დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.02.2006
საქმის ნომერი
ას-911-1162-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-911-1162-05 23 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში ჯ. მ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლებით:

სადავო რკინიგზელთა საქვეუწყებო ბინას იგი ფლობდა როგორც რკინიგზელი. ვ. ჭ-ძემ დროებით ათხოვა ბინა მოპასუხეს და გადავიდა საცხოვრებლად სოფელში. ამჟამად მას სჭირდება აღნიშნული ბინა, რის გამოც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით ვ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს განჩინებით, არასათანადო მოპასუხე ჯ. მ-ძე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ჯ. მ-ძით.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ძის სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ვ. ჭ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, ვ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ჯ. მ-ძე გამოსახლებულ იქნა ხარაგაულის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 33 კვ.მ ბინიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ჯ. მ-ძის მიერ საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრბის საქმეთა პალატის 2004წ. 24 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ჯ. მ-ძე, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და ითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ვ. ჭ-ძის სარჩელი, მოპასუხე ჯ. მ-ძე გამოსახლებულ იქნა ხარაგაულის რაიონის სოფ. ... მდებარე ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ოროთახიანი ბინიდან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ვ. ჭ-ძე, როგორც რკინიგზის თანამშრომელი, 1998 წლიდან ფლობდა ხარაგაულის რაიონის სოფ. ... არსებული რკინიგზის საუწყებო ბინას. მოსარჩელემ სადავო ბინა დროებით ათხოვა მოპასუხის მამას _ ჯ. მ-ძეს, ვინაიდან თვითონ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სოფ. ... და დროებით არ სჭირდებოდა.

ასევე‚ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნა ბინის დაცლის შესახებ მოსარჩელემ დააყენა 2002 წელს, ვ.ჭ-ძე ამჟამად არის რკინიგზის მუშაკი და, აგრეთვე, ჯ.მ-ძე აღიარებს, რომ მას ბინის ფლობის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ჯ. მ-ძემ სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი, მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინებით ჯ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო რომ ჯ. მ-ძის მშობლებს უწყება ჩაბარდათ დროულად პროცესის დაწყებამდე 24 დღით ადრე. ადვოკატი ა.კ-ძე 2005წ. 10 იანვარს გაფრთხილებულ იქნა ჯ.მ-ძის მიერ პროცესის თაობაზე, რომელმაც განაცხადა, რომ 2005წ. 11 იანვარს დანიშნულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

ასევე დადგენილია, რომ 2005წ. 10 იანვარს, ჯ.მ-ძე, ალკოჰოლური სასმელის ჭარბი რაოდენობის მიღების გამო, გახდა შეუძლოდ, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლოში დანიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჯ. მ-ძის წარმომადგენლის მისამართი არ მოიპოვება საქმის მასალებში, რის გამოც მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე ვერ უზრუნველყვეს.

ასევე დადასტურებულია, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობის გამო ჯ.მ-ძისა და ა.კ-ძსს მხრიდან რაიმე შეტყობინება სააპელაციო პალატისთვის არ გაგზავნილა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. კასატორის აზრით, მისი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით და სხდომა უნდა გადაედო სხვა დროისათვის. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიოდ და, შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს სასამართლო უწყება ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რათა საკმაო დრო ჰქონოდა სასამართლო პროცესზე დროულად გამოსაცხადებლად.

2005წ. 11 იანვარს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ჯ. მ-ძის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ჯ. მ-ძემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მისი წარმომადგენელი კი საერთოდ არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.

სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს‚ თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონი საპატიოდ მიიჩნევს ისეთ მიზეზს, რომელიც გამორიცხავს მხარის მიერ სასამართლოს ინფორმირების საშუალებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჯ.მ-ძის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ არის ის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მისი გამოუცხადებლობა სასამართლოში საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ცნობის შინაარსიდან არ დასტურდება, რომ კასატორს ფიზიკურად არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და ვერც შეატყობინებდა სასამართლოს ამის შესახებ, აგრეთვე ცნობის მიხედვით, მას არ ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი და საჭიროებდა ამბულატორიულ მკურნალობას, გამომდინარე აქედან, მას ჰქონდა შესაძლებლობა‚ შეეტყობინებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა სასამართლომ და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია წარდგენილი ცნობა სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

იმისათვის, რომ სასამართლომ აღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა შეასრულოს, სსკ-ის 178-ე, 366-ე, 368-ე, 396-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები ვალდებულნი არიან თავად მიუთითონ როგორც თავიანთი, ასევე წარმომადგენლების ვინაობა და მისამართი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კასატორის წარმომადგენლის მისამართი საქმის მასალებში არსად არის მითითებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა