დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ას-891-1183-05 14 თებერვალი 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი სესხის დაბრუნება, ნასყიდობისა და წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ო-ძემ და ა. ტ-შვილმა სარჩელი აღძრეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ლ. ნ-ძისა და გ.ვ-შვილის წინააღმდეგ. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი იყვნენ გ.ვ-შვილის მეგობრები. მხარეთა შორის არსებული ნდობის საფუძველზე ი.ო-ძემ 1999წ. 20 ოქტომბერს გ. ვ-შვილს ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო ა. ტ-შვილმა 1998წ. დეკემბერში – 45 000 აშშ დოლარი ყოველგვარი საპროცენტი დანარიცხის გაუთვალისწინებლად. სესხი მოპასუხეს 2001წ. ოქტომბერ-ნოემბერში უნდა დაებრუნებინა. მხარეთა შორის ზემოაღნიშნული გარიგება დაიდო ზეპირად. მოსარჩელეთა მითითებით, გ.ვ-შვილმა და მისმა მეუღლემ ლ. ნ-ძემ ნასესხები თანხა ოჯახური საჭიროებისათვის გამოიყენეს. ვალის გადახდის დროის გასვლამდე გ. ვ-შვილმა, როგორც შპს «ლ. კ-იის” დამფუძნებელმა 2000წ. 13 იანვარს საწარმოს საწესდებო კაპიტალში არსებული თავისი წილის 50% დაუთმო მეუღლეს ლ. ნ-ძეს. ასევე თანხმობა მისცა ამ უკანასკნელს გაესხვისებინა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება. მოპასუხე ლ. ნ-ძემ 2000წ. 4 თებერვალს ქ.თბილისში ... ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 54 კვ.მ-ის სახელოსნო აჩუქა დას _ ლ. ნ-ძეს. 2000წ. 6 მაისს ლ. ნ-ძესა და გ.ვ-შვილს შორის ქორწინება შეწყდა. 2001წ. 20 დეკემბერს გ.ვ-შვილმა ა. ო-ძესთან გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად მოპასუხეს 20 000 აშშ დოლარი ი. ო-ძისათვის უნდა დაებრუნებინა 2002წ. 20 იანვრამდე, ხოლო 2002წ. 7 მარტის ვალის აღიარების სანოტარო ხელშეკრულებით გ. ვ-შვილს ა.ტ-შვილისათვის 45 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2001წ. 30 დეკემბრამდე. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეს სესხი არ დაუბრუნებია. ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს «ლ. კ-აში” 2000წ. 13 იანვარს გაფორმებული წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებისა და ლ. და ლ. ნ-ძეებს შორის 2000წ. 4 თებერვალს სანოტარო წესით დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხეებისათვის თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალის სოლიდარულად დაკისრება. სარჩელზე თანდართული მასალების მიხედვით, გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ ი.ო-ძისა და ა.ტ-შვილის განცხადების საფუძველზე, 2002წ. 13 მარტს გასცა გადახდის ბრძანება, რომლის თანახმად, გ. ვ-შვილს დაეკისრა ი. ო-ძის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო ა. ტ-შვილის სასარგებლოდ 45000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზემოხსენებული ბრძანების უზრუნველსაყოფად ლ. ნ-ძისათვის მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აღებული საერთო ვალების _ ი.ო-ძის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარისა და ა.ტ-შვილის სასარგებლოდ _ 45000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება საერთო ქონებაში თითოეული მეუღლის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
მოპასუხე ლ. ნ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის მიზნით და დარეგისტრირდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. მოპასუხის გაჩუქებულ ბინაში ცხოვრება ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითად დადებულად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს. ლ. ნ-ძე მას იქ ცხოვრების უფლებას აძლევს. მოსარჩელეები ვერ ასახელებენ, სადავო ჩუქების ხელშეკრულებით რომელი გარიგების დაფარვა სურთ მხარეებს. ასევე დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა გ. ვ-შვილსა და ლ. ნ-ძეს შორის 2000წ. 13 იანვარს გაფორმებული შპს «ლ. კ-იის” წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში. ლ.ნ-ძის განმარტებით, მისი ყოფილი მეუღლის მიერ მოსარჩელეთაგან ვალის აღების შესახებ არაფერი იცოდა და სადავო თანხა გ. ვ-შვილს ოჯახური საჭიროებისათვის არ გამოუყენებია. ამდენად, ლ.ნ-ძემ მიიჩნია, რომ მას ი.ო-ძისა და ა.ტ-შვილის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია და მოითხოვა მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. ო-ძისა და ა. ტ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების, შპს «ლ. კ-იაში” წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ა. ტ-შვილმა და ი. ო-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ტ-შვილისა და ი. ო-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 4 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება, დადებული ლ. ნ-ძესა და ლ. ნ-ძეს შორის. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ. კ-იაში“ წილის დათმობის 2003წ. 13 იანვრის ხელშეკრულება. გ. ვ-შვილსა და ლ. ნ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ი. ო-ძის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარის, ხოლო ა. ტ-შვილის სასარგებლოდ 45000 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით ლ. და ლ. ნ-ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილება გ. ვ-შვილისა და ლ. ნ-ძისათვის ი. ო-ძის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარისა და ა. ტ-შვილის სასარგებლოდ 45000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით ი. ო-ძისა და ა. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადახდის ბრძანების შესასრულებლად გადახდევინება მიექცა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, კერძოდ, საცხოვრებელ სახლზე, ასევე‚ შპს «ლ. კ-იაში» გ. ვ-შვილის 50% წილზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადახდის ბრძანებით ვ-შვილი ვალდებულია დაუბრუნოს მოსარჩელეებს სესხის სახით აღებული თანხები. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა 1169-ე და 1170-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა სარჩელი არის არა გადახდის ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფის, არამედ გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა გ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. გ-ძის მიერ საკასაციო წესით. კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ტ-შვილსა და ო-ძეს აღნიშნული ფული არ უსესხებიათ ვ-შვილისათვის. გ. ვ-შვილი აღნიშნულმა პირებმა გაიტაცეს და არაერთი კვირის განმავლობაში სოფლის სახლში ჰყავდათ დამწყვდეული, ძალადობითა და წამებით დაადებინეს სესხის ხელშეკრულებები, მუქარით მიიღეს გარდაბნის სასამართლოსაგან გადახდის ბრძანება, რითაც გ. ვ-შვილს დაეკისრა 65 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, კასატორის განმარტებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადახდის ბრძანებით ვ-შვილზე დაკისრებული 65000 დოლარიდან ო-ძემ მიიღო 1100 დოლარი, ამიტომაც გ.ვ-შვილისათვის მთლიანი თანხის დაკისრება უსამართლოა. გ. ვ-შვილი აღიარებს, რომ ტ-შვილისაგან და ო-ძისაგან ისესხა 10000 აშშ დოლარი. საოლქო სასამართლომ კი საერთოდ არ იმსჯელა გ. ვ-შვილის ვალის ოდენობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებულ იქნა ლ. ნ-ძის მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლით: საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს მითითება. სააპელაციო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ განსაზღვრა, თუ რა ქონება შეადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და რა წილს მიიღებდა თითოეული ქონების გაყოფის შემთხვევაში, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლი.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ურთიერთწინააღმდეგობრივია და შეუძლებელია გადაწყვეტილების შინაარსის გაგება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე განხილულია არაგანსჯადი სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო გ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. გ-ძისა და ლ. ნ-ძის საკასაციო საჩივრებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ დავასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 16 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გ.ვ-შვილისა და ლ.ნ-ძისათვის ი.ო-ძის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარისა და ა.-შვილის სასარგებლოდ 45000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება გარიგებების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად. უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინებით სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმხილველ სასამართლოს მიეთითა, გამოკვლეულიყო, აღსრულდა თუ არა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 მარტის გადახდის ბრძანება, დაეზუსტებინა მოსარჩელეთა მოთხოვნა და შესაბამისად უნდა ემსჯელა საქმის ამ ნაწილში წარმოებით შეწყვეტაზე ან გადაწყვეტილებით აღსრულების წესის განსაზღვრაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი შეტანილია არა გადახდის ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფაზე, არამედ გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრაზე. საკასაციო პალატა იზიარებს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადახდის ბრძანების აღსრულების წესი. ანუ მოცემული დ. გადაწყდა არა მხარისათვის თანხის დაკისრების საკითხი, არამედ განისაზღვრა, თუ რა ქონებიდან უნდა მოხდეს გადახდის ბრძანებით დაკისრებული თანხის ამოღება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოცემული საქმის განხილვისას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რა ვითარებაში დაადებინეს გ.ვ-შვილს სესხის ხელშეკრულება (სესხის ხელშეკრულების ბათილობა არ არის მოცემული დავის საგანი). ამასთან, ის გარემოება, რომ გ.ვ-შვილს უკვე გადახდილი აქვს 1100 აშშ დოლარი, არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მითითებული გარემოება შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების პროცესში და არა მოცემული საკასაციო საჩივრის განხილვისას.
ასევე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო უფლებამოსილია‚ იმსჯელოს სადავო საკითხზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადახდის ბრძანება აღსრულებულია, საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამდენად სასამართლომ სწორად განსაზღვრა გადახდის ბრძანების აღსასრულებლად მისაქცევი ქონება.
ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით მიღებული გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ.ვ-შვილის მიერ აღებული ვალები მოხმარდა ოჯახური პრობლემების მოგვარებას. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან ამ გარემოების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე გადახდევინება ხდება მეუღლეთა საერთო ქონებიდან, რის გამოც თითოეული მეუღლის წილის დადგენა არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ განსახორციელებელ აუცილებელ მოქმედებას. ვინაიდან მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე დადებული გარიგება ბათილად იქნა ცნობილი და აღნიშნული ქონება კვლავ აღსდგა თავდაპირველი მდგომარეობით, სწორედ ეს ქონება მიექცა გადახდის ბრძანების აღსასრულებლად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლა შეუძლია მხოლოდ საქმეზე გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს (სსკ-ის 263-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარიგებების ბათილად ცნობის შედეგად მეუღლეთა თანასაკუთრებაში აღდგენილი ქონების აღსასრულებლად მიქცევა წარმოადგენდა სარჩელის საგანს და იგი განხილულია სასარჩელო წესით, შესაბამისად, სასარჩელო წარმოებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დავა არსებითად გადაწყვეტილია, უნდა განახლდეს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 9 სექტემბრისა და 20 სექტემბრის განჩინებებით შეჩერებული გადაწყვეტილების აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. გ-ძისა და ლ. ნ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება.
განახლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 სექტემბრისა და 20 სექტემბრის განჩინებებით შეჩერებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება.
კასატორ გ. ვ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2542 ლარის ოდენობით.
კასატორ ლ. ნ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1740 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.