დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-88-431-05 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: მიშენებული აივნის მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ უნებართვოდ მიშენებული აივნის მონგრევა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დასაბუთა იმით, რომ ნ. ჩ-ე და ნ. კ-ე ცხოვრობენ ქ. თბილისი, ....... კორპუსში. 2002წ. ზაფხულში ნ. კ-ემ მისი ნებართვის გარეშე მისი ფანჯრების ქვემოთ მიაშენა ღია აივანი-ლოჯია. აღნიშნულით საგრძნობლად გაუარესდა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები. როგორც მეორე სართულის ლოჯიის მხრიდან, ისე _ კიბის უჯრედის მხრიდან, თავისუფლად შეუძლიათ ქურდებს ბინაში შეღწევა; შეუძლებელია სარეცხის გაფენა; ამოშენებულ ლოჯიას სახურავი აქვს _ თუნუქისაა, რომლის გახურების შემდეგ ბინაში დგება საშინელი ბუღი და აღნიშნული სიცხის გამო უარესდება მისი საცხოვრებელი პირობები. კიბის უჯრედის და მოშენებული ლოჯიის სახურავი არის ანტისანიტარიის ბუდე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ნ. კ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ...... კორპუსში უნებართვოდ მიშენებული, თუნუქით გადახურული ლითონის (ცხაურის ტიპის) მოფარგვლით ღია აივნის მონგრევა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. კ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
თბილისის ადმინისტრაციული ინსპექციის 2003წ. 14 მარტის გაფრთხილების აქტით, ამავე ინსპექციის 2003წ. 25 მარტის წერილით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის 2003წ. 24 აპრილის წერილით, თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2003წ. 10 დეკემბრის წერილით, თბილისის მერიის 2003წ. 19 დეკემბრის წერილით და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. კ-ეს ყოველგვარი ნებართვისა და მოსარჩელე ნ. ჩ-ის თანხმობის გარეშე თავის საცხოვრებელ ბინაზე, ლოჯიების მიმდებარედ, გაკეთებული აქვს თუნუქით გადახურული ლითონის (ცხაურის ტიპის) 1,2მX5,45 მ ზომის შემოფარგვლა-ღია აივანი.
მოსარჩელე ნ. ჩ-ის განმარტებით მოპასუხემ სადავო აივანი 2002წ. ზაფხულში გააკეთა, რის შედეგადაც შეიზღუდა მისი საყოფაცხოვრებო პირობები და ზიანი ადგება მის ინტერესებს. აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მთავარი არქმშენინსპექციის 2003წ. 24 აპრილის ¹მი-80-15 წერილით. სააპელაციო პალატამ სკ-ის 215-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეთა ურთიერთობები განისაზღვრება ამ კოდექსით. შეთანხმებები, რომლებითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ამ კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ, აგრეთვე ამგვარ შეთანხმებათა შეცვლა ან გაუქმება ძალაშია მესამე პირებისათვის მხოლოდ მაშინ, თუკი ეს შეთანხმებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მხარეებს შორის ასეთ შეთანხმებას კი ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ. კ-ის მიერ თვითნებურად გაკეთებული აივნის შედეგად ილახება მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და მოსარჩელე ნ. ჩ-ეს ადგება ზიანი.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან სათანადო მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი, რომელზედაც აპელანტი მიუთითებს.
პალატამ არ გაიზიარა ასევე აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უკანონოდ მიშენებული აივანი წარმოადგენს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას და ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ის ნორმები, რომლებიც შეეხება ინდივიდუალური საკუთრების უფლებებს.
ნ. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
არქმშენინსპექცია და არა ჩ-ე იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი და შესაბამისად სასამართლოს უნდა ემსჯელა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შესახებ. აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ, სასამართლოს უნდა ემსჯელა განსჯადობაზე და საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ წარმოებული მშენებლობა განხორციელებულია მოქმედი სამშენებლო წესებისა და ტექნიკური ნორმების დაცვით და ამდენად, ჩ-ის მიერ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 215-ე და 219-ე მუხლები.სასამართლო მხოლოდ ნ. ჩ-ის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო და არ გამოიკვლია სინამდვილეში მართებულია თუ არა მისი პრეტენზიები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელი ხანდაზმულია. ასევე არასწორად მიუთითა, რომ ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი საქმეში არ მოიპოვება მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შეგებებული სარჩელის ასლი, რომელიც შეტანილი ჰქონდა და სახელმწიფო ბაჟიც ჰქონდა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში აღნიშნული, კასატორისგან მოითხოვა ოფიციალური საბუთი სასამართლოს ქვითრის სახით, რომლის მიღებას და განხილვას არც კი დაელოდა და იმავე სხდომაზე მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება.
