დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.03.2005
საქმის ნომერი
ას-902-1149-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-902-1149-04 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მამად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. თებერვალს ნ. მ-მა განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ 2001 წელს გარდაცვლილი ტ. ე-ა იყო თავისი მამა. ნ. მ-მა განცხადებაში მიუთითა, რომ იგი 1953 წელს შეეძინათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ტ-სა და ტ. ე-ას. მასზე ტ. ე-ა გარდაცვალებამდე ზრუნავდა, შვილად თვლიდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ. მ-ის მამა იყო ტ. ე-ა.

ტ. ე-ას დამ, ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. სასამართლომ დააკმაყოფილა ლ. მ-ის განცხადება და განაახლა საქმის წარმოება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – ტ.ე-ა აღიარეს ნ. ტ-ი-მ-ის მამად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სკ-ის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მან დააკმაყოფილა ნ. მ-ის სარჩელი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილებაიურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სკ-ის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი აწ გარდაცვლილი ტ. ე-ას მიერ მოსარჩელის მამობის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ვინაიდან სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ნ. მ-ნს, მაგრამ მანვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ ტ. ე-ა შვილად აღიარებდა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მისი სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმეში მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომ ტ. ე-ა და ლ. ტ-ი კასატორის დაბადებამდე ერთად ცხოვრობდნენ. მას ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ტ. ე-ასთან, ისე _ მის ნათესავებთანაც. ტ. ე-ა მას რომ აღიარებდა შვილად, ეს პროცესზე დაადასტურა ტ. ე-ას ძმამ დ. ე-ამ. სააპელაციო სასამართლომსაერთოდ არ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები. ტ. ე-ას სურდა კასატორის სასარგებლოდ შეედგინა ანდერძი, მაგრამ სოფ. .... საკრებულოს ბრალით ვერ მოახერხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ რაიმე მტკიცებულებები, ტ. ე-ასა და ლ. ტ-ის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების შესახებ მოსარჩელე ნ. მ-ის დაბადებამდე, მოსარჩელის არ ყოფილა წარმოდგენილი. ნ. მ-ი ადასტურებს, რომ მისი დაბადების დროისათვის ტ. ე-ა არ იმყოფებოდა საქართველოში, არ ყოფილა მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ტ. ე-ა ცალკე ან ლ. ტ-თან ერთად ზრუნავდა მასზე და მონაწილეობას იღებდა მის აღზრდაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა და მოითხოვა ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სკ-ის 1190-ე მუხლი, არამედ 1970წ. 18 ივნისის საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 51-ე მუხლი. ტ. ე-ა გარდაცვლილია, ხოლო ლ. მ-ე არის გარდაცვლილის და, რომელსაც გააჩნია ქონებრივი ინტერესი. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ მის დაუსწრებლად დაკითხა მოწმე დ. ე-ა, რითაც დაარღვია პროცესის საჯაროების წესები. სააპელაციო სასამართლო გასცდა აპელანტის მოთხოვნებს, რითაც დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვის დედისა და ტ. ე-ას ერთად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია ლ. ტ-ის, ს. ც-ის, ჟ. ზ-ის, ნ. გ-ას ჩვენებებით. ს. ც-ის, ჟ. ზ-ისა და ნ. გ-ას ჩვენებებით დასტურდება, რომ ტ. ე-ა ბავშვის დაბადების შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა რუსეთიდან, მოდიოდა თავის ცოლ-შვილთან. ნ. კ-ე, ჯ. ჯ-ე, ნ. ტ-ე ადასტურებენ, რომ ტ. ე-ა სისტემატურად დადიოდა მათ სოფელში, იმყოფებოდა ნ. მ-ის შვილის ქორწილში. სასამართლომ არ შეაფასა და არ გაიზიარა სოფ. ეწრის საკრებულოს მდივნის – დ. კ-ას ახსნა-განმარტება, რომლითაც ადასტურებს ტ. ე-ას უკანასკნელად გამოხატულ ნებას, შეედგინა ანდერძი ნ. მ-ის სასარგებლოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი _ ნ. მ-ი დაიბადა 19----წ. 21 დეკემბერს და იგი რეგისტრირებულ იქნა დედის _ ლ. ტ-ის გვარზე. გათხოვების შემდეგ მან აირჩია მეუღლის გვარი _ მ-ი.

