გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2005
საქმის ნომერი
ას-970-1211-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-970-1211-04 25 თებერვალი, 2005 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

შეგებებული სარჩელის საგანი: მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, გამოსახლება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში, ...... ქუჩა ¹34-ის მე-4 კორპუსში მდებარე ¹42 ბინა ირიცხებოდა საკუთრების უფლებით ა. ფ-ის სახელზე. 1992წ. 3 ნოემბერს მან სადავო ბინა აჩუქა დისშვილს _ ნ. დ-ს.

1997წ. 14 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა.

1997წ. 24 სექტემბერს ა. ფ-მა ანდერძი შეადგინა მოპასუხე ლ. ბ-ის სასარგებლოდ. ა. ფ-ი გარდაიცვალა 1998წ. 7 აპრილს. სადავო ბინას დაეუფლა ა. ფ-ის დისშვილი, მოსარჩელე ნ. დ-ი, რომელმაც სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ლ. ბ-ემ ისარგებლა ფ-ის მძიმე ავადმყოფობით და დააწერინა ანდერძი.

1998წ. 3 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. 1998წ. 9 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ გააუქმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. 1999წ. 27 იანვარს ლ. ბ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. დ-ის მიმართ მემკვიდრედ, მესაკუთრედ ცნობის, საკუთრების უფლების აღდგენისა და მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა _ ლ. ბ-ე ცნობილ იქნა მემკვიდრედ და სადავო ბინის მესაკუთრედ, ნ. დ-ი, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა. სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ. უზენაესი სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ანდერძის შედგენის მომენტში (1998წ. 7 აპრილი) სადავო ბინა ირიცხებოდა ნ. დ-ის სახელზე, სამკვიდრო ქონებაში არ შესულა სადავო ბინა. შესაბამისად, არ არსებობს ლ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 1328-ე, 1421-ე, 1404 და 172-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისში, ...... ქ. ¹34-ის მე-4 კორპუსში მდებარე ბინა ¹42 ირიცხებოდა საკუთრების უფლებით ა. ფ-ზე. 1992წ. 3 ნოემბერს ამ უკანასკნელმა სადავო ბინა აჩუქა დისშვილს _ ნ. დ-ს. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინა აღირიცხა ნ. დ-ის სახელზე. ვინაიდან, ნ. დ-ი უყურადღებობას იჩენდა ა. ფ-ის მიმართ, რომელიც საჭიროებდა მოვლა-პატრონობას, ა. ფ-მა მიმართა სასამართლოს ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. 1997წ. 14 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ნაჩუქრობის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ ა. ფ-მა 1997წ. 24 სექტემბერს შეადგინა ანდერძი, რომლითაც სადავო ბინა უანდერძა ლ. ბ-ეს. 1998წ. 7 აპრილს გარდაიცვალა ა. ფ-ი. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც გაუქმდა ნაჩუქრობის ხელშეკრულება, სადავო ბინა აღირიცხა ა. ფ-ზე, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ და დღეისათვის საკუთრების უფლებით ირიცხება ისევ ფ-ზე. ასევე დადგენილია, რომ ანდერძის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან საქმის გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე _ მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

მითითებული ნორმის თანახმად, მემკვიდრეზე მემკვიდრეობით გადადის არა მარტო ქონება, არამედ _ მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.

საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეული კერძო სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ, როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები (სკ-ის 311 მუხლი), თუ პირის სახელზე რეესტრში შეტანილია ისეთი უფლება, რომელიც ამ პირს აღარ ეკუთვნის, მაშინ პირს, რომლის უფლებები და სამართლებრივი მდგომარეობა შეილახა, შეუძლია, მოითხოვოს რეესტრის ჩანაწერის შესწორება. შესწორებაზე უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეესტრში შეტანილი არ შეესაბამებიან ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში რეესტრის უზუსტობა სწორდება იმით, რომ იგი შესაბამისობაში მოდის სამართლებრივ რეალობასთან. შეიძლება უფლებები სწორადაც იყო რეესტრში შეტანილი, მაგრამ კანონის ძალით შეიცვალა უფლების მდგომარეობა, რასაც, შესაბამისად, უნდა მოჰყვეს ცვლილებების შეტანა რეესტრშიც.

საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა აბათილებს იმ ვარაუდს, რომ რეესტრში რეგისტრირებული პირი არის უფლების მფლობელი. ჩანაწერის შესწორებით შეიძლება დადგინდეს ნამდვილი მფლობელი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან გარდაცვალების მომენტისათვის სადავო ბინა აღრიცხული იყო ნ. დ-ის სახელზე, სადავო ბინა არ შესულა სამკვიდრო ქონებაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილმა ა. ფ-მა ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმებით სიცოცხლეში დაიბრუნა სადავო ბინაზე საკუთრების უფლება, ე.ი. შეიცვალა რეესტრში შეტანილი უფლების მდგომარეობა, მაგრამ რეესტრში ცვლილებები შეტანილ იქნა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ. რეესტრში შეტანილი და ნამდვილი მდგომარეობა არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს ა. ფ-ის გარდაცვალების მომენტისათვის. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩანაწერში ცვლილებების შეტანით დადგენილია სადავო ბინის ნამდვილი მფლობელი, ე.ი. გაბათილებულია ვარაუდი, რომ გარდაცვალების მომენტისათვის რეგისტრირებული პირი _ ნ. დ-ი იყო უფლების მფლობელი, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გარდაცვალების მომენტისათვის ა. ფ-ს ჰქონდა ქონებრივი უფლება სადავო ბინაზე. ა. ფ-ს არა ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრეები. დ. ბ-ე არის ანდერძით მემკვიდრე და სამკვიდრო უნდა ჩაითვალოს მის საკუთრებად, მესაკუთრეს კი, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეუძლია მოითხოვოს სადავო ბინის უკან დაბრუნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს _ ლ. ბ-ე ცნობილ იქნეს ა. ფ-ის მემკვიდრედ და ქ. თბილისში, ......…, ბინა ¹42-ის მესაკუთრედ.

ნ. დ-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლდნენ თბილისში, ... მდებარე ¹42 ბინიდან.

შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნეს საჯარო რეესტრში.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.