გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-917-1160-05-06 25 დეკემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა და საერთო საკუთრების ქონების ნატურით გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ-აძე-ჟ-იანმა 2004წ. ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ნ. კ-აძის, ნ. კ-ძის, ა. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში ... ¹ 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან რეალური წილის გამოყოფა და საოჯახო ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. კ-აძე-ჟ-იანის სარჩელი ნ. კ-აძის, ნ. კ-ძისა და ა. ბრეგვაძის მიმართ. რეალურად გამოყოფილი და გამოთავისუფლებულ იქნა საერთო საკუთრების წილი ქ.ქუთაისში, ... ¹ 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 1/4-ის ოდენობით, ე.წ. «ზალა» ფართით 31,83 კვ.მ, ხოლო შესასვლელი კიბე დარჩა საერთო სარგებლობაში. სასარჩელო მოთხოვნას ნივთების პიანინო «როდინასა» და სამზარეულო კარადის დაბრუნების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-აძე-ჟ-იანმა
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით ი. კ-აძე-ჟ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. კ-აძე-ჟ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ქ.ქუთაისში, ... ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან რეალური წილის სახით გამოეყო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე 31,83 კვ.მ-ის საცხოვრებელი ოთახი ე.წ. «ზალა», ხოლო 14,11 კვ.მ-ის შესასვლელი ასასვლელი კიბით დარჩა საერთო საკუთრებაში. მოპასუხე ნ. კ-აძის მფლობელობაში არსებული ნივთები ქ.ქუთაისში, .... ¹18-ში მდებარე სადავო სამზარეულო გარნიტური და პიანინო «როდინა» გადაეცა ი. კ-აძე-ჟ-იანს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
ი. და მ. კ-აძეების მემკვიდრეობით მიღებული ქონება განთავსებულია ქ.ქუთაისში ... ¹ 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და ამ ფართში შესავლელი, უნებართვო მონაშენის გაკეთებამდე იყო ის შიდა კიბე, რომლის მიკუთვნებასაც აპელანტი მოითხოვს. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამასახურის მიერ 2004წ. 15 ივნისს შედგენილი გეგმა-ნახაზის შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დიდი ოთახის ფართია 31.83 კვ.მ. ხოლო შესასვლელის‚ ე.წ. «ჰოლის» ფართი, სადაც პირველი სართულიდან ამავალი 1,10 მ სიგანის შიდა კიბეა განთავსებული – 14,11 კვ.მ. სააპელაციო პალატამ სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად ი. კ-აძე-ჟ-იანის კუთვნილი სამკვიდრო წილი განსაზღვრა სწორედ ზემოაღნიშნული მონაცემების შესაბამისად და მიუთითა, რომ მას საკუთრების უფლებით ეკუთვნის 34.4 კვ.მ. (149.9 კვ.მ-ის მეოთხედი). სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი დიდი ოთახისა და შესასვლელის საერთო ფართი შეადგენს 45.94 კვ.მ-ს რაც მის სამკვიდრო წილზე 11.54 კვ.მ-ით მეტია. სააპელაციო სასამართლომ ი. კ-აძე-ჟ-იანის და ნ. კ-აძის საერთო საკუთრებაში არსებული ფართის ნატურით გასაყოფად გამოიყენა სკ-ის 954-ე, 958-ე, 961-ე და 963-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ნატურით გამოუყო 31,83 კვ.მ-ის დიდი ოთახი, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მის მიერ ამ ოთახით სარგებლობის ფაქტი; ხოლო ჰოლის ამოსასვლელი კიბით გამოყოფაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული 14,11 კვ.მ-იდან სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად კ-აძეს ეკუთვნის შესასვლელი არა მთლიანი ფართი, არამედ მხოლოდ 2,77 კვ.მ‚ რომლის ნატურით გამოყოფა მისი ღირებულების შემცირების გარეშე რეალურად შეუძლებელია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საერთო საკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფისას გათვალისწინებული უნდა იქნას ქ.ქუთაისის მერიის 2005წ. 25 მარტის განკარგულებით სახელმწიფო მიმღები კომისიის 2005წ. 4 მარტის ¹33 აქტის შესაბამისად დამტკიცებული სადავო საცხოვრებელ სახლზე ექსპლუატაციაში მიღებული მინაშენის ფართი, ვინაიდან მითითებული განკარგულებით და აქტით ქ.ქუთაისში ... ¹ 18-ში უნებართვო მინაშენი მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში, მაგრამ საკუთრების უფლებით აქტსა და განკარგულებაში მითითებულ პირებზე, როგორც უძრავი ნივთი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა‚ ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ საზიარო საცხოვრებელ სახლზე მინაშენის მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს ამ საცხოვრებელი სახლის თითოეული მესაკუთრის წილის შესაბამისად ამ მინაშენში საკუთრების უფლების არსებობას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ი. კ-აძე-ჟ-იანის განმარტება იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ მისი ძმის, აწ გარდაცვლილი მ. კ-აძის სიცოცხლეში მათ განსაზღვრული ჰქონდათ საერთო საკუთრებით სარგებლობის წესი, რადგან უძრავ ქონებაზე სარგებლობის წესის დასადგენად სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. კ-აძე-ჟ-იანმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან და მისმა აწ განსვენებულმა ძმამ მ. კ-აძემ მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება გაიყვეს ურთიერთშეთანხმებით, ასეთი შეთანხმების შედეგად სადავო კიბის უჯრედი და შესასვლელი ჰოლი (14.11 კვ.მ) მიეკუთვნა მოსარჩელეს, ხოლო მის ძმას გამოეყო ორი ოთახი (32.54 კვ.მ.) დამხმარე სათავსოებით (სამზარეულო, შესასვლელი, ჰოლი) და უკანა შესასვლელი კიბის უჯრედი 17 კვ.მ-ით. სააპელაციო სასამართლომ ექსპლოატაციაში მიღებული ფართი, რომელიც დაკანონებულია‚ არ გაითვალისწინა მხარეთა შორის საერთო საკუთრების გაყოფისას და იგი დაუტოვა ნ. კ-აძეს, რომელიც დღემდე იყენებს ამ ფართს შესასვლელად კიბის უჯრედად.
სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საცხოვრებელი 149,9 კვ.მ-ის 1/4-ს შეადგენს 34,4 კვ.მ-ს, რადგან გაანგარიშების მიხედვით 149,9 კვ.მ-ის 1/4-ია 37,25 კვ.მ. ამდენად სასამართლო გადაწყვეტილებით მას 6 კვ.მ-ით ნაკლები გამოეყო, რადგან მიაკუთვნა მხოლოდ 31,83 კვ.მ. ვინაიდან საერთო საკუთრებიდან წილის რეალურად გამოყოფისას სადავო გახდა კუთვნილი წილის შესაბამისად ფართის ოდენობა, სასამართლოს აღნიშნული საკითხი უნდა გადაეწყვიტა სათანადო ცოდნით აღწურვლი სპეციალისტის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს დავის გადაწყვეტის შემდეგ სარგებლობაში დარჩა გაცილებით მეტი ფართი (63 კვ.მ)‚ ვიდრე მას ეკუთვნის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. კ-აძე-ჟ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. კ-აძე-ჟ-იანმა და მისმა აწ გარდაცვლილმა ძმამ მ. კ-აძემ 1998წ. 5 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით მიიღეს აწ გარდაცვლილი მამის ი. კ-აძის დანაშთი ქონება მდებარე ქ.ქუთაისში ... 18-ში. ი. კ-აძის სამკვიდროს შეადგენდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის½1/2. მთელი საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი კი შეადგენდა 149.92 კვ.მ-ს. ივანე კ-აძის თითოეულ მემკვიდრეს საკუთრებით უფლებით განესაზღვრა ქ.ქუთაისში ვ.-ფშაველას 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4-1/4.
ქ.ქუთაისის მერიის 2005წ. 25 მარტის ¹115 განკარგულებით ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002წ. 9 იანვრის ¹2 და ქ.ქუთაისის მერიის 2002წ. 4 ივლისის ¹8 ბრძანებების საფუძველზე დამტკიცდა სახელმწიფო მიმღები კომისიის 2005წ. 4 მარტის ¹33 აქტი, ქ.ქუთაისში ... ¹18-ში მდებარე ი. ჟ-იანის, მ. კ-აძის და მ. ყუბანეიშვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე მინაშენის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე და დაევალა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს საარქივო მასალებში სათანადო ცვლილებების შეტანა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 963-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად‚ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან საგნებად ღირებულების შემცირების გარეშე. თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ვინაიდან ი. კ-აძე-ჟ-იანმა სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა წილის რეალურად გამოყოფისას საერთო საკუთრების ფართში მისი კუთვნილი წილის შესაბამისი ფართის ოდენობის საკითხი, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად უნდა გამოეყენებინა სპეციალისტის ცოდნა; სსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად დაენიშნა ექსპერტიზა მოსარჩელისათვის წილის გამოყოფის საკითხი გადასაწყვეტად არა სამკვიდრო ქონებიდან, არამედ დავის გადაწყვეტის მომენტისათვის ქ.ქუთაისში ... ¹ 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საერთო ფართიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი‚ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად‚ კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-აძე-ჟ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილება ი. კ-აძე-ჟ-იანისათვის საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.