გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-959-1194-04 3 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „თ.-მა“ მოპასუხეების: ვ. ჩ.-ის და შპს „ჰ.-ის“ მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში სესხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2000წ. 4 ოქტომბერს სს „თ.-სა“ და ფიზიკურ პირ ვ. ჩ.-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ვ.ჩ.-ის სახელზე გაიცა სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით 2000წ. 25 დეკემბრამდე 24%-იანი წლიური სარგებლით. ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებულ იქნა საურავი 0,35%-ის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, ვ.ჩ.-მა 13000 აშშ დოლარი გაიტანა ნაღდი ფულის სახით, 538 აშშ დოლარით დაიფარა მის მიერ 2000წ. 27 აპრილს გატანილი სესხი 500 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი _ 38 აშშ დოლარი, 1462 აშშ დოლარით კი ჩამოიწერა ¹დ-00-0049 საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული სესხის პროცენტი. სესხის უზრუნველსაყოფად სს „თ.-სა“ და ვ. ჩ.-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ... მდებარე შპს „ჰ.-ის“ საკუთრებაში არსებული საოფისე ფართი. ბანკის განმარტებით, ვ. ჩ.-მა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და აღებული სესხიდან დაფარა მხოლოდ 1462 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხე ვ.ჩ.-ს დაკისრებოდა სს „თ.-ის“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის _ 15000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის _ 3136 აშშ დოლარის, სულ _ 1836 აშშ დოლარის გადახდა თბილისში, ... მდებარე საოფისე ფართის რეალიზაციის გზით.
მოპასუხე შპს „ჰ.-მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მხარის განმარტებით, შპს „ჰ.-სა” და სს „თ.-ს“ შორის 1997წ. 14 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება 275000 აშშ დოლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ, რითაც შპს „ჰ.-ს“ უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი კარკასულ მდგომარეობაში ... ბანკმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 1998წ. 30 სექტემბრამდე გამოყო მხოლოდ 189136 აშშ დოლარი და მსესხებელი ჩააყენა კრიტიკულ მდგომარეობაში, რადგან საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მთლიანად შეჩერდა. 2000წ. 24 მარტს შპს „ჰ.-სა“ და სს „თ.-ს“ შორის დამატებით გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბანკს 2000წ. 24 მარტიდან 2000 15 ივლისამდე შპს „ჰ.-ისათვის“ უნდა მიეცა 45865 აშშ დოლარის კრედიტი წელიწადში 12%-ის სარგებლის დარიცხვით. იმავე დღეს 45865 აშშ დოლარი ჩაირიცხა შპს „ჰ.-ის“ ანგარიშზე, მაგრამ მსესხებლისათვის შეუტყობინებლად და მისი ნებართვის გარეშე, ბანკმა თანხა თვითნებურად ჩამოწერა, რითაც ბანკმა დაფარა მხარეთა შორის არსებული ადრინდელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყოფილი კრედიტის სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო თანხები. შეგებებული სარჩელის დაზუსტების შემდეგ, შპს „ჰ.-მა“სკ-ის 861-ე მუხლის და „უნაღდო ანგარიშსწორების წესების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, სს „თ.-ისაგან“ მოითხოვა 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45865 აშშ დოლარის, 2000წ. 24 მარტიდან 2001წ. 6 მარტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ 347 დღეზე 0,5%-ის _ 79575 აშშ დოლარის, ანუ 2001წ. 6 მარტის მდგომარეობით სულ 125440,7 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ გადახდა. ასევე, შპს „ჰ.-მა“ მოითხოვა სკ-ის 442-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 444-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების ვალდებულებების გაქვითვა და საბოლოოდ მოპასუხისათვის 107304,7 აშშ დოლარის დაკისრება.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ვ. ჩ.-ს სს „თ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 18136 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე შპს „ჰ.-ის“ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის _ ქ.თბილისში, ... მდებარე 365 კვ.მ საოფისე ფართის აუქციონის წესით რეალიზაციის გზით. შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ.-ის“ წარმომადგენელმა ვ.გ.-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, ასევე გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მარტის განჩინება შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელის მიღების შესახებ და შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა მიღებაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2000წ. 4 ოქტომბერს სს „თ.-სა“ და მოპასუხე ფიზიკურ პირ ვ. ჩ.-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹დ-00-0049, რომლითაც ბანკმა ვ.ჩ.-ის სახელზე გასცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით 2000წ. 25 დეკემბრამდე, წლიური 24%-იანი განაკვეთით. ვ. ჩ.-მა 2000წ. 4 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ვ.ჩ.-ის მიერ აღებული კრედიტის, მასზე დარიცხული პროცენტების, ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის და გადაუხდელობით გამოწვეული ხარჯების ასანაზღაურებლად, შპს „ჰ.-ის“ 80%-ანი წილის მფლობელი ვ. ჩ.-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა შპს „ჰ.-ის“ კუთვნილი საოფისე ფართი მდებარე თბილისში, ... აღნიშნული თვით მოპასუხე ვ.ჩ.-მა და მისმა წარმომადგენელმაც არ უარყვეს და სს „თ.-ის სარჩელი ცნეს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნულ ნაწილში დავის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 319-ე მუხლი, სსკ-ის მე-3-4 და 131-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 189-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სს „თ.-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ.ჩ.-მა დაარღვია 2000წ. 4 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების პირობები და აღარ დაუბრუნა არც სესხად მიღებული თანხა და არც საპროცენტო თანხები. მოსარჩელე სს „თ.-ის“ სასარჩელო მოთხოვნა იყო მის სასარგებლოდ ფიზიკური პირის _ ვ. ჩ.-ის მიერ 18136 აშშ დოლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული, შპს „ჰ.-ის“ კუთვნილი და ქ.თბილისში ... მდებარე საოფისე ფართის იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია. სს „თ.-მა“ მოვალის ფიზიკურ პირ ვ. ჩ.-თან ერთად საქმეზე მოპასუხე შპს „ჰ.-იც“ დაასახელა, ვინაიდან ამ უკანასკნელის უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით ვ.ჩ.-ის კრედიტის უზრუნველსაყოფად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სს „თ.-ისათვის“ მის სასარგებლოდ თანხის დაკისრების შესახებ გამომდინარეობდა უშუალოდ ამ მხარეების ურთიერთობიდან, რასაც ფიზიკურ პირ ვ.ჩ.-სა და სს „თ.-ს“ შორის 2000წ. 4 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობასთან კავშირი არა აქვს. სააპელაციო პალატის მითითებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ვ. ჩ.-ს აპელაციის წესით არ გაუსაჩივრებია და ამდენად, გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში. შპს „ჰ.-ის“ წარმომადგენელმა ვ.გ.-ემ კი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. პალატამ დაადგინა, რომ 2000წ. 4 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება სს „თ.-თან“ დადო არა შპს „ჰ.-ის“ დირექტორმა ვ. ჩ.-მა, არამედ ფიზიკურმა პირმა ვ. ჩ.-მა. ამდენად, მითითებული ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ვალდებულება წარმოეშვა ფიზიკურ პირ ვ.ჩ.-ს და არა შპს „ჰ.-ს“. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიულ პირებს შორის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წარმოშობილი ურთიერთვალდებულების გამო შპს „ჰ.-ს“ შეუძლია, დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა სასამართლოში.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება ვ. ჩ.-მა, როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე, როგორც შპს “ჰ.-ის” დირექტორმა, გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მითითება თითქოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ჩ.-ს, როგორც ფიზიკურ პირს, არ გაუსაჩივრებია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში ვ.ჩ.-ის ადვოკატმა ვ.გ.-ემ დააფიქსირა, რომ 2003წ. 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები სადავოდ ხდიდნენ ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და საურავის ოდენობას მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხების გამოთვლის მეთოდის დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითეს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო. სააპელაციო პალატის ზემოხსენებული მსჯელობა გაურკვეველია იმიტომაც, რომ პალატამ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოთვალა 18136 აშშ დოლარიდან. ვ. ჩ.-ის სახელზე გაცემულ კრედიტთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ ბანკმა თვითნებურად განკარგა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15000 აშშ დოლარიდან 2 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს ვ.ჩ.-ის მიერ გასავლის ორდერში რეალურად 13 000 აშშ დოლარის გამოტანის ხელმოწერის დაფიქსირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, ძირითად თანხად უნდა მიჩნეულიყო 13000 აშშ დოლარი, რომელსაც უნდა დაერიცხებოდა 82 დღის პროცენტი წლიური 24%-ის გათვალისწინებით. მითითებული გამოთვლის საფუძველზე ვ.ჩ.-ს დაეკისრებოდა ბანკის სასარგებლოდ 16 851 აშშ დოლარი, თუმცა ბანკის მიერ 2000 აშშ დოლარის თვითნებურად განკარგვის გამო კასატორმა მიიჩნია, რომ მას წარმოეშვა სკ-ის 861-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა უნდა გამოკლებოდა ვ.ჩ.-ისათვის დაკისრებულ 16 851 აშშ დოლარს და სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად დაკისრებული 18 136 აშშ დოლარის ნაცვლად, ვ.ჩ.-ის აზრით, მას უნდა დაკისრებოდა 15 351 აშშ დოლარის გადახდა. ვ. ჩ.-ის განმარტებით, იგი შპს “ჰ.-ის” 80% წილის მესაკუთრეა, რის საფუძველზეც შეძლო საზოგადოების ბალანსზე რიცხული საოფისე ფართის იპოთეკით დატვირთვა, ხოლო ბანკიდან გამოტანილი 13000 აშშ დოლარიდან 12462 აშშ დოლარი მოხმარდა საზოგადოების მიერ წარმოებული მშენებლობის მუშათა ხელფასის გასტუმრებას. ამდენად, კასატორის მითითებით, აღნიშნული თანხა რეალურად შპს “ჰ.-ის” დავალიანებაა. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია სს თ.-სა” და შპს “ჰ.-ს” შორის შედგენილი ვალის ჩამოწერის აქტი, რომელიც მოიცავს 18 საკრედიტო ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა რა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, არანაირი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. შპს “ჰ.-მა” კეთილსინდისიერად გადასცა სს “თ.-ს” იპოთეკით დატვირთული თავისი საკუთარი ქონება იმ მოსაზრებით, რომ სს “თ.-ი” გადაუხდიდა შპს “ჰ.-ს” 45 865 აშშ დოლარს, რაც ოფიციალურად ანგარიშზე შეტანით განახორციელა კიდევაც, მაგრამ იმავე დღეს თვითონვე განკარგა იგი. კასატორმა მოითხოვა 18 136 აშშ დოლარის ვ.ჩ.-ისათვის დაკისრების ნაწილში ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, თითქოს ვ.ჩ.-ს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ასევე მოითხოვა სს თ.-ისათვის” 2000წ. 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 45 865 აშშ დოლარის დაკისრება, 2000წ. 24 მარტიდან 2001წ. 6 მარტამდე პერიოდში ზემოაღნიშნული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ 347 დღეზე, სულ _ 125440 აშშ დოლარის გადახდევინება, ხოლო ვალდებულებათა გაქვითვის შედეგად კასატორმა მოითხოვა, სს “თ.-ისათვის” შპს “ჰ.-ის” სასარგებლოდ 110 089 აშშ დოლარის დაკისრება, სადავო საოფისე ფართზე ყადაღის მოხსნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს “ჰ.-ის” წარმომადგენელთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ. ჩ.-ის საკასაციო პრეტენზიას, რომ საოლქო სასამართლოს უნდა ემსჯელა ვ.ჩ.-ის სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და საურავის ოდენობის უსწორობაზე. ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა სს „თ.-ის“ სარჩელი მოპასუხე ვ. ჩ.-ისათვის 18136 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საოლქო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრით ფიზიკურ პირ ვ. ჩ.-ს არ მიუმართავს. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა მოპასუხე შპს „ჰ.-ის“ სახელით მისი წარმომადგენელ ვ.გ.-ის მიერ და მოთხოვნილ იქნა შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ჩ.-ისათვის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული, ვინაიდან იგი პროცესის მხარეებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში, იგი უკანონოა და უნდა გაუქმდეს. კერძოდ, სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, სსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომელიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას. ცხადია, ამ განჩინებების უსწორობასა და მათ გაუქმებაზე მითითებული უნდა იყოს სააპელაციო საჩივარში.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად გააუქმა გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სარჩელი კანონდარღვევით იქნა მიღებული. მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „თ.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებასა და შპს „ჰ.-ის“ შეგებებული სარჩელზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ შპს „ჰ.-ის“ წარმომადგენელმა, რომელსაც შეგებებული სარჩელის მიღების კანონიერებაზე სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ჰ.-ის“ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შპს “ჰ.-ის” წარმომადგენლების ვ. ჩ.-ისა და ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება შპს “ჰ.-ის” შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.
სასამართლო ხარჯების საბოლოო განსაზღვრა მოხდეს საქმის განხილვის დამთავრებისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.