დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-992-1249-04 21 თებერვალი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
დავის საგანი: მამად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ-ემ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი შვილის მამად მ. ჩ-ის ცნობა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: მხარეები იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას ჯერ ქ. ბათუმში, ხოლო შემდეგ დროებით, ქ. თბილისში. ორსულობის პერიოდში მოპასუხის დედისა და დის აქტიური ჩარევის შედეგად ცოლი ქმარმა მიატოვა და სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისში, სადაც დაიწყო მუშაობა და ფინანსურად ეხმარებოდა მეუღლეს ბავშვის დაბადებამდედა მის შემდეგაც, თუმცა მ.ჩ-მა, დედისა და დის ზეგავლენის გამო, ვერ შეძლო ბავშვისათვის გვარის მიცემა.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მან განმარტა, რომ მხარეებს არ ჰქონდა საერთო საოჯახო მეურნეობა, რის გამოც, კანონის მიხედვით, არ შეიძლება მ. ჩ-ი აღიარებულ იქნას ნ. დ-ის მამად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სარჩელი და მოპასუხე მ. ჩ-ი ცნობილ იქნა 2002წ. 24 ნოემბერს დაბადებულ ნ. დ-ის მამად.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და საქმეში არსებული მასალებით სსკ-ის 190-ე მუხლით მ. ჩ-ი ცნობილი უნდა იქნეს ბავშვის მამად.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ი. შ-ემ.
აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატას მოცემულ საქმეზე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივიგარემოებები:
მხარეები მ. ჩ-ი და ნ. დ-ე, 2002წ. 19 თებერვლიდან 2002წ. მაისისბოლომდე, იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად ჯერ ქ. ბათუმში, შემდეგ, დროებით, ქ. თბილისში, ხოლო შემდეგ კვლავ ბათუმში. მ. ჩ-მა, ვინაიდან დედისა და დის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას, მიატოვა ორსული ნ. დ-ე და თბილისში გადავიდა სამუშაოდ, საიდანაც სისტემატურად უგზავნიდა ფულს მეუღლეს და ზრუნავდა მასზე. 2002წ. 24 ნოემბერს დაიბადა ბავშვი ნ. დ-ე, მ. ჩ-ი კვლავ აგრძელებს ზრუნვას და ფინანსურად ეხმარება მათ.
პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, საქართველოს ბანკის ბათუმის ფილიალის განყოფილების ქვითრების, მოწმეთა დაკითხვების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ი ცხოვრობდა რა ნ. დ-ესთან ერთად ბინაში, ეწეოდა ერთ საოჯახო მეურნეობას, ელოდა შვილის დაბადებას. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ბანკის ბიუროს ფილიალიდან წარმოდგენილი განაღდების ქვითრები ვალის დასაფარავადიყო განკუთვნილი, რადგანაც აპელანტს არავითარი მტკიცებულება მ. ჩ-სა და ნ. დ-ის ოჯახს შორის ვალის არსებობაზე არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1190-ე მუხლით მამობისდადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდასა და რჩენას. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია მ. ჩ-ისა და ნ. დ-ის ერთ ოჯახად ცხოვრება, აგრეთვე, ბავშვის აღზრდაზე ზრუნვაც. გარდა ამისა, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ორჯერ დაინიშნა ექსპერტიზა დნმ-ს გამოსაკვლევად, რაც არ მოხერხდა იმის გამო, რომ მ. ჩ-ი არც ერთხელ არ გამოცხადდა ექსპერტიზაზე, რაც სააპელაციო პალატას უქმნის შინაგან რწმენას მისი მამად ცნობის საკითხში.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა მათ მიერ მითითებული მოწმეები და ამით დაარღვია სსკ-ის მე-4, მე-5, 206-ე მუხლებისა და 380-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დადგენილად ჩათვალა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული. ამის გათვალისწინებით, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
თუ სკ-ის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული გარემოებებიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლით ერთ-ერთი მაინც დგინდება, სასამართლოს შეუძლია, მამობის დადგენისას მხედველობაში მიიღოს ეს გარემოება.
სააპელაციო პლატამ ბავშვის ერთად აღზრდა და რჩენა დაადგინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, საქართველოს ბანკის ბათუმის ფილიალის განყოფილების ქვითრების, მოწმეთა დაკითხვების საფუძველზე. პალატამ დასაბუთებულად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ბანკის ბიუროს ფილიალიდან წარმოდგენილი განაღდების ქვითრები ვალის დასაფარავადიყო განკუთვნილი, რადგანაც აპელანტს არავითარი მტკიცებულება მ. ჩ-სა და ნ. დ-ის ოჯახს შორის ვალის არსებობაზე არ წარმოუდგენია.
ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, მ. ჩ-ის ექსპერტიზის ცენტრში გამოუცხადებლობის გამო, ექსპერტიზა არ ჩატარდა.
კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოვიდა.
საკასაციო პლატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სსკ-ის 105-ე მუხლის დაცვით. სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა მისი შინაგანი რწმენით, სასამართლო სხდომაზე მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვით.
აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.