ის ფაქტი, რომ შეგებებული სარჩელი შეტანილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასტურდება არა მხოლოდ შეგებებული სარჩელის ასლით, არამედ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლით და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული წერილის ასლით (24.11.2004 წ. ¹4578), რომელიც ერთვის საკასაციო საჩივარს. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია შეგებებული სარჩელის მიღების ან არ მიღების შესახებ. საქმეში არ მოიპოვება არც ამის შესაბამისი განჩინება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 224-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი, რა დროსაც ხელმძღვანელობს სსკ-ის 188-190-ე მუხლით დადგენილი წესით.
კასატორის მიერ წარმოებული მშენებლობა განხორციელებული იყო 1994წ. მაისში, რასაც კორპუსში მცხოვრები მეზობლები ადასტურებდნენ და ითხოვდა მის დაკანონებას, სასამართლომ არც ამ გარემოებას მისცა სწორი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ე ცხოვრობს ქ. თბილისში, ......... მე-... კვარტლის მე-3 კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-3 სართულზე მდებარე ¹7 ბინაში, ხოლო მოპასუხე ნ. კ-ე კი მის ქვემოთ, მე-2 სართულზე არსებულ ¹4 ბინაში. ამრიგად, მხარეები წარმოადგენენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებს.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ ნ. კ-ემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შეგებებული სარჩელის ასლი; სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული, ნ. კ-ისაგან მოითხოვა ოფიციალური საბუთი. ნ. კ-ემ სააპელაციო საჩივარში შეგებებული სარჩელის თაობაზე მიუთითა შემდეგი: რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა მისი შეგებებული სარჩელი, რის გამოც დაარღვია სსკ-ის 183-ე-188-ე და 189-ე მუხლები. სასამართლომ არ გამოიტანა განჩინება შეგებებული სარჩელის მიღების, შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, სარჩელი მიღებულად ითვლება და სასამართლო ვალდებული იყო განეხილა იგი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნული მოსაზრება მიუთითებს იმაზე, რომ იგი გაცნობილი იყო რაიონული სასამართლოს საქმის მასალებს და მისთვის ცნობილი იყო, რომ საქმეში მისი შეგებებული სარჩელი არ არსებობდა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი არ არის მოცემული პირველი ინსტანციის საქმის მასალებში; სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის სხდომის ოქმი მიუთითებს იმაზე, რომ ნ. კ-ეს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია შუამდგომლობა რაიონული სასამართლოდან შეგებებული სარჩელის გამოთხოვის თაობაზე; სხდომის ოქმში არც ისაა მითითებული, რომ ნ. კ-ემ სააპელაციო პალატას წარუდგინა შეგებებული სარჩელის ასლი; სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ ნ. კ-ეს შენიშვნებიც არ აქვს გაკეთებული. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნ. კ-ემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შეგებებული სარჩელის ასლი, რის გამოც სასამართლომ სწორად არ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ეს სათანადო ნებართვის და მოსარჩელის თანხმობის გარეშე მიშენებული აქვს თუნუქით გადახურული, ლითონის (ცხაურის ტიპის) შემოფარგვლით ღია აივანი, ამოშენებული აქვს მიმდებარე კიბის უჯრედი. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, ქ. თბილისის ადმინისტრაციული ინსპექციის 2003წ. 14 მარტის გაფრთხილების აქტით, ამავე ინსპექციის 2003წ. 25 მარტის წერილით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის 2003წ. 24 აპრილის წერილით, ქ. თბილისის მერიიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2003წ. 10 დეკემბრის წერილით და ქ. თბილისის მერიის 2003წ. 19 დეკემბრის წერილით დადგენილია, რომ უნებართვოდ აშენებული ღია აივნის გამო შეიზღუდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები, რადგან მითითებული უნებართვო მიშენებით გაადვილდება მოსარჩელის ბინაში ქურდების შეღწევის შესაძლებლობა, თუნუქის
სახურავის გახურების გამო შეუძლებელი ხდება მოსარჩელის ფანჯრის გაღება, სახურავზე და ამოშენებული კიბის უჯრედში გროვდება ნაგავი და იქმნება ანტისანიტარია. სკ-ის 215-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ურთიერთობები ბინის მესაკუთრეთა შორის განისაზღვრება ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად კი ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმდაგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მ. კ-ის მიერ თვითნებურად გაკეთებული აივნით ირღვევა მოსარჩელის უფლებები.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მის მიერ წარმოებული მშენებლობა განხორციელებული იყო 1994წ. მაისში, რასაც კორპუსში მცხოვრები მეზობლები ადასტურებდნენ და ითხოვდა მის დაკანონებას, სასამართლომ კი არც ამ გარემოებას მისცა სწორი შეფასება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეულმა მხარემ დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა იმის დამადასტურებლად, რომ ნ. ჩ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ეს ასეთი დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.