 დეკემბრის სტატისტიკის სახელმწოფო დეპარტამენტის სახელზე დაწერილი განცხადება არ წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტული ხელშეკრულებას. ვალის აღიარება, უპირველეს ყოვლისა‚ ნიშნავს ვალდებული პირის მიერ (ნ-ძე) კრედიტორის (მ-იძე) სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ნებას, რაც გამოხატულია საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, და რაც მიღებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებად რომ დადებულად ჩაითვალოს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადების ადრესატია არა ო. მ-იძე, არამედ _ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამასთან ერთად მასში მითითებულია არა თანხის გადახდის ვალდებულებაზე, არამედ 1990წ. აპრილში სესხის აღების ფაქტზე 1997წ. 22 დეკემბრისათვის არსებული ამ თანხის მყიდველუნარიანობაზე.
ამასთან ერთად‚ გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების წარმოშობის დროს‚ კონკრეტულ შემთხვევაში‚ კანონმდებელი უკავშირებს იმ ხელშეკრულებას, რომლის საგანს წარმოადგენს ის ფულადი თანხა, რომელიც ვალდებულების შესრულების დროს გაუფასურდა ან მისი მყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას და ამდენად სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის 1997წ. 22 დეკემბრიდან ათვლის შესახებ.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სკ-ის 137-ე და 144-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1990წ. აპრილში მხარეთა შორის დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულება სამიწ. ვადით.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს 1964წ. 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ‚ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
ამდენად, 1964წ. 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით 75-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ გაუშვა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 1997წ. 22 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 389-ე მუხლი.
სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შემცირდა ვალუტა, მოვალე ვალდებულია‚ გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
ფულადი ვალდებულებების თანახმად, მოვალე ვალდებულია‚ გადაიხადოს ფულადი ერთეულების განსაზღვრული თანხა. ამ ვალდებულების არსში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მოვალის მიერ კრედიტორისათვის არა ფულადი ნიშნების გადაცემა, არამედ იმ ფასეულობის, რაც გამოხატულია ფულადი ერთეულების მოცემულ თანხაში.
ფულის ერთეული არის ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი ფულის ნიშანი, ქვეყნის ფულადი სისტემის ძირითადი ელემენტი, რომელიც ფულადი გაზომვის ერთეულს წარმოადგენს, ხოლო კურსი არის სხვა ქვეყნის ფულის ერთეულის ან ფასიანი ქაღალდის საბირჟო ფასი, გამოსახული ეროვნულ ფულად ერთეულში. ფასი, რომლის მიხედვითაც ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება.
ამდენად, განსახილველი ნორმა გულისხმობს ფასს, რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული მანეთის ყიდვა-გაყიდვა.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდაში ან შემცირაში იგულისხმება იმ ფასის გაზრდა და შემცირება, რომლის მიხედვითაც ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება, ფულის ერთეულის გაცვლის უნარი. ხოლო ვალუტის შეცვლაში იგულისხმება ფულის ნიშნების სრული ან ნაწილობრივი შეცვლა ახალი ნიმუშის ფულის გამოშვებით, რაც წარმოადგენს ფულის რეფორმის ერთ-ერთ სახეს და ხორციელდება სახელმწიფო ფულის მიმოქცევის მოშლასათან დაკავშირებით და ეროვნული ვალუტის განმტკიცების, ფულის ერთეულის სტაბილიზაციის მიზნით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოში განხორციელებული ფულადი რეფორმის შედეგად შეიცვალა ეროვნული ვალუტა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹246 1993წ. 24 მარტის «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის გამოშვების შესახებ» დადგენილებით საგადამხდელო საშუალების სახით შემოღებულ იქნა «კუპონი». აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, თანაფარდობა კუპონსა და მანეთს შორის განისაზღვრა 1-1-ზე.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის «მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის «ლარის» გაშვების შესახებ» 1995წ. 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულებით საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა «ლარი». აღნიშნული ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა 1 000 000 კუპონის 1 ლართან შეფარდებით.
ამდენად, საქართველოში ფულადი რეფორმების შედეგად განისაზღვრა საგადამხდელო საშუალება და დადგინდა მათ შორის თანაფარდობა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ფულადი ვალდებულებები, მისთვის დამახასიათებელი რეგულირების საგნის გათვალისწინებით, ემორჩილებებიან იმ პრინციპებს, რომლებიც დამახასიათებელია, მხოლოდ ამ სახის ვალდებულებებისათვის. ერთ-ერთ პრინციპს, რომელიც წარმოიშვება ვალუტის დევალვაციის ან რევალვაციის გამო, უწოდებენ ფულადი ვალდებულებების ნომინალიზმის პრინციპს.
ფულის სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფულადი ერთეულების განსაზღვრული თანხა, რომლის თანახმად‚ გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დაუბრუნოს იგივე თანხა (სკ-ის 623-ე მუხლი). ამ ვალდებულების არსში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მოვალის მიერ კრედიტორისათვის არა ფულადი ნიშნების გადაცემა, არამედ იმ ფასეულობის, რაც გამოხატულია ფულადი ერთეულების მოცემულ თანხაში. კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება ფულადი თანხის ოდენობის განსაზღვრა დავაკავშიროდ მისი მყიდველუნარიანობასთან.
ფულის მყიდველუნარიანობა არის ფულის ერთეულის გაცვლის უნარი საქონლისა და მომსახურების გარკვეულ რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება შეძენილ იქნეს ფულის ამ ერთეულით. ფულის მყიდველუნარიანობა დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის. აღნიშნული პროცესებმა შეიძლება გამოიწვიონ ფულის გაუფასურება (ფულის მყიდველობითუნარიანობის დაცემა), ანუ საქონლის რაოდენობის შემცირება, რომლის შეძენა შეიძლება ფულის ერთეულის ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასების მიხედვით ან მისი სავალუტო კურსის დაცემა. აღნიშნული პროცესები არსებობენ ობიექტურად და არ არინ დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა ნებაზე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები აცნობიერებენ იმ ობიექტურად არსებულ გარემოებას, რომელიც დამახასიათებელია ხელშეკრულების დროს არსებულ ეკონომიკური ვითარებისთვის.
ფულადი სესხის დადების დროს ყოველთვის არსებობს ფულის მყიდველობითუნარიანობის დაცემის რისკი, რომლის წინაშე დგანან ხელშეკრულების მხარეები. მხარეებს შეუძლიათ აღნიშნული რისკისაგან დაიცვან თავისი უფლებები (რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა) და სესხად აღებული თანხის კურსის ან ვალუტის არასასურველი ცვლილებებისაგან დაზღვევის მიზნით, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტით (1997წ. 22 დეკემბრის წერილით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის სასესხო თანხის ოდენობა განსაზღვრული იყო უცხოური ვალუტით). აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი მოწესრიგებულია სკ-ის 383-ე მუხლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზემოაღნიშნული პროცესებისაგან თავის დაცვის მიზნით, მხარეებს შეუძლიად ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტით (ანუ გამოიყენონ უცხოური უფრო მყარი ვალუტა, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ფულადი ვალდებულების ”საზომს”). უცხოური ვალუტა წარმოადგენს ვალის ვალუტას, ხოლო ეროვნული ვალუტა _ გადახდის ვალუტას.
მხარეთა მიერ ფულადი ვალდებულებების დაზღვევის ეს მექანიზმი განსაზღვრავს ნომინალიზის პრინციპის დისპოზიციურობას, რა დროსაც მხარეებს აქვთ უფლება‚ ვალდებულების საზომის ერთეულად აირჩიონ უცხო ქვეყნის ვალუტა და ამით დაიცვან თავი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულის კურსის არასასურველი ცვლილებებისა და ვალუტის შეცვლის შედეგად არსებული ვითარებისაგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ აღნიშნული რისკის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოვალე ვალდებულია‚ გადაუხადოს კრედიტორს ფულადი ერთეულის ის ოდენობა, რომელიც დადგენილია ამ ფულადი ერთეულისათვის. ვალდებულების დაფარვის ამ წესის მიხედვით (ნომინალიზმის პრინციპი), ვალდებულების შინაარსი, რომლის თანხა მოცემულია ფულადი ერთეულში, დამოკიდებულია აღნიშნულ ფულად ერთეულში მომავალში წარმოშობილ ცვლილებებისაგან ისე, რომ მისი ნომინალური თანხა რჩება შეუცვლელი.
ამრიგად, სკ-ის 383-ე მუხლის მე-2 წინადადება ითვალისწინებს ნომინალიზმის პრინციპის დისპოზიციურობას, რომლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ‚ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოური ვალუტითაც და განსაზღვრონ გადახდის ვალუტის ფასი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს, აგრეთვე‚ ის შემთხვევა, როდესაც მხარეები ეროვნული ვალუტის გადახდის ოდენობას დაადგენდნენ უცხოური ვალუტით, მაგრამ არ შეთანხმდებიან გადახდის ვალუტის ფასზე (მაგალითად, აშშ დოლარი), კერძოდ, იმ შემთხვევაში‚ თუ მხარეები ფულადი სესხის (რაც გამოხატულია ეროვნული ვალუტით) გადახდის ოდენობას დაადგენდნენ მყარი ვალუტით (მაგალითად‚ აშშ დოლარით), ხოლო გადახდის ვადის დადგომამდე ფულის ერთეული (კურსი) გაიზრდებოდა ან შემცირდებოდა ან ვალუტა შეიცვლებოდა, რაც მხარეებს ხელშეკრულებით არ გაუთვალისწინებიათ, მოვალე ვალდებული იქნებოდა‚ გადაეხადა იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.
ამდენად, მხარეთა მიერ არ იყო დაზღვეული შესაძლო რისკი, რომელიც ახასიათებს ფულად ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თუ არ იქნებოდა გასული ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში მაინც არ უნდა იქნეს გამოყენებული სკ-ის 389-ე მუხლი, რადგან მხარეთა მიერ არ იყო დაზღვეული ვალდებულების შესრულება ფულის გაუფასურების შესაძლო რისკისაგან.
კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებული ნორმები, რომლის თანახმად‚ ვალი უნდა დაიფაროს იმ თანხით, რომლის შესაბამისადაც იყო ნაკისრი ვალდებულება (ნომინალიზმის პრინციპი), რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს 0,03 ლარს (30000 მანეთი : 30000 კუპონი : 0,03 ლარი).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გ. და ნ. ნ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ოთარ მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2004, # 11, samoq., gv. 2853-2857.