დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.06.2006
საქმის ნომერი
ას-947-1204-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-947-1204-05 14 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: 1. მ. ი-შვილის სახელზე გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კანონით მემკვიდრეობის მოწმობის და საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-შვილი და მ. ი-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1982წ. ოქტომბრიდან. მათ შეეძინათ ორი შვილი 1991წ. 13 ნოემბერს – გ. გ-შვილი, ხოლო 1993წ. 15 თებერვალს ქ. გ-შვილი.

1998წ. აპრილში გ. გ-შვილი გარდაიცვალა.

მ. ი-შვილი ცნობილ იქნა მემკვიდრედ ნოტარიუსის მიერ 1998წ. 30 სექტემბერს გაცემული კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობით გ. გ-შვილის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. მის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა იმის თაობაზე, რომ მ. ი-შვილს ეკუთვნოდა მეუღლესთან ერთად შეძენილი ქონების 1\2 წილი.

გ. გ-შვილის მშობლებმა – ვ. და ქ. გ-შვილებმა 1999წ. მარტში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე მ. ი-შვილის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათი ოჯახი დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ... საკრებულოში აღრიცხულია საკოლმეურნეო კომლად. კომლის წევრი იყო ასევე გ. გ-შვილი; ამიტომ გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კომლის საერთო საკუთრებას, რის გამოც მოსარჩელეებმა მოითხოვეს მ. ი-შვილის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების და მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება. მოპასუხემ სარჩელი ცნო.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ქ. და ვ. გ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დედოფლისწყაროს ნოტარიუსი ლ. გ-ურის 1998წ. 30 სექტემბერს რეესტრი ¹1-184-ით გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. გაუქმდა დედოფლისწყაროს ნოტარიუსი ლ. გ-ურის მიერ 1998წ. 30 სექტებმერს რეესტრი ¹1-183-ით მოპასუხე მ. ი-შვილზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა 1998წ. 23 აპრილს გარდაცვლილი გ. გ-შვილის დანაშთ ქონებაზე (გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე).

დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 2000წ. თებერვალში განცხადებით მიმართა ა. ა-ძემ და მიუთითა, რომ მ. ი-შვილმა 1998წ. 8 ოქტომბერს მისგან ისესხა 40000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე, გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მის სასარგებლოდ მ. ი-შვილს დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა. ამიტომ ა. ა-ძემ მოითხოვა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა იმაზე, რომ გარდაბნის რაიონის სოფ. ... კოლმეურნეობა არ ყოფილა; ამასთან, გ. გ-შვილი მუშაობდა და 1980 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ..., ამიტომ იგი ვერ იქნებოდა და არც ყოფილა კოლმეურნეობის წევრი.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 მაისის განჩინებით ა. ა-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა ზეპირი სხდომა. ამავე სასამართლოს 2001წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილება _ ვ. გ-შვილის და ქ. გ-შვილის სარჩელის გამო მ. ი-შვილის და დედოფლისწყაროს ნოტარიუსი ლ. გ-ურის მიმართ სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ. სსკ-ის 431-ე მუხლის შესაბამისად საქმე თავიდან იქნა განხილული, განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დავის განხილვაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ა. ა-ძე; მან მოითხოვა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღრიცხვა მ. ი-შვილის სახელზე და სესხის დაფარვის მიზნით სახლის აუქციონის წესით რეალიზაცია.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელი დედოფლისწყაროს რაიონის ნოტარიუსის მიერ 1998წ. 30 სექტემბერს მ. ი-შვილზე გაცემული გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების და კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაუქმების და საცხოვრებელი სახლის კომლის საერთო საკუთრებაში დატოვების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ა. ა-ძის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილის სახელზე აღრიცხვის და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სესხის დაფარვის მიზნით, მისი აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.

ვ. და ქ. გ-შვილებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2001წ. 8 მაისის და 22 მაისის განჩინებები.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-შვილმაც, რომელმაც ასევე მოითხოვა იმავე სასამართლოს 2001წ. 22 მაისის და 22 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. და ქ. გ-შვილების, მ. ი-შვილის სააპელაციო საჩივრები; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მაისის განჩინება.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელი.

გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და ა. ა-ძის დამოუკიდებელი სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მ. ი-შვილს ა. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა. ს.ფ. 245-ე წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 40000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გარდაბნის რაიონის სოფ. .. მდებარე საცხოვრებელი სახლი; იპოთეკის ხელშეკრულება გარდაბნის რაიონის გამგეობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებულია 2000წ. 9 ივნისს.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილებას, რითაც გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 1998წ. 30 სექტემბერს მ. ი-შვილზე გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე კანონისმიერი მემკვიდრეობის და საკუთრების უფლების მოწმობები, საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ. გ-შვილი იყო კომლის წევრი და სახლი კომლის წევრთა მიერ საერთო სახსრებით იქნა აშენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი წარმოადგენდა კომლის საერთო საკუთრებას და იგი არ განეკუთვნებოდა გ. გ-შვილის სამკვიდრო ქონებას.

ა. ა-ძემ დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვდა იმის გამო, რომ გარდაბნის რაიონის სოფ. ... არ არსებობდა კოლმეურნეობა 1980 წლიდან, რაც დასტურდება ს.ფ. 135-ზე წარმოდგენილი ტაბახმელის საკრებულოს 2000წ. 23 ივლისს გაცემული ცნობით. მან ასევე მიუთითა, რომ გ. გ-შვილი 1984-1998წ. 22 მაისამდე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...; ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს „ექსპრეს საბინაო სერვისი ფიქრის გორა 93-ის“ მიერ გაცემული 2000წ. 19 სექტემბრის ცნობით, გ. გ-შვილი საბინაო წიგნის მონაცემებით 1984 წლიდან 1996წ. 27 თებერვლამდე ცხოვრობდა თბილისში, ...

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 მაისის განჩინება დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საფუძვლიანია, რადგან აღნიშნული გარემოებები ცნობილი რომ ყოფილიყო დავის განმხილველ სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვა შინაარსის გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, სასამართლო არ გააუქმებდა მ. ი-შვილის სახელზე დედოფლისწყაროს ნოტარიუსის მიერ 1998წ. 30 სექტემბერს გაცემულ საკუთრების უფლების და მემკვიდრეობის მოწმობებს. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენეილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აშენებულია მეუღლეების – გ. გ-შვილისა და მ. ი-შვილის ქორწინების პერიოდში 1989-1991 წლებში. ის გარემოება, რომ 1980 წლიდან გარდაბნის რაიონის სოფ. ... კოლმეურნეობა არ არსებობს, დაზუსტებულია ს.ფ. 135-ზე წარმოდგენილი ტაბახმელის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის 2000წ. 23 ივლისის ცნობით. სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ. გ-შვილი ირიცხებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ... ვ. გ-შვილის კომლის წევრად და კომლის მიერ აშენდა სადავო სახლი.

საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1998წ. 29 სექტემბრის ¹478 სარეგისტრაციო მოწმობის და ცნობა-დახასიათების თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფ. ... 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია გ. გ-შვილის საკუთრებად. მის საკუთრებას წარმოადგენს ასევე 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაცემულია 1997წ. 7 მარტის ¹9577 მიღება-ჩაბარების აქტით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ არც სახლი და არც მიწის ნაკვეთი გ. გ-შვილს არ გადაუცია კომლის საკუთრებად და ირიცხებოდა მის სახელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. და ქ. გ-შვილების მოთხოვნა მ. ი-შვილზე გაცემული კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმებისა და გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კომლის საკუთრებად დატოვების შესახებ, უსაფუძვლოა, ამიტომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. და ქ. გ-შვილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ მოცემულ დავაზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ა-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გააუქმა და ა. ა-ძის დამოუკიდებელი სარჩელი განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ა-ძის დამოუკიდებელი სარჩელი, გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილის სახელზე აღრიცხვის და გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ სესხის დაფარვის მიზნით აუქციონზე სახლის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის სხდომაზე სააპელაციო საჩივრების განხილვისას მხარემ წარმოადგინა 2005წ. 7 აპრილს გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის შესაბამისად, გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად აღრიცხულნი არიან ვ. და ქ. გ-შვილები, ასევე გ. და ქ. გ-შვილები. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. ა-ძის დამოუკიდებელი სარჩელის – გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილზე აღრიცხვის და ამ სახლის აუქციონის წესით, სესხის დაფარვის მიზნით რეალიზაციის საკითხის განხილვა უშუალოდ ეხება იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო სახლის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მაგრამ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ქ. და გ. გ-შვილებს კანონით დადგენილი წესის დაცვით მონაწილეობა არ მიუღიათ.

სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია სსკ-ის 372-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისას, მაგრამ ამ ეტაპზე სააპელაციო პალატამ ვერ იმსჯელა საჯარო რეესტრში სადავო სახლის მესაკუთრეებად აღრიცხული პირების დავის განხილვაში ჩაბმაზე. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმით, რომ მხარეთა მიერ გასაჩივრებულია ამ საქმეზე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე 2001წ. 22 მაისის განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს 2001წ. 22 მაისის განჩინება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ არის კანონიერ ძალაში შესული.

ვ. და ქ. გ-შვილებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება. მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც აფუძნებს თავის მოთხოვნას ა. ა-ძე, სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას არ იყო კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული.

სასამართლომ არ შეაჩერა საქმის განხილვა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭა იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლის კანონიერების საკითხიც გასარკვევია და სხვა სასამართლოში არის განხილვის სტადიაში. სასამართლო პროცესზე აპელანტებმა დააყენეს შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ საქმეში მხარედ ჩაებათ გ. გ-შვილების შვილები, რომლებიც მართალია არასრულწლოვანები არიან, მაგრამ გარკვეული უფლებები გააჩნიათ სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. რის გამოც, დაინტერესებულ პირებს წაერთვათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ...ში კოლმეურნეობის არსებობის ფაქტს; ასევე არ არის მითითებული, რომ ა. ა-ძის მიერ წარმოდგენილი საბუთები მთლიანად იქნა გაბათილებული და დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ გ. გ-შვილი წასული იყო თბილისში სწავლის გამო, კომლთან კავშირის გაუწყვეტლად და იგი კომლის წევრი იყო გარდაცვალებამდე.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მ. ი-შვილმა აღიარა მისი მეუღლის კომლის წევრობა. კასატორები არასწორად თვლიან პალატის მითითებას იმის შესახებ, თითქოს არანაირად არ დგინდება კომლის წევრების მიერ სახლის ერთად აშენება, რადგან საქმეში წარმოდგენილია სათანადო ქვითრები სამშენებლო მასალების კასატორების მიერ შეძენის შესახებ და არც მ. ი-შვილი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ძირითადად სახლი დედამთილ-მამამთილის სახსრებითა და შრომით არის აშენებული. სასამართლომ გ. გ-შვილს უსაფუძვლოდ მიაკუთვნა მათი ქონება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ი-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ა. ა-ძის მოთხოვნაზე უარის თქმა. მის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ დასდებია სოფ. ...ში კოლმეურნეობის არსებობის ფაქტი და არც გ. გ-შვილის რესტორან „...ს“ დირექტორად მუშაობის ფაქტი, ამიტომ მათი არსებობა-არარსებობა გავლენას ვერ მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 პუნქტი და უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ა.ა-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო;ა. ა-ძეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება ახლად აღმოჩენილ გარემოების თაობაზე, კერძოდ ის ფაქტი, რომ სოფ. ... არ იყო კოლმეურნეობა ცნობილი იყო სასამართლოსათვის ჯერ კიდევ 1999წ. 25 მარტის გადაწყვეტილების გამოტანამდე და შესაბამისად 2000 წელს ეს ფაქტი ვერ იქნებოდა ახლად აღმოჩენილი გარემოება. კასატორი მიუთითებს, რომასევე არ არის ახალი გარემოება ის, თითქოს გ. გ-შვილი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში და მუშაობდა რესტორან „...ს“ დირექტორად, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი ცნობა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის განჩინებით მიჩნეულ იქნა ყალბ ცნობად, ამოირიცხა საქმის მასალებიდან და რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურას. ყალბი ცნობის გამოყენების ფაქტზე ა.ა-ძის და ხურციძის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.

ა. ა-ძემ შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს და მოცემული საქმის დაბრუნება განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის. ა. ა-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია უკან არ დააბრუნოს საქმე და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მეშვიდე წელია რაც წინამდებარე საქმე განიხილება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ხელახალი განხილვისათვის ამ საქმის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნება თავისთავად გამოიწვევს საქმის დასრულების გაჭიანურებას, რისი თავიდან აცილებაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეეძლო სააპელაციო სასამართლოს, მით უმეტეს, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ამის სრულ შესაძლებლობას იძლეოდა. კასატორის მითითებით, მხარეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროცესუალური ეკონომიის პრინციპის განუხრელ დაცვას სასამართლოთა მხრიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების და შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. და ვ. გ-შვილების, მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ა. ა-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მ. ი-შვილს ა. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 40000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი; იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია, ამიტომ საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს ვ. და ქ. გ-შვილების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას იპოთეკის ხელშეკრულება არ იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრირებული და სადავო საცხოვრებელი სახლის იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერების საკითხი ამჟამად სხვა სასამართლოს მსჯელობის საგანია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გარდაბნის რაიონის სოფ. ... არ არსებობდა კოლმეურნეობა 1980 წლიდან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ტაბახმელის საკრებულოს 2000წ. 23 ივლისს გაცემული ცნობით (სამოქალაქო საქმე ¹ 2/80 ს.ფ. 135). მან ასევე მიუთითა, რომ გ. გ-შვილი 1984-1999წ. 22 მაისამდე რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში; ამასთან, შპს „ექსპრეს საბინაო სერვისი ფიქრის გორა 93-ის“ მიერ გაცემული 2000წ. 19 სექტემბრის ცნობით ირკვევა, რომ გ. გ-შვილი საბინაო წიგნის მონაცემებით 1984 წლიდან 1996წ. 27 თებერვლამდე ცხოვრობდა თბილისში, ... დაუსაბუთებელია ასევე მ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არის სათანადოდ დადასტურებული და კვლავ სადავოა აწ გარდაცვლილი გ. გ-შვილი რესტორან „...ს“ დირექტორად რომ მუშაობდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვით მ. ი-შვილმა სასამართლოს წარუდგინა აწ გარდაცვლილი გ. გ-შვილის წრომის წიგნაკის ასლი, რომელშიც მითითებულია, რომ მ. გ-შვილი 1991წ. 16 მაისიდან გადაყვანილია რესტორან „...ს“ დირექტორად და სამსახურიდან საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა 1995წ. 10 ოქტომბერს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, ეს გარემოებები ცნობილი რომ ყოფილიყო დავის განმხილველ სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვა შინაარსის გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, სასამართლო არ გააუქმებდა მ. ი-შვილის სახელზე ნოტარიუსის მიერ 1998წ. 30 სექტემბერს გაცემულ საკუთრების უფლების და მემკვიდრეობის მოწმობებს. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად გამოიყენა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენეილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამიტომ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქ. და ვ. გ-შვილების, მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარს იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა ახლად აღმოჩენილ გარემოებად ა.ა-ძის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ. და ქ. გ-შვილების მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მ. ი-შვილი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სადავო სახლი დედამთილ-მამამთილის სახსრებითა და შრომით არის აშენებული, ამიტომ სასამართლომ გ. გ-შვილს უსაფუძვლოდ მიაკუთვნა მათი ქონება. სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრულია უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის წესი. ამ ნორმის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კასატორებმა კი სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს სადავო საცხოვრებელ სახლზე ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1998წ. 29 სექტემბრის ¹478 სარეგისტრაციო მოწმობის და ცნობა-დახასიათების თანახმად, გარდაბნის რაიონის სოფ. ... 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია გ. გ-შვილის საკუთრებად. მას საკუთრებაში გადაეცა 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი, 1997წ. 7 მარტის ¹9577 მიღება-ჩაბარების აქტით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა დადგენილად, რომ არც სახლი და არც მიწის ნაკვეთი გ. გ-შვილს არ გადაუცია კომლის საკუთრებად და ირიცხებოდა მის სახელზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა ვ. და ქ. გ-შვილების მოთხოვნა მ. ი-შვილზე გაცემული კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმებისა და გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კომლის საკუთრებად დატოვების შესახებ, უსაფუძვლოდ.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. ა-ძის დამოუკიდებელი სარჩელის – გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ი-შვილზე აღრიცხვის და ამ სახლის აუქციონის წესით, სესხის დაფარვის მიზნით რეალიზაციის საკითხის განხილვა უშუალოდ ეხება ქ. და გ. გ-შვილების ინტერესებს, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო სახლის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას კანონით დადგენილი წესის დაცვით მონაწილეობა არ მიუღიათ. სააპელაციო პალატამ ვერ იმსჯელა ზემოაღნიშნული პირებისდავის განხილვაში ჩაბმაზე, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 22 მაისის განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ არის კანონიერ ძალაში შესული. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ამ პირთა მონაწილეობის მისაღებად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას, რადგან 1991წ. 13 ნოემბერს დაბადებული გ. გ-შვილის და 1993წ. 15 თებერვალს დაბადებული ქ. გ-შვილის კანონიერი წარმომადგენელი _ დედა მ. გ-შვილი მოპასუხედაა ჩართული მოცემულ დავაში და მით უფრო მას შეეძლო თავისი შვილების ინტერესების დაცვა სასამართლოში. საკასაციო პალატა თვლის, რომ დასაბუთებულია ა. ა-ძის შეგებებული საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისათვის დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში დაბრუნებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რამდენიმე წელია, რაც მოცემული საქმე განიხილება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება კვლავ გამოიწვევს ამ დავის საბოლოო გადაწყვეტის გაჭიანურებას, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა განეხილა მოცემული დავა არსებითად და საქმეზე მიეღო გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. და ვ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ა.ა-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინება ა. ა-ძის დამოუკიდებელი სარჩელის ხელახალი განხილვისათვის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელი.

მხარეთათვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.