დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.03.2005
საქმის ნომერი
ას-887-1160-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-887-1160-04 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ქ.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ის“ მიმართ მოპასუხისათვის დანაკლისი ტვირთის _ 20970 ლიტრი ბენზინის ღირებულების _ 20131,2 დოლარის, ასევე, 2003წ. 30 ოქტომბრიდან დანაკლისის სრულად ანაზღაურების დღემდე გაანგარიშებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის _ 20,13 ლარის გადახდის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ 2003წ. 29 ოქტომბერს ქ. ბაქოდან ქ. ქუთაისში მოპასუხის ტერიტორიაზე არსებულ სარკინიგზო ჩიხში ჩაუყვანა ¹... ვაგონ-ცისტერნა. მითითებული ვაგონით, თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, მოსარჩელეს უნდა მიეღო 101779 ტონა ა-92 მარკის ბენზინი. მოსარჩელის მითითებით, იმერეთის მხარის უშიშროების, საგადასახადო, საბაჟო მომსახურებისა და ტვირთის მიმღები ორგანიზაციის თანამშრომლების თანდასწრებით, კომისიური წესით მოხდა ვაგონის ვიზუალური დათვალიერება, გაიხსნა ლუქები, რის შემდეგაც აიზომა საწვავის ოდენობა და დაფიქსირდა ბენზინის დანაკლისი. ამის შემდეგ, ტვირთის თანმხლები დაცვის სამმართველოს თანამშრომელმა გ. ბ.-მ წარმოადგინა ქ. ბეიკიასიკში მდებარე სასაზღვრო რკინიგზის შედგენილი აქტი, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ბეიკიასიკის სადგურში რკინიგზის მუშაკებმა აღმოაჩინეს, რომ ვაგონზე ერთი ლუქი დაზიანებული იყო (იგი ქანაობდა). აღნიშნულის გამო, ისე, რომ კომისია არ დაშლილა, მოსარჩელემ თხოვნით მიმართა ს.-ის ქუთაისის ფილიალს, დანაკლისის გაანგარიშებისა და დაზუსტების მიზნით, გამოეყო თავისი თანამშრომელი კომისიაში მონაწილეობისათვის, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა სარკინიგზო კოდექსისა და „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. მოთხოვნაზე ქუთაისის სადგურმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც კომისიის მიერ შედგა ზოგადი ხასიათის აქტი, ხოლო მასთან ერთად, კვლავაც კომისიის დაუშლელად და ვაგონზე კონტროლის შეუწყვეტლად, მოსარჩელემ მოიწვია ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზების ბიუროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დაადგინა, რომ დოკუმენტებში აღნიშნულისა და ფაქტობრივს შორის ვაგონის შიგთავსი სითხის დანაკლისი შეადგენდა 20970 ლიტრს. 2003წ. 30 ოქტომბერს მოსარჩელემ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ.გარდაბანში არსებული სასაზღვრო სარკინიგზო სადგურში აზომვის შედეგად დაფიქსირდა ვაგონის შიგთავსი სითხის დანაკლისი, კერძოდ, სითხის სიმაღლემ ნაცვლად ვაგონში ჩატვირთული 2,84 მ-ისა, შეადგინა 2,6 მ., რაზედაც ტვირთის მიმღების წინაშე უშუალოდ პასუხისმგებელ რკინიგზის ქუთაისის ფილიალს პრეტენზიით მიმართეს სარკინიგზო კოდექსითა და „შეთანხმებით“ გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის, რაც გამოიხატებოდა დანაკლისის აღმოჩენის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებაზე თავის არიდებაში და მოპასუხეს მოსთხოვეს დანაკლისის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მათთვის შეტყობინება. მოპასუხემ აცნობა პრეტენზიის მიუღებლობის შესახებ იმ მოტივით, რომ პრეტენზია არ ყოფილა წარდგენილი „შეთანხმებით“ გათვალისწინებული დოკუმენტების დედნების წარდგენით, რაც მოსარჩელემ მიიჩნია მოპასუხის მიერ კიდევ ერთ სამართალდარღვევად, რადგან სწორედ რკინიგზას უნდა შეედგინა ის დოკუმენტი, რომლებსაც ითხოვდა პრეტენზიის განსახილველად. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა რკინიგზისათვის დანაკლისი ტვირთის, 20970 ლიტრი ბენზინის ღირებულების _ 20131,2 ლარის მის სასარგებლოდ გადახდა. ასევე, მოითხოვა მოპასუხისათვის დანაკლისი ტვირთის ბაქოდან ქუთაისამდე ტრანსპორტირების 532,6 ლარის ოდენობით ღირებულების გადახდის დაკისრება და თანხის გადაუხდელობისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20,13 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ.ბეიკიასიკში ვაგონის უკანა მხარეს ცალი დამღის ქანაობის დაფიქსირება არ შეიძლებოდა, ტვირთის დანაკლისის მიზეზად ჩათვლილიყო, რადგან ქმანის თანახმად, დანარჩენი ორი დამღა საღი იყო. მოპასუხის მოსაზრებით, პრეტენზიით მიმართვისას ვაგონის ლუქები უკვე ახსნილი იყო, ასეთ შემთხვევაში კი რკინიგზის წარმომადგენლებს უფლება არ ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ კომისიის მუშაობაში. ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ ტვირთის დანაკლისის გაანგარიშებასაც და დაუსაბუთებლად მიიჩნია ზარალის ლარებში გაანგარიშებაც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით სს „ქ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს.-ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 20663,8 ლარის გადახდა, ხოლო 2003წ. 30 ოქტომბრიდან დანაკლისის სრულ ანაზღაურებამდე საურავის სახით 20,13 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს.-მ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ. ბეიკიასიკში შედგენილი აქტისა და 2003წ. 29 ოქტომბრის აქტის გათვალისწინებით, პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „ს.-ის“ მხრიდან სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით ადგილი ჰქონდა ტვირთის არაჯეროვან გადაზიდვას, რაც გამოიხატა ტვირთის, კონკრეტულად კი ბენზინის დანაკლისში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვარგის მდგომარეობაში იყო ვაგონზე არსებული ორი დარჩენილი ლუქი, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი ანალიზის საფუძველზე არ გამოდგება ბენზინის ფაქტობრივი დანაკლისის გამაბათილებელ მტკიცებულებად. პალატამ აპელანტის მოსაზრება მის მიერ კომერციული აქტის შედგენაზე და კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმის მართლზომიერების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ ტვირთის დანაკლისის არსებობა დადასტურებულია რკინიგზის თანამშრომლის გ.ბ.-ის მიერ წარმოდგენილი და 2003წ. 29 ოქტომბრის კომისიური აქტებით. პალატის მოსაზრებით, სპეციალისტების მონაწილეობით დადგინდა რა დანაკლისი, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი ეწინააღმდეგება სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რკინიგზის ქონებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ბენზინის დანაკლისის გაანგარიშების ნაწილშიც, რადგან იგი ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2003წ. 29 ოქტომბრის აქტს, 2003წ. 29 ოქტომბრის სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს კონსულტაციის აქტს, რკინიგზის სადგურის ქმანსა და მოწმე გ.ბ.-ის განმარტებას. პალატამ მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი სხვა რაიმე სარწმუნო მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკლვევის შედეგები და მათ სამართლებრივი შეფასება მთლიანად გაიზიარა.

სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება შპს “ს.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის სკ-ის 672-ე მუხლის შესაბამისად, გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს “ს.-ამ” ქ.ბაქოდან ქ.ქუთაისში ს/ს “ქ.-ის” ტერიტორიაზე არსებულ ჩიხში 2003წ. 29 ოქტომბერს მიაწოდა ერთი ვაგონ-ცისტერნა ¹... მოსარჩელისათვის განკუთვნილი “ა-92” მარკის ბენზინით. თანდართული დოკუმენტების მიხედვით, ტვირთის საერთო რაოდენობა შეადგენდა 101799 კგ-ს. 2003წ. 30 ოქტომბერსა და 21 ნოემბერს ს/ს “ქ.-ის” დირექტორმა დ.ქარქაშაძემ საპრეტენზიო წერილებით მიმართა შპს “ს.-ის” გენერალურ დირექტორსა და მოპასუხე საზოგადოების ფილიალ “სადგური ...-ის” დირექტორს, რიმლებითაც მოითხოვა ტვირთზე არსებული დანაკლისის _ 20970 ლიტრი ბენზინის შესაბამისი ღირებულების 20131,2 ლარის ანაზღაურება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი რკინიგზის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება, რომლითაც რკინიგზა თავისუფლდება პასუხუსმგებლობისაგან, თუ ტვირთი მიტანილ იქნა ტვირთგამგზავნის გამართული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე წესივრული ვაგონით. მხარემ მიუთითა “რკინიგზის ტვირთების გადაზიდვის წესების 22-ე თავის 332-ე მუხლის “გ” პუნქტზე, რომლის თანახმად, ცისტერნაზე საკეტ-საპლომბი მოწყობილობა მაგრდება ზედა ჩასატვირთი ლუქის სახურავზე, თითო ცალი. კასატორის აზრით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ზედნადებით, ქმანი ¹3913-ით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სავალდებულო თითო ცალი ტვირთგამომგზავნის მიერ დადებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობა არ იყო დაზიანებული. ამასთან, ვაგონ-ცისტერნის ორივე ლუქს დამატებით ედო თითო ცალი საბაჟო პლომბი, რომელიც ასევე არ იყო დაზიანებული. აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე უარყოფდა. კასატორმა მიუთითა, რომ თუ ტვირთზე თანმხლები დოკუმენტებით განსაზღვრული საკეტ-საპლომბი მოწყობილობა საღია, რკინიგზა კომერციულ აქტს არ ადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის აზრით, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა, რა მდგომარეობაში იყო მითითებული საკეტ-საპლომბი და უნდა ჩათვლილიყო თუ არა გადაზიდვა ჯეროვნად შესრულებულად. რაც შეეხება დანიშნულების სადგურ “ქ...-ს”, კასატორმა მიუთითა “საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების მე-18 მუხლის მესამე პარაგრაფის მეექვსე პუნქტზე, რომლის თანახმად, სარკინიგზო ადმინისტრაციას უფლება აქვს, უარი თქვას კომერციული აქტის შედგენაზე თუ ტვირთმიმღები არ გადასცემს ვაგონიდან მოხსნილ პლომბებს, რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე, როგორც სასარჩელო განცხადებაში, ასევე 2003წ. 29 ოქტომბრის ¹40 წერილში თავად აღნიშნა, რომ ვაგონის ლუქი მათ უკვე ახსნილი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, მხარის მოსაზრებით, რკინიგზის სადგურის წარმომადგენელს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ზიანის 20131,2 ლარით განსაზღვრისას გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ გაანგარიშებაზეა საუბარი, რადგან საქმის მასალებში აღნიშნულის საფუძველი წარმოდგენილი არ არის და გაანგარიშება ეყრდნობა მოსარჩელის ზეპირ განმარტებას, რისი გათვალისწინების უფლება სასამართლოს არ ჰქონდა. კასატორის მითითებით, არც საქმის მასალებით და არც მოწმეთა ჩვენებებით არ ირკვევა რკინიგზის წარმომადგენელთა განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალი, რაც ხელს შეუწყობდა ტვირთის დატაცებას, მით უფრო შეუძლებელი იყო ლუქის გახსნა მასზე არსებული სავალდებულო დაუზიანებელი პლომბის აწყვეტის გარეშე. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.

დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ, მხარეთა შორის სკ-ის 672-ე მუხლის შესაბამისად, გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება სატრანსპორტო ზედნადების სახით, რომლის საფუძველზე შპს “ს.-ას” ქ. ბაქოდან ქ. ქუთაისში ს/ს “ქ.-ის” ტერიტორიაზე არსებულ ჩიხში უნდა მიეწოდებინა ერთი ვაგონ-ცისტერნა ¹... მოსარჩელისათვის განკუთვნილი ა-92 მარკის ბენზინით. თანდართული დოკუმენტების მიხედვით, ტვირთის საერთო რაოდენობა შეადგენდა 101799 კგ-ს. 2003წ. 30 ოქტომბერსა და 21 ნოემბერს ს/ს “ქ.-ის” დირექტორმა დ.ქარქაშაძემ საპრეტენზიო წერილებით მიმართა შპს “ს.-ის” გენერალურ დირექტორსა და მოპასუხე საზოგადოების ფილიალ “სადგური ქ...-ის” დირექტორს, რიმლებითაც მოითხოვა ტვირთზე არსებული დანაკლისის _ 20970 ლიტრი ბენზინის შესაბამისი ღირებულების 20131,2 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ იმსჯელა, იყო თუ არა სადავო გადაზიდვის ვაგონის საკეტ-საპლომბი დაუზიანებელი და უნდა ჩათვლილიყო თუ არა გადაზიდვა ჯეროვნად შესრულებულად. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ვაგონზე არსებული ორი ლუქი რეალურად ვარგის მდგომარეობაში იყო, მაგრამ სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას შეფასება მისცა რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ დასახელებული გარემოება ვერ გამოდგება ტვირთის დანაკლისის გამაბათილებელ მტკიცებულებად.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სადავო ტვირთის დანაკლისი დადასტურებულია ქ.ბეიკიასიკის სასაზღვრო რკინიგზის სადგურში 2003წ. 6 ოქტომბერს შედგენილი ¹3913 ქმანით, რომლითაც რკინიგზის მუშაკების მიერ დაფიქსირებულ იქნა ერთი ლუქის დაზიანება; 2003წ. 29 ოქტომბერს უშიშროების სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამსახურების, საოლქო საგადასახადო ინსპექციის, მოსარჩელისა და თვით რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს წარმომადგენლების მიერ შედგენილი აქტით, ვაგონში არსებული ბენზინის აზომვის შედეგად საწვავის სიმაღლე 233 სმ-ია, ხოლო დანაკლისმა შეადგინა 20970 ლიტრი; გარდაბნის სადგურის ჟურნალში ჩანაწერით ვაგონში არსებული სითხის სიმაღლე 2,6 მ-ს შეადგენს; ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2003წ. 29 ოქტომბრის დასკვნით ¹ ... ვაგონცისტერნაში დოკუმენტებით ბენზინი უნდა ყოფილიყო 101779 კგ. დანაკლისი შეადგენს 14083 კგ-ს, მოცულობითი სხვაობა შეადგენს 20970 ლიტრს; დასახელებულ მტკიცებულებათა უარმყოფელი დოკუმენტები კასატორს არ წარუდგენია. სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობის განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, შესაბამისად, სარჩელზე მოპასუხე მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

გადაზიდვის ურთიერთობის რეგულირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რა გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, სკ-ის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა. იმავე დანაწესს შეიცავს საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია რა რკინიგზის პასუხიმგებლობა ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭებისა და დანაკლისისათვის “საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების მიხედვით, ქონებრივი პასუხისმგებლობაზე რკინიგზის ვალდებულების არარსებობა თვით რკინიგზამ უნდა დაამტკიცოს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფატობრივ გარემოებებს და სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა გადამზიდველის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას _ ტვირთის დანაკლისით მიწოდებას.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ტვირთის დანაკლისის დაანგარიშების თაობაზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორ სამართლებრივ დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ა”-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს.-ა”-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.