გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹3კ-337-01 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინის ქირის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში ...... ¹5-ში მდებარე სახლში სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ა. გ-ის სახელზე.
აღნიშნული სახლი აღებულ იქნა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ვ-ას” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით.
საბინაო ამხანაგობამ “ვ-ამ” ხელშეკრულებით ივალდებულა, რომ ა. გ-ის ოჯახს მშენებარე სახლში დააკმაყოფილებდა ოთხოთახიანი ბინით, ხოლო მშენებლობის დამთავრებამდე ქალაქის ცენტრში დაუქირავებდა სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინას.
ერთი წლის განმავლობაში ამხანაგობა “ვ-ას” თავმჯდომარე ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, შემდგომში კი ა. გ-ს შეუწყვიტა ბინის ქირის გადახდა.
1995წ.წ. აპრილიდან 1999წ. ივლისამდე ა. გ-ი, მისი ქალიშვილი ე. გ-ი, შვილიშვილი ნ. ხ-ი და ე. გ-თან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფი თ. ფ-ე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში ...... ქ. ¹105-ში ე. ტ-ის კუთვნილ ბინაში.
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის სარჩელი ამხანაგობა “ვ-ას” მიმართ ბინის ქირის გადახდევინების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9040 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.
1998წ. დეკემბერში ა. გ-მა კვლავ შეიტანა სარჩელი ამხანაგობა “ვ-ას” მიმართ მის სახელზე მშენებარე ოთხოთახიანი ბინის თ. წ-ზე, გასხვისების ნებართვის მიცემისა და 1998წ. 1 აპრილიდან ბინის ქირის სახით თვეში 400 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ.
მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. წ-ზე ბინის გასხვისების ნებართვის მიცემის ნაწილში, ხოლო ბინის ქირის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა “ვ-ამ”. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად ა. გ-მა უარი განაცხადა მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ვ-ზე” დაკისრებული 9040 აშშ დოლარის და შემდგომი პერიოდის ბინის ქირის მიღებაზე. ა. გ-ს ნება დაერთო, რომ მშენებარე ბინა გაესხვისებინა თ. წ-ზე. ამხანაგობა “ვ-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა.
1997 წელს გარდაიცვალა ე. გ-ი.
1999წ. აგვისტოში ე. ტ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. გ-ის, ნ. ხ-ის და თ. ფ-ის მიმართ ბინის ქირის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს საბინაო-საამშენებლო ამხანაგობა “ვ-დან” თანხების მიღების შემდეგ ბინის ქირის დავალიანების დაფარვის თაობაზე მიცემული დაპირება.
სასარჩელო განცხადებაში არ არის განსაზღვრული სარჩელის ფასი და ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის ოდენობა. სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოითხოვა 14000 აშშ დოლარის გადახდევინება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ბინაში შესახლდნენ ე. ტ-ის ვაჟიშვილის ნ. ტ-ის თხოვნით; სანაცვლოდ მათ იკისრეს ვალდებულება, რომ მოუვლიდნენ ე. ტ-ს და ნ. ტ-ის შვილს უფასოდ ჩაუტარებდნენ მუსიკის გაკვეთილებს.
სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე გარდაიცვალა ა. გ-ი, რის შემდეგ მოპასუხეებად დარჩნენ ნ. ხ-ი და თ. ფ-ე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა და თ. ფ-ემ, რომლებმაც ითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და უარის თქმა სარჩელზე. E
ე. ტ-ის წარმომადგენელმა ნ. ტ-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ფ-ის და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ტ-ს უარი ეთქვა სარჩელზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ-ის წარმომადგენელმა ნ. ტ-მა.
2001წ. 23 აპრილის გარდაიცვალა კასატორი ე. ტ-ი. საკასაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის განჩინებით საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმული იქნა გარდაცვლილის კანონისმიერი მემკვიდრე ნ. ტ-ი.
ნ. ტ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება მოპასუხეების მიერ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ვ-დან” ბინის ქირის თანხის მიღებისა და სადავო ბინაზე ქირის გადახდის ვალდებულების არსებობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოება გამო:
დადგენილია, რომ მოპასუხეების ოჯახი 1995წ. აპრილიდან 1999წ. ივლისამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში ...... ქ. ¹105-ში ტ-ის კუთვნილ ბინაში.
მხარეებს შორის გარიგება ბინის ქირავნობის თაობაზე წერილობითი ფორმით არ დადებულა.
სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ქონების ქირავნობის ხელშეკრულება მოქალაქეთა შორის ერთ წელზე მეტი ვადით უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. Aამავე კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით კანონით დაწესებული ფორმის დაუცველობა უსპობს მხარეებს უფლებას, რომ დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაეყრდნონ მოწმეთა ჩვენებებს. არ უსპობს მათ უფლებას წარმოადგინონ წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო კანონში პირდაპირ მითითებულ შემთხვევებში იწვევს გარიგების ბათილობას, ამ კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგებით.
ქირავნობის ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონის ნორმა არ ითვალისწინებს წერილობითი ფორმის დაუცველად დადებული გარიგების ბათილად ცნობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავაში და თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 1998წ. 31 მარტს განხილულ საქმეში სხვადასხვა მხარეები მონაწილეობენ; აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს არ გააჩნიათ სსკ-ს 106-ე მუხლით განსაზღვრული პრეიუდიციური ძალა. Aამავე დროს სააპელაციო პალატამ სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ ჩათვალა წერილობით მტკიცებულებად, რითაც არასწორად განმარტა სკ-ს 134-ე მუხლი.
მეორე ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 17 აპრილის განჩინებით დადგენილ გარემოებებზე.
1999წ. 5 ივლისის თარიღით შედგენილი ხელწერილის თანახმად ნ. ტ-მა ნ. ხ-ისაგან ბინის ქირის ანგარიშში მიიღო 1500 აშშ დოლარი. ხელწერილში მითითებულია, რომ ნ. ტ-ის ნ. ხ-ისა და მისის ოჯახის მიმართ არ აქვს და არც მომავალში ექნება რაიმე პრეტენზია.
სხდომის ოქმის მიხედვით ხელწერილი მოპასუხე თ. ფ-ის მიერაა შედგენილი, რომელზეც არ არის ნ. ტ-ის ხელმოწერა. სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რა მიზნით იქნა შედგენილი აღნიშნული ხელწერილი.
სააპელაციო პალატის მიერ არ არის შეფასებული მითითებული მტკიცებულებები, რითაც დარღვეულია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა.
იმ შემთხვევაში, თუ საქმის ხელახლა განმხილველი სასამართლო ჩათვლის დადასტურებულად, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, განსაზღვრული უნდა იქნეს ყოველთვიურად გადასახდელი ბინის ქირის ოდენობა.
მოსარჩელე ითხოვს 56 თვის ბინის ქირის დაკისრებას. სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე, მოთხოვნის ნაწილზე არის თუ არა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აწ გარდაცვლილი ე. ტ-ი უფლებამონაცვლის ნ. ტ-ი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.