კასატორის დაბადების მომენტში მოქმედებდა სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებდა სასამართლო წესით მამობის დადგენას (1947წ. რედაქციის). შვილების წარმოშობის დადგენის სამართლებრივი საკითხები მოწესრიგებული იქნა 1970წ. 18 ივნისის საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსით, რომელიც სამოქმედოდ შემოღებულ იქნა 1970წ. 1 ოქტომბრიდან. სასამართლო პრაქტიკით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1993წ. 16 ივლისის პლენუმის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო წესით მამობა შეიძლება დადგენილიყო 1968წ. პირველი ოქტომბრის შემდეგ დაბადებული ბავშვების მიმართ, თუ მათი მშობლები არ იმყოფებოდნენ ქორწინებაში და დაბადების შესახებ მოწმობაში ბავშვის მამის გვარი მითითებული იყო საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, დედის მოთხოვნით. ამრიგად, სასარჩელო წარმოებით 1968წ. პირველ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების მიმართ დაუშვებელი იყო მამობის დადგენა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სკ-ის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, განსახილველი ნორმით რეგულირდება სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობები, რომლებიც წარმოშობილია სკ-ის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ანუ ურთიერთობები, რომლის წარმოშობა განსაზღვრულია ნორმატიული აქტებით. სკ-ის 1187-ე მუხლის თანახმად მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დაგენილი წესით. 2002წ. 31 ივლისს საქართველო გახდა მონაწილე 1975წ. 15 ოქტომბრის "ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ" ევროპული კონვენციისა.კონვენციის მე-3 მუხლითაც არის გათვალისწინებული, რომ ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

ამრიგად, შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით ან სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც (და არა ბავშვის დაბადების) წარმოიშობა მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთუფლება-მოვალეობები. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით მამობის დადგენის შემთხვევაში შვილსა და მშობელს შორის უფლება-ვალდებულებანი წარმოშობილად ითვლება მისი დაბადების მომენტიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს, სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების გამოყენების საფუძველი. ამდენად ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს 1997წ. 25 ნოემბრიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.

სკ-ის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის მამისა და დედის ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

მამობის დადგენისათვის აუცილებელია არა მარტო ბავშვის დედისა და მამად საცნობი პირის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების არსებობა ბავშვის დაბადებამდე, არამედ ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის ფაქტი, ანდადამამტკიცებელი საბუთი, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

კონკრეტულ შემთხვევაში მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი, არსებობდეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა არსებობდეს.

1953წ. 21 დეკემბრამდე, ე.ი. ნ. მ-ის დაბადებამდე მისი დედის _ ლ. ტ-ისა და ტ. ე-ას ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების შესახებ არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბავშვის დედისა და ჭიჭიკო ესებუას ერთად ცხოვრების ფაქტი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. არ შეიძლება გაზიარებულ იქნას კასატორის აღნიშნული მოსაზრება. არც მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც აუცილებელია მამობის დადგენისათვის, კერძოდ, სკ-ის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის დაბადებამდე ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების დადგენისათვის აუცილებელია იმ გარემოებების არსებობა, რომლებიც დამახასიათებელია საოჯახო ურთიერთობებისათვის, კერძოდ: ცხოვრება ერთ საცხოვრებელ სახლში, ერთად კვება, ერთმანეთისადმი ზრუნვა, ერთობლივი სარგებლობისათვის ქონების შეძენა, ე.ი. ისეთი მოქმედებების განხორციელება, რაც უკავშირდება ოჯახის შექმნის მიზანს.

ასევე მამად ცნობისათვის აუცილებელია დადგინდეს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის ფაქტს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ტ. ე-ა ბავშვის დაბადების შემდეგ პერიოდულად ჩამოდიოდა რუსეთიდან და ზრუნავდა მათზე. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

არ შეიძლება აღზრდაში ან რჩენაში ვიგულისხმოთ პერიოდული ზრუნვის გამოჩენა. მით უმეტეს, ამ გარემოების დადგენისათვის არ შეიძლება დავეყრდნოთ ზოგადი ხასიათის ახსნა-განმარტებებს. შვილის აღზრდაში მონაწილეობა არა ეპიზოდურ, არამედ სისტემატური ხასიათის კონკრეტულ მოქმედებებს გულისხმობს, რომლებიც ადასტურებენ საოჯახო ურთიერთობების არსებობას და არა მეგობრული კეთილგანწყობის ფაქტს. ამ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით და არც საქმეში არსებული სხვა მასალებით არ დგინდება სკ-ის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებული მამობის დადგენისათვის აუცილებელი მოთხოვნები. ასევე საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მამად საცნობი პირის მიერ ნ. მ-ის სასარგებლოდ ანდერძის დატოვების ფაქტიც.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩესქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21სექტემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.