არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ-1213-02 3კ-1213-02 15 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 30 აგვისტოს შპს “რ.-მ" სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე სს “მ.-ს" მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 5336000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ 2002წ. 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხის უძრავ-მორავი ქონებაზე ყადაღის დადება, მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ სასამართლოში საქმის დასრულებამდე შესაძლოა გაასხვისოს თავისი ქონება, რაც შემდგომ შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და 2002წ. 16 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა; ყადაღა დაედო სააქციო საზოგადოება “მ.-ს" უძრავ-მოძრავ ქონებას (გარდა ნედლეულისა), მდებარე მცხეთის რაიონის დაბა ქსანში.
სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 191-ე, 193-ე, 194-ე და 198-ე მუხლებზე.
სს “მ.-მ" კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი 2002წ. 16 სექტემბრის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კომპანიას, რადგან 19 სექტემბერს დაგეგმილია ახალი საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და ქონებაზე ყადაღის დადებამ შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების ხელმოწერის ჩაშლა, რაც მილიონობით ლარის ზიანის მიაყენებს კომპანიას.
თბილისის საოლქო საამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება შეჩერდა კერძო საჩივრის განხილვამდე. სასამართლომ კერძოO საჩივარი განიხილა 2002წ. 23 სექტემბერს და იმ საფუძვლით, რომ კერძო საჩივარს თან არ ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულებები, მიიჩნია იგი დაუსაბუთებლად, რის გამოც არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ სს “მ.-ს" კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში აღძრული საქმის დასრულებამდე, მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს თავისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, რაც შემდგომში შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ საქმის დასრულებამდე შესაძლოა გაასხვისოს ქონება, მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთ გარემოებად, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მართებულად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაადო მოპასუხის ქონებას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანის მიაყენოს კომპანიას, რადგან მოპასუხის მიერ აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნა დასაბუთებული. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქონებაზე ყადაღის დადების მიზანია სარჩელის განხილვის პერიოდში არ გასხვისდეს ან არ დაზიანდეს ქონება, რაც არ ნიშნავს, რომ მოპასუხეს ეკრძალება ამ ქონებით სარგებლობა. ამდენად, უძრავ-მოძრავი ქონებაზე ყადაღის დადება მოპასუხის საწარმოს ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის, რის გამოც კერძო საჩივრის მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “მ.-ს" